შტატებმა ევროსაბჭოს ანტიკორუფციული ჯგუფი დატოვა - ვაშინგტონი გეგმავს, აქცენტი კორუფციასთან ბრძოლის ისეთ მიზანმიმართულ ინსტრუმენტებზე გააკეთოს, როგორებიცაა სანქციები და სავიზო შეზღუდვები
აშშ-მა ევროსაბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფი (GRECO) დატოვა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ორგანიზაციაში წევრობას აღარ მოაქვს საკმარისი სარგებელი ეროვნული უსაფრთხოებისთვის და ვაშინგტონი აქცენტს სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებზე გააკეთებს. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისშიც გახდა პოლიტიკური განხილვის საგანი, ოპოზიცია მას დასანანს უწოდებს, ხოლო მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ბიუროკრატიულ ორგანიზაციებში ფულის ხარჯვას არ აპირებს.

ევროსაბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფი კრიზისის წინაშეა - ორგანიზაცია ოფიციალურად აშშ-მაც დატოვა. ქვეყნის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, GRECO-ში წევრობას აღარ მოაქვს საკმარისი სარგებელი ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ვაშინგტონი გეგმავს, აქცენტი კორუფციასთან ბრძოლის ისეთ მიზანმიმართულ ინსტრუმენტებზე გააკეთოს, როგორებიცაა სანქციები და სავიზო შეზღუდვები.
ამერიკის მიერ ევროსაბჭოს ანტიკორუფციული ჯგუფის დატოვება პოლიტიკური განხილვის თემაა თბილისშიც. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ შტატების მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი დასანანია, რადგან ვაშინგტონის როლი ორგანიზაციაში უმნიშვნელოვანესი იყო.
შტატების გადაწყვეტილება არ უკვირს მმართველ გუნდს. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას გაცხადებული აქვს თავისი მიზნები - არ აპირებენ ფულის დახარჯვას ისეთი ორგანიზაციების წევრობისთვის, რომლებიც რეალურ საქმიანობას არ ეწევიან და ბიუროკრატია ხელფასს არაფრის კეთებაში იღებს.
აშშ ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის წევრი 2000 წლიდან იყო. ევროპის საბჭოს შეფასებით, ამერიკა ღირებული პარტნიორი იყო GRECO-სთვის, რომელიც მზადაა, ვაშინგტონის სურვილის შემთხვევაში, მომავალში თანამშრომლობა განაახლოს. ევროსაბჭოს ანტიკორუფციული ჯგუფი შტატებამდე რუსეთმა და ბელორუსმაც დატოვეს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.