ოპოზიციამ IRI-ის კვლევა დამალა - მმართველ გუნდში ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" შედეგებით ისტორიულ მაქსიმუმზეა, ოპოზიცია კი ისტორიულ მინიმუმზე
არაოფიციალური წყაროებით გავრცელებული IRI-ის კვლევის მიხედვით, მმართველი პარტიის მხარდაჭერა ისტორიულ მაქსიმუმზეა, ხოლო ოპოზიციის ჯამური შედეგი 16 პროცენტს შეადგენს. მმართველი გუნდის განცხადებით, ოპოზიციამ კვლევა შეგნებულად დამალა, რადგან შედეგი მათთვის კატასტროფული იყო. ოპოზიციის ნაწილი კვლევის შედეგებს და ორგანიზაციასთან კავშირს უარყოფს.

რა დაუკვეთეს და რა მიიღეს? - ჯამში 16 პროცენტი. ეს ოპოზიციის საერთო შედეგია IRI-ის იმ კვლევის მიხედვით, რომელიც არაოფიციალური წყაროებიდან გავრცელდა. ამ მონაცემით, ოპოზიციური პარტიები 1 ან 2 პროცენტიანები არიან, 5 პროცენტიან ბარიერს აღწევს მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა".
სააკაშვილის პარტია კვლევით უკმაყოფილოა. არადა გამოკითხვის ჩატარებას საერთაშორისო ორგანიზაციას როგორც წესი, ოპოზიცია თავადვე უკვეთავს და ორგანიზაციაც კვლევის გამოქვეყნებამდე მას წინასწარ ჯერ დამკვეთებს უგზავნის. ამის მიუხედავად, დღეს ყველა ერთხმად ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ IRI-სთან მათ კავშირი არ ჰქონდათ და კვლევასთან დაკავშირებით ინფორმირებულები არ იყვნენ. ისტორიულად ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე, რომელიც სოცქსელში გავრცელდა, ხელისუფლების ოპონენტები პასუხს ახლა საერთაშორისო ორგანიზაციისგან ითხოვენ.
ამ მონაცემით, IRI-ის კვლევაში მმართველი პარტიის მხარდაჭერა ისტორიულ მაქსიმუმზეა. ალოკაციით 55%, ალოკაციის გარეშე 36%. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ორგანიზაციას ეს მონაცემი მათთვის აქამდე არც ერთ კვლევაში არ დაუწერია. თუმცა მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების ეროვნული და ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის გათვალისწინებით, შედეგი ლოგიკურია.
როგორც ჩანს, სწორედ ამ მიზეზით არ გასაჯაროვდა კვლევა, რომლის ჩამონათვალშიც არც "ლელოა" და არც "ფედერალისტები", რადგან გამოკითხვის თანახმად, ამ პარტიების მხარდაჭერა 1 პროცენტიან ზღვარს ქვემოთ არის. რატომ დამალეს ინფორმაცია? - დაპირისპირება ამ საკითხზე სწორედ თამარ ჩერგოლეიშვილსა და სანდრო რაქვიაშვილს შორის მოხდა. რაქვიაშვილი ერთ-ერთი იყო, ვინც ღიად თქვა, რომ ოპოზიციის დაბალი რეიტინგი პარტიების ცრუ დაპირებების და ყალბი პოლიტიკის შედეგია..
უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ოპოზიციამ ეს სკანდალური კვლევა შეგნებულად დამალა, რადგან შედეგი მისთვის კატასტროფული აღმოჩნდა. მათი თქმით, გამოკითხვის შედეგებით დადასტურდა ის, რომ ოპოზიციას პოლიტიკურ ველზე პულსი აღარ ესინჯება. საზოგადოება კი წლებია ობიექტურად აფასებს მოვლენებს.
კონკრეტულად რომელმა პარტიებმა დაუკვეთეს კვლევა და როდის? - ამ კითხვით "კურიერმა" კვლევის ავტორს, IRI-საც მიმართა. დავინტერესდით, როდის გამოქვეყნდება დოკუმენტის სრული ვერსია.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.