ტრამპი ზელენსკის რუსულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეჩერებისკენ მოუწოდებს - აშშ სამმხრივი შეხვედრის ინიციატივით გამოდის, მოსკოვი კი მოლაპარაკებების დაწყების საფუძველს ვერ ხედავს
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებების შემდეგ რუსულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეჩერებისკენ მოუწოდა და ვლადიმერ პუტინთან სამმხრივი შეხვედრის ინიციატივა გაახმოვანა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დარტყმები მხოლოდ იმ შემთხვევაში შეჩერდება, თუ რუსეთიც დათანხმდება თავდასხმების შეწყვეტას. კრემლში კი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების საფუძველი არ არსებობს.

როდის დასრულდება ომი და რა პირობებით დამყარდება მშვიდობა? - ჟურნალისტების შეკითხვებს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგასთან დახურულ კარს მიღმა გამართული მოლაპარაკებების შემდეგ უპასუხა. დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის რუსულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეჩერებისკენ მოუწოდა და ვლადიმერ პუტინთან სამმხრივ ფორმატში შეხვედრის ინიციატივა გაახმოვანა.
რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებული საკითხები დღეს მარკო რუბიომ გაეროს შტაბბინაში, რუს კოლეგასთან პირისპირ შეხვედრაზე განიხილა. ტრამპის ადმინისტრაციაც მოსკოვსა და კიევს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
დიზელის საწარმოებზე დარტყმები მხოლოდ იმ შემთხვევაში შეჩერდება, თუ ანალოგიურად, თავდასხმების შეწყვეტას რუსეთიც დათანხმდება. ვაშინგტონის მოწოდებას ვოლოდიმირ ზელენსკი სწორედ ამ პირობით პასუხობს.
ცნობილია მოსკოვის პოზიციაც. კრემლში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების საფუძველი არ არსებობს.
სამშვიდობო ძალისხმევის პარალელურად, რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას განაგრძობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში, რამდენიმე ქალაქი დარტყმის სამიზნე გახდა. აგრესიას მსხვერპლი მოჰყვა კიევში, ზაპოროჟიეში, ხარკოვში. მიმდინარეობს სახანძრო-სამაშველო და სამძებრო სამუშაოები.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…