სექტემბერში, დიზელი წლიურად 54%-ით გაძვირდა, ბენზინი - 30%-ით | საქსტატი
საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 5.6% შეადგინა. ფასების ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა საწვავის გაძვირებამ მოახდინა: დიზელი 54%-ით, ხოლო ბენზინი 30%-ით გაძვირდა. ასევე გაიზარდა ფასები სურსათზე, საცხოვრებელსა და ჯანმრთელობის დაცვაზე, ხოლო განათლების მიმართულებით ფასები შემცირდა.

საქსტატმა 2026 წლის სექტემბრის ინფლაციის დეტალური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საწვავის ფასის ზრდამ წლიურ ინფლაციაში 2.2 პროცენტული პუნქტის გავლენა მოახდინა. მთლიანობაში სექტემბერში ინფლაცია 5.6%-ს შეადგენდა.
საქსტატის თანახმად, ყველაზე დიდი გავლენა ფასების ზრდაზე საწვავის გაძვირებამ მოახდინა - ბენზინი წლიურად 30%-ით, დიზელი კი 54%-ით არის გაძვირებული.
რაც შეეხება სხვა ჯგუფებს, მათში ფასების ცვლილება ასეთი იყო:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.4%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.24 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (18.1%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9%), პური და პურპროდუქტები (6.9%), ზეთი და ცხიმი (4.8%), ყავა, ჩაი და კაკაო (4.6%), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.4%). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-4.3%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-0.7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (-0.6%);
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 9.2%-ით, რაც 0.89 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ფაქტობრივი გადასახადი საცხოვრებელზე (10.9%), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (10.5%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (9.8%);
ჯანმრთელობის დაცვა: მოცემულ პერიოდში ჯგუფში ფასები გაიზარდა 8%-ით, რაც ჯამურ ინფლაციაზე 0.66 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (11.5%), სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (8.8%);
განათლება: ჯგუფში ფასები შემცირდა 12.5%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში -0.55 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები შემცირდა უმაღლეს განათლებაზე (-32.9%). ამასთან ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: სკოლამდელი და დაწყებითი განათლება (7%), დონით განუსაზღვრელი განათლება (6.8%) და საშუალო განათლება (6.6%).
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.