ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

EU-ს ბაზარი კანდიდატებისთვის – მორიგი ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა საქართველოსთვის?

ევროკომისიის ახალი სამუშაო დოკუმენტის პროექტი კანდიდატი ქვეყნების ევროკავშირის ერთიან ბაზარზე, პროგრამებსა და ინსტიტუტებში ეტაპობრივ ინტეგრაციას ითვალისწინებს. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა და მოლდოვა მაგალითებად სახელდებიან, დოკუმენტში საქართველო ნახსენები არ არის, რადგან ქვეყანას მოლაპარაკებები არ დაუწყია.

EU-ს ბაზარი კანდიდატებისთვის – მორიგი ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა საქართველოსთვის?
EU-ს ბაზარი კანდიდატებისთვის – მორიგი ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა საქართველოსთვის?ტაბულა

გაფართოების პოლიტიკის გადახედვის შესახებ ევროკომისიის სამუშაო დოკუმენტის პროექტი, რომლის ტექსტიც ტაბულამ მოიპოვა, ევროკავშირში კანდიდატი ქვეყნების გაწევრიანებამდე მათთვის ბლოკის ერთიან ბაზარზე, პროგრამებსა და ინსტიტუციურ პროცესებში ეტაპობრივ ჩართვას ითვალისწინებს.

შესაძლებლობები თითოეული ქვეყნის მზადყოფნაზე, რეფორმების პროგრესსა და ევროკავშირთან არსებულ სამართლებრივ ჩარჩოზე იქნება დამოკიდებული.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის ამ ნაწილში საქართველო ნახსენები არ არის, უკრაინა და მოლდოვა კი ეტაპობრივი ინტეგრაციის არსებული და შესაძლო ფორმების მაგალითებად სხვადასხვა მიმართულებით არაერთხელ არის დასახელებული.

"ეტაპობრივი ინტეგრაცია გაფართოების პროცესის ცენტრალურ ინსტრუმენტად უნდა იქცეს. სანამ ევროკავშირი უფრო ფართო წევრობისთვის ემზადება, კანდიდატი ქვეყნები, წევრობის პირობების შესრულების პარალელურად, თანდათან უნდა ჩაერთონ ევროკავშირის პოლიტიკაში, პროგრამებსა და ინსტიტუტებში. ეს დააჩქარებს რეფორმებს, გააძლიერებს დაახლოებას და უზრუნველყოფს, რომ გაწევრიანებისთვის როგორც ევროკავშირი, ისე კანდიდატი ქვეყნები უკეთ იყვნენ მომზადებული.

ეტაპობრივი ინტეგრაცია ავსებს, მაგრამ არ ანაცვლებს მკაცრ, დამსახურებაზე დაფუძნებულ გაწევრიანების პროცესს. ის არც წევრობის ალტერნატიულ გზას არ ქმნის." – ვკითხულობთ დოკუმენტში.

რა იცვლება?

დოკუმენტში მთავარ ეკონომიკურ პრიორიტეტად ევროკავშირის ერთიან ბაზარში კანდიდატი ქვეყნების ეტაპობრივი ინტეგრაციაა დასახელებული.

"ერთიანი ბაზარი კვლავ ევროკავშირის ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტია კეთილდღეობისა და ეკონომიკური დაახლოების ხელშეწყობისთვის. შესაბამისად, ეტაპობრივმა ინტეგრაციამ პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს სფეროებს, რომლებიც აძლიერებს კონკურენტუნარიანობას, ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და მდგრად ევროპულ ღირებულებათა ჯაჭვებს, ამავე დროს კი კანდიდატ ქვეყნებს შიდა ბაზარზე სრულფასოვანი მონაწილეობისთვის ამზადებს.

პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს კრიტიკულ ტექნოლოგიებს, სამრეწველო ეკოსისტემებს, ფინანსურ ინტეგრაციასა და მდგრად მიწოდების ჯაჭვებს. არსებული გზები, მათ შორის, Horizon Europe-ში, საერთო ევროპული ინტერესის მნიშვნელოვან პროექტებსა და ერთიან ევროგადახდების სივრცეში მონაწილეობა, კანდიდატი ქვეყნების მზადყოფნის ზრდის პარალელურად უნდა გაფართოვდეს." – წერია დოკუმენტში.

ამას გარდა, ევროკომისია კლიმატის მართვაში, ემისიებით ვაჭრობაში, ციფრულ პროგრამებსა და კიბერუსაფრთხოების ინიციატივებში კანდიდატი ქვეყნების უფრო ფართოდ ჩართვასაც განიხილავს.

დოკუმენტში განსაკუთრებით გამოყოფილია განახლებადი ენერგია, ხელოვნური ინტელექტი, დაცული ციფრული ინფრასტრუქტურა, სატრანსპორტო და ენერგეტიკული ქსელები, გადახდის სისტემები, ციფრული საჯარო მომსახურებები და საზღვრისპირა ინფრასტრუქტურა.

ამავდროულად, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წამოწყებული სრულმასშტაბიანი ომის ფონზე, კომისიის პროექტში უსაფრთხოება და თავდაცვა უფრო ღრმა ეტაპობრივი ინტეგრაციის ერთ-ერთ მოწინავე მიმართულებადაა დასახელებული.

"უსაფრთხოება და თავდაცვა უფრო ღრმა, ეტაპობრივი ინტეგრაციის პირველ პრიორიტეტებს შორის უნდა იყოს. რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ ევროპის უსაფრთხოების გარემო ძირეულად შეცვალა, რის გამოც კანდიდატ ქვეყნებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა სტრატეგიულ აუცილებლობად იქცა. ადრეული მონაწილეობა აძლიერებს როგორც კანდიდატი ქვეყნების მზადყოფნას წევრობისთვის, ისე თავად ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის მზადყოფნას." – წერია ტაბულას მიერ ნანახ დოკუმენტში.

შემუშავებული ინიციატივის ფარგლებში, თანამშრომლობა შეიძლება მოიცავდეს კიბერუსაფრთხოებას, ჰიბრიდული საფრთხეებისადმი მდგრადობას, სამხედრო მობილობას, ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის მისიებში მონაწილეობასა და ევროპულ თავდაცვის ინდუსტრიაში უფრო ფართო ჩართვას. დოკუმენტის თანახმად, ეს თანამშრომლობა ევროკავშირის ინსტიტუციურ ჩარჩოს სრულად უნდა შეესაბამებოდეს და NATO-ს საქმიანობას ავსებდეს.

პროექტი კანდიდატებისთვის ევროკავშირის ინსტიტუტებში, სააგენტოებსა და პოლიტიკის შემუშავების პროცესებში ეტაპობრივად უფრო ფართო მონაწილეობის მიღების შესაძლებლობასაც მოიცავს.

"როგორც კანდიდატი ქვეყნები თანდათან იღებენ წევრობის ვალდებულებებს, პოლიტიკის ინტეგრაციას თან უნდა ახლდეს ევროკავშირის ინსტიტუტებში, სააგენტოებსა და პოლიტიკის შემუშავების პროცესებში თანდათან უფრო მჭიდრო მონაწილეობა. ამან უნდა გააძლიეროს ადმინისტრაციული შესაძლებლობები, ხელი შეუწყოს ევროკავშირის კანონმდებლობის პრაქტიკულ გამოყენებას და ეროვნული ადმინისტრაციები გაწევრიანებამდე ევროკავშირის მუშაობის მეთოდებს გააცნოს." – წერია დოკუმენტში.

ვის შეეხება ცვლილებები?

ევროკომისია ყველა კანდიდატისთვის ერთიანი მოდელის შემოღებას არ გეგმავს. ინტეგრაციის ფორმა თითოეული ქვეყნის მზადყოფნას, გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების ეტაპსა და იმ სფეროებს უნდა მოერგოს, რომლებშიც ადრეული მონაწილეობა ყველაზე მეტ სარგებელს მოიტანს.

პროექტის მიხედვით, მონტენეგროსა და ალბანეთისთვის პრიორიტეტად გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დასრულება რჩება. სხვა ქვეყნებისთვის კი ეტაპობრივი ინტეგრაცია ეკონომიკური დაახლოების, პოლიტიკური თანამშრომლობის გაძლიერებისა და რეფორმების დასრულებამდე ხელშესახები სარგებლის მიღების უფრო სწრაფ გზად განიხილება.

საქართველოსთვის ეს მიდგომა ერთდროულად შესაძლებლობასაც ქმნის და შეზღუდვასაც. ასოცირების შეთანხმება და ყოვლისმომცველი და ღრმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (DCFTA) შესაძლოა, ერთიანი ბაზრის ცალკეულ სფეროებში უფრო ღრმა ჩართვის სამართლებრივი საფუძველი გახდეს.

თუმცა, კანდიდატის სტატუსის ქონა თავისთავად საკმარისი არ იქნება, ვინაიდან საქართველოს ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები არ დაუწყია და ბრიუსელი მის გაწევრიანების პროცესს დე ფაქტო შეჩერებულად აფასებს.

შესაბამისად, საქართველო არ იმყოფება იმავე მდგომარეობაში, როგორშიც რეფორმებისა და მოლაპარაკებების კუთხით წინ წასული კანდიდატები არიან. ამგვარად, დამატებითი შესაძლებლობების მიღება, დიდი ალბათობით, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის განახლებასა და კონკრეტულ სფეროებში საჭირო წინაპირობების შესრულებაზე იქნება დამოკიდებული.

რას ნიშნავს ეს კანდიდატი ქვეყნებისთვის?

დოკუმენტში აღწერილი მიდგომა არ ნიშნავს, რომ ყველა კანდიდატი ქვეყანა ავტომატურად მიიღებს წვდომას ევროკავშირის ერთიან ბაზარსა და პროგრამებზე. ინტეგრაციის მასშტაბი ევროკავშირთან არსებულ შეთანხმებებსა და სამართლებრივ საფუძველზეც იქნება დამოკიდებული.

პროექტის მიხედვით, ახალი დარგობრივი შეთანხმების მომზადებას, როგორც წესი, ორი-სამი წელი, უფრო ფართო ჩარჩო შეთანხმების შექმნას კი ოთხი-ხუთი წელი დასჭირდება.

ამასთან, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ტაბულას განუმარტა, რომ დოკუმენტი ცალკეული კანდიდატი ქვეყნებისთვის ინდივიდუალურ მიდგომებს არ ადგენს და გაფართოების ზოგადი პოლიტიკის გადახედვას ეხება. კომისია პროექტის წარდგენას მომავალ კვირას გეგმავს, რის შემდეგაც შემუშავებული ხედვა ევროკავშირის საბჭომაც უნდა გაიზიაროს.

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.