ტრამპმა ხელოვნურ ინტელექტს „სუპერინტელექტი“ დაარქვა და წამყვან კომპანიებთან შეთანხმება გააფორმა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა და ხელი მოაწერა ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების კონტროლის შეთანხმებას. გარდა ამისა, მან ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ტერმინი „ხელოვნური ინტელექტი“ „სუპერინტელექტით“ უნდა შეიცვალოს.

აშშ-ის პრეზიდენტმა 29 სექტემბერს თეთრ სახლში მიიღო წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელები. კომპანიების, რომელთა საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ხელოვნური ინტელექტის განვითრებაა.
შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა თავისი სოციალური ქსელის Truth Social-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა კომპანიების, Google-ის, Anthropic-ის, Meta-ს, OpenAI-ის, xAI-ის და Nvidia-ს ხელმძღვანელებთან ერთად ხელმოწერილი შეთანხმება, რომელიც ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების კონტროლს ეხება.
„მორალურად სავალდებულო“
ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე კონტროლის გაძლიერების შეთანხმება, რომელსაც ხელი აშშ-ის პრეზიდენტმა და წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელებმა მოაწერეს, ითვალისწინებს კომპანიების მიერ საიმედო შიდა მექანიზმების შექმნას ხელოვნური ინტელექტის მოდელების შესაძლებლობებისა და უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგისთვის მათი დანერგვისას ისეთ სფეროებში, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება და ბიოლოგიური და ქიმიური უსაფრთხოება.
გამოვლენილი რისკები და პრობლემები უნდა აღმოიფხვრას. კომპანიებმა დამოუკიდებელ აუდიტორებთან უნდა ითანამშრომლონ და რეგულარად უნდა მიიღონ მონაწილეობა უსაფრთხოების გაზრდის სტანდარტებსა და მეთოდებთან დაკავშირებულ შეხვედრებში.
აშშ-ის პრეზიდენტმა ამ შეთანხმებას „მორალურად სავალდებულო“ უწოდა.
ამასთან, 29 სექტემბერს ხელმოწერილი შეთანხმებით, დროთა განმავლობაში შესაძლოა, საჭირო გახდეს ამ ზომებისთვის კანონის, ან რეგულაციების სახის მიცემა
„სუპერ ინტელექტი“
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 29 სექტემბერს ხელი მოაწერა კიდევ ერთ დოკუმენტს.
აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ტერმინის, AI - Artificial Intelligence (ხელოვნური ინტელექტი) ნაცვლად უნდა გამოიყენოს ტერმინი Super Intelligence (სუპერინტელექტი).
ტერმინის შეცვლის მიზეზად დასახელებულია ის, რომ ამერიკული კომპანიები სულ უფრო სრულყოფენ ტექნოლოგიებს და ქმნიან ახალ ფორმებს და შესაძლებლობებს მეცნიერების, მედიცინის და სხვა სფეროებში, ამიტომ ტერმინი „სუპერინტელექტი“ უფრო ზუსტად ასახავს პოტენციალს და პერსპექტივას.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.