ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

„ქალთა მოძრაობა“ მხარდაჭერას უცხადებს „ლანჩხუთის“ ფეხბურთელებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

„ქალთა მოძრაობამ“ მხარდაჭერა გამოუცხადა კლუბ „ლანჩხუთის“ ქალ ფეხბურთელებს, რომლებმაც პროტესტის ნიშნად უარი თქვეს „ნიკე ლუსოსთან“ მატჩის ჩატარებაზე. კლუბმა ბანერი გაშალა წარწერით: „ძალადობის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა“. პროტესტი უკავშირდება 20 წლის ფეხბურთელი ქალის სექსუალური ძალადობის საქმესა და სასამართლოს გამამართლებელ განაჩენს.

„ქალთა მოძრაობა“ მხარდაჭერას უცხადებს „ლანჩხუთის“ ფეხბურთელებს
„ქალთა მოძრაობა“ მხარდაჭერას უცხადებს „ლანჩხუთის“ ფეხბურთელებსნეტგაზეთი

„ქალთა მოძრაობის“ განცხადებით, ძალადობაგამოვლილ ფეხბურთელთან ერთად მხარდაჭერას უცხადებენ კლუბ „ლანჩხუთის“ ქალ ფეხბურთელებს. კლუბმა დღეს ქალთა ეროვნული ლიგის ფარგლებში „ნიკე ლუსოსთან“ მატჩის ჩატარებაზე უარი განაცხადა და ბანერი გაშალა წარწერით: „ძალადობის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა“.

„ქალთა მოძრაობა სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს 20 წლის ფეხბურთელ ქალს, რომელმაც სექსუალური ძალადობის შესახებ განაცხადა და უკვე თვეებია მძიმე სამართლებრივ და ემოციურ პროცესს გადის.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ნიკე ლუსოს“ ყოფილ მფლობელსა და პრეზიდენტს მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა, თუმცა საქმეზე სამართლებრივი დავა გრძელდება.

ეს შემთხვევა მხოლოდ ერთი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებს სცდება. ის აჩენს კითხვებს იმაზე, რამდენად უსაფრთხოა ქალებისთვის პროფესიული სპორტის სივრცე, რამდენად ეფექტიანად რეაგირებენ ინსტიტუციები სექსუალური ძალადობისა და შევიწროების შემთხვევებზე და რამდენად დაცულია დაზარალებული ქალი ზეწოლის, ანგარიშსწორებისა და დამატებითი ტრავმირებისგან.

დაზარალებულის ადვოკატის ინფორმაციით, კლუბს სექსუალური შევიწროებისგან დაცვის მექანიზმი არ ჰქონდა და შესაბამისი დოკუმენტი მხოლოდ სახალხო დამცველისთვის მიმართვისა და მისი ჩართულობის შემდეგ შეიქმნა.

ამავე კლუბში კამერები კანონის მოთხოვნათა დარღვევით იყო განთავსებული ოთახში, რომელსაც ქალი ფეხბურთელები გასახდელად იყენებდნენ.

ადვოკატის ინფორმაციითვე, მიმდინარე სამართლებრივი დავის გამო დაზარალებული „ნიკე ლუსოს“ ფეხბურთელის მხრიდან მოედანზეც გამხდარა შეურაცხყოფის ადრესატი“, – წერია განცხადებაში.

„ქალთა მოძრაობა“ ამბობს, რომ დღეს „ლანჩხუთის“ ფეხბურთელების გადაწყვეტილება „არ გაეგრძელებინათ თამაში ისე, თითქოს არაფერი მომხდარა, იყო მნიშვნელოვანი სოლიდარობის აქტი ძალადობაგამოვლილი კოლეგა ქალის მიმართ და მკაფიო პოზიცია ძალადობისა და დაუსჯელობის წინააღმდეგ“.

„ქალთა მოძრაობა, ძალადობაგამოვლილ ფეხბურთელთან ერთად, სრულ მხარდაჭერას უცხადებს „ლანჩხუთის“ ფეხბურთელებს. მათი პროტესტი უნდა გახდეს მიზეზი, პასუხისმგებელმა ინსტიტუციებმა საჯაროდ უპასუხონ არსებულ კითხვებს და უზრუნველყონ ქალი ფეხბურთელების უსაფრთხოება“, – წერია განცხადებაში.

„ქალთა მოძრაობა“ მოითხოვს:

„მართლმსაჯულების პროცესში სრულად იყოს დაცული დაზარალებულის უფლებები, ღირსება და უსაფრთხოება;

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და საფეხბურთო კლუბებმა შექმნან ეფექტიანი და დამოუკიდებელი მექანიზმები სექსუალური ძალადობის, შევიწროების, ზეწოლისა და ანგარიშსწორების პრევენციისა და რეაგირებისთვის;

საჯაროდ განიმარტოს, რა რეაგირება მოჰყვა გასახდელად გამოყენებულ სივრცეში კამერების კანონის მოთხოვნათა დარღვევით განთავსებას და რა ზომებია მიღებული მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად;

ფეხბურთის ფედერაციამ ასევე განმარტოს, რატომ აღარ არის ხელმისაწვდომი დღევანდელი მატჩის ტრანსლაცია, რომელშიც „ლანჩხუთის“ ფეხბურთელების პროტესტი ჩანდა“.

იხილეთ:

ქართველი ფეხბურთელი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული ბიზნესმენი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.