"8 და 11 წლის მოზარდებს ინტიმური ფოტო-ვიდეოს გაგზავნას აიძულებდა" - კაცს ბრალი წარუდგინეს
პროკურატურის ინფორმაციით, კაცს ბრალი წარუდგინეს 8 და 11 წლის მოზარდებისთვის ინტიმური ფოტო-ვიდეო მასალის გაგზავნის იძულებისა და სექსუალური შინაარსის კომუნიკაციისთვის. ბრალდებული ამჟამად დაკავებული არაა და მასზე ძებნაა გამოცხადებული.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალი წარუდგინეს კაცს, რომელიც 8 და 11 წლის მოზარდებს ინტიმური ფოტო-ვიდეო მასალის გაგზავნას აიძულებდა. უწყების ინფორმაციით, ბრალდებული ჯერ დაკავებული არაა და მასზე ძებნაა გამოცხადებული.
გამოძიების ვერსიით, კაცს ყალბი ანგარიშები ჰქონდა Tik-Tok-ზე შექმნილი, საიდანაც არასრულწლოვნებთან "სექსუალური შინაარსის კომუნიკაციას" ამყარებდა.
"თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს სოციალური ქსელის - "TikTok"-ის ყალბი ანგარიშების და "whatsapp"-ის აპლიკაციით, 8 და 11 წლის მოზარდებთან, ნდობის მოპოვების შემდეგ, სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა. დაზარალებულების ასაკის გამოყენებით და სახელის გამტეხი ინფორმაციის გავრცელების მუქარით, აიძულებდა მათ ინტიმური შინაარსის, მათ შორის, სექსუალური ხასიათის ქმედებების ამსახველი ფოტო-ვიდეოს გადაღებას და გაგზავნას და ერთ-ერთ დაზარალებულს თავადაც უგზავნიდა სექსუალური შინაარსის ვიდეოებს. ასევე, ბრალდებულმა დაზარალებულისგან უკანონოდ მოპოვებული ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები გაუგზავნა მის დედას", - წერია პროკურატურის განცხადებაში.
კაცს ბრალდება დაუსწრებლად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება, გამოყენება და გავრცელება), 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით (წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ გარყვნილი ქმედება) და 139-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,"ბ" ქვეპუნქტით (არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულება) წარედგინა.
დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ასევე, საგამოძიებო ორგანოს ცნობით, ბრალდებულს, სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად აქვს შეფარდებული პატიმრობა და მის მიმართ გამოცხადებულია ძებნა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.