"ეს არის სწორედ შეფასება იმისა, რასაც აკეთებს ოპოზიციური პარტია და აგენტურული ქსელი ჩვენს ქვეყანაში" - რიმა ბერაძე IRI-ის კვლევაზე
IRI-ის სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომლებიც სოციალურ ქსელში არაოფიციალურად გავრცელდა, პოლიტიკური შეფასებების საგანი გახდა. მმართველი გუნდის წარმომადგენლის, რიმა ბერაძის განცხადებით, მმართველი პარტიის მაღალი რეიტინგი და ოპოზიციის დაბალი მაჩვენებლები სწორი პოლიტიკის შედეგია, ხოლო ოპოზიციის ქმედებები ქვეყანაში არეულობას ისახავს მიზნად. ოპოზიციურმა პარტიებმა კვლევის შესახებ ინფორმირებულობა თავიდან უარყვეს, თუმცა მოგვიანებით ნაწილმა დაადასტურა.

IRI-ის კვლევა კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემაა. "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარის შემდეგ, პარტიის უკვე სხვა წევრებიც ადასტურებენ, რომ IRI-ის კვლევებთან დაკავშირებით ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა რამდენიმე დღის განმავლობაში ოპოზიციურ პარტიებში საწინააღმდეგოს ამტკიცებდნენ.
ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში თინა ბოკუჩავამ კითხვაზე თავის არიდებით ფაქტობრივად დაადასტურა, რომ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის რეიტინგებზე ოპოზიცია ინფორმირებული იყო. გამოაქვეყნებს თუ არა ორგანიზაცია კვლევის შედეგებს - "კურიერმა" IRI-ის ევრაზიის წარმომადგენლობას წერილითაც მიმართა, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.
პარტიების რეიტინგები არაოფიციალურად სოციალურ ქსელში გავრცელდა. კვლევის მიხედვით, ოპოზიციურ პარტიებს მხოლოდ 1 ან 2 პროცენტი აქვთ, ყველას ერთად კი, 16 პროცენტი. "ქართული ოცნების" შედეგი ალოკაციის გარეშე 36 პროცენტია, ალოკაციით კი 55.
მმართველი გუნდის შეფასებით, ეს შედეგი არის ისტორიული და მათი სწორი პოლიტიკის დამსახურება.
"ქართულ ოცნებას" აქვს 36%, ხოლო ალოკაციით 55%, ხოლო დანარჩენ ოპოზიციას აქვს 16%. ეს არის სწორედ შეფასება იმისა, რასაც აკეთებს ოპოზიციური პარტია და აგენტურული ქსელი ჩვენს ქვეყანაში, რადგან მათ სურთ რევოლუცია, მათ სურთ არეულობა და ქვეყანაში, რა თქმა უნდა, არ უხარიათ ის, რომ 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა გვაქვს," - აღნიშნა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, რიმა ბერაძემ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.