გიორგი გამსახურდია: “1-ელი ოქტომბერი მართლაც ეპოქალურია თავისი მასშტაბით და ქვეყნისთვის სამომავლო
გიორგი გამსახურდიამ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში 1 ოქტომბრის გამარჯვება ეპოქალურად შეაფასა და აღნიშნა, რომ ამის მთავარი ავტორი ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ გუნდია. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა განვითარების სწორ გზაზე დააყენა და სუვერენიტეტი განამტკიცა.

“პირველი ოქტომბრის გამარჯება მართლაც ეპოქალურია თავისი მასშტაბით და ქვეყნისთვის სამომავლო მნიშვნელობით. ამ გამარჯვებას ჰყავს ერთი ავტორი, სულისჩამდგმელი და მთავარი შემსრულებელი. ეს კაცია ბიძინა ივანიშვილი, პირველ რიგში, და მერე უკვე ის ძირძველი “ქართული ოცნების” გუნდი, რომლებმაც, ბიძინასთან ერთად, დანის პირზე გაიარეს და შეუძლებელი შეძლეს. რომ არა ბიძინა, მისი პირადი ავტორიტეტი და თავისი შესაძლებლობები, დღესაც მიშა იქნებოდა და თან, თავისი მმართველობის ყველაზე ცუდი ფორმების რეციდივებით”, – წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.
“რა მოიტანა პირველმა ოქტომბერმა? მიუხედავად აურაცხელი წინააღმდეგობისა, გინდ ქვეყნის შიგნით და გინდ ქვეყნის გარეთ, ბიძინა ივანიშვილმა შეძლო და ქვეყანა სწორი განვითარების გზაზე დააყენა, მშვიდობისა და სტაბილურობის მუდმივი განცდით. დანარჩენი – უსაფრთხოება ეკონომიკა და ა.შ.,
ეს ყველაფერი ჩემ მიერ თქმულის ნაყოფია და თანმდევი პროცესი.
უდიდესია ასევე ბიძინას წვლილი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცების საქმეში. დღეს, როგორც არასდროს, ქართული სახელმწიფო არის ძლიერი და ზევიდან ვერავინ ვერც უყურებს და ვერც ელაპარაკება. კიდევ ვიმეორებ: ეს არის ბიძინა ივანიშვილის პირადი დამსახურება, მისი და მისი ავტორიტეტის, ასევე, მისი პოლიტიკური გამჭრიახობის.
დაბოლოს, მინდა ვთქვა, რომ კარგი იქნება, რომ ვიყოთ ბოლომდე შეკრული და ერთგული იდეალების, რასაც “ქართული ოცნების” იდეალები ქვია.
შევეცადოთ, არ ვთქვათ ძვირი იმ ადამიანებზე, რომლებსაც ტიტანური შრომა აქვთ ჩადებული “ქართული ოცნების” დაარსების პირველი დღეებიდან.
მე შემდეგ მოვედი და არასდროს დამცდება ჩემს მეგობრებსა და თანამებრძოლებზე აუგი. მე რა მაქვს გაკეთებული კიდევ, ის არც სალაპარაკოა და, ვინც და სადაც საჭიროა, იციან.
გილოცავთ და ჯანის სიმრთელე კარგ ადამიანს და ერისკაცს, ბიძინა ივანიშვილს”, – წერს გიორგი გამსახურდია.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.