მედია - გერმანიის სამხედრო ავიაბაზიდან ერთ კილომეტრში უცნობი დრონი ჩამოვარდა
გერმანიაში, ჰანოვერის მახლობლად მდებარე შტაინჰუდეს ტბის აღმოსავლეთით, გერმანიის შეიარაღებული ძალების ავიაბაზიდან ერთ კილომეტრში უცნობი დრონი ჩამოვარდა. მიმდინარეობს მასშტაბური საპოლიციო ოპერაცია და ნამსხვრევების ძიება. კრიმინალური პოლიციის სახელმწიფო სამმართველოს ცნობით, მოსახლეობისთვის საფრთხე არ არსებობს.

გერმანიის სამხედრო ავიაბაზიდან ერთ კილომეტრში უცნობი დრონი ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild-ი ავრცელებს.
კერძოდ, აღინიშნება, რომ გერმანიაში შტაინჰუდეს ტბის აღმოსავლეთით (ჰანოვერის მახლობლად) დრონების ნამსხვრევების აღმოჩენის შემდეგ მასშტაბური საპოლიციო ოპერაცია გრძელდება.
მედიის თანახმად, ამ დროისთვის, სამართალდამცავი ორგანოების მრავალი თანამშრომელი აგრძელებს დრონის ნამსხვრევების ძიებას. კრიმინალური პოლიციის სახელმწიფო სამმართველოს (LKA) ინფორმაციით, დრონი უკაცრიელ ღია სივრცეში ჩამოვარდა.
აღინიშნება, რომ ეს ტერიტორია ვუნტსტორფში გერმანიის შეიარაღებული ძალების ავიაბაზიდან სულ რაღაც ერთი კილომეტრის მოშორებით მდებარეობს, რაც გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა გამოცემა Bild-ს დაუდასტურეს.
ასევე, მედია აღნიშნავს, რომ გამომძიებლებმა დრონის ნამსხვრევების შესახებ ორშაბათიდან იციან. LKA-ის ცნობით, არ მომენტისთვის მოსახლეობისთვის არანაირი საფრთხის ნიშნები არაა, თუმცა ნამსხვრევების ძიება გაგრძელდება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.