კობახიძე ისევ ირწმუნება, რომ მოლაპარაკებები „ოცნებამ“ კი არა ევროკავშირმა შეაჩერა
ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებები საქართველოს არ შეუჩერებია და პოლიტიკური დიალოგის გაჩერებაში თავად ბრიუსელს ადანაშაულებს. პარალელურად, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სადაც დემონსტრანტები ახალ არჩევნებსა და დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ.

დღეს, 28 ნოემბერს, საქართველოში მიმდინარე ხალხმრავალი საპროტესტო აქციის – „ორი წელი“ – პარალელურად, ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებები საქართველოს არ შეუჩერებია.
„ამას 2024 წლის ივნისში წინ უძღოდა ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერების თაობაზე და შემდეგ, სრულიად სამარცხვინოდ გამოდიოდა ევროკავშირის ელჩი და ამბობდა, რომ მათ მიერ შეჩერებული დიალოგი თითქოს ჩვენ შევაჩერეთ. ამაზე დიდი აბსურდი რა უნდა წარმოიდგინოს ადამიანმა“.
კობახიძე ამაზე სამთავრობო ტელეიმედის ეთერში საუბრობს. ის საქართველოში მოქმედ ორგანიზაციებზე საუბრისას ისევ იყენებს ტერმინებს – „უცხოური“, ე.წ NGO – ები და ასე შემდეგ. მისი ნარატივი იგივეა პროტესტთან მიმართებაშიც:
„ორჯერ გვქონდა რევოლუციის მცდელობები, ორივე ძალადობრივი. მეორე უკავშირდებოდა გამჭვირვალობის შესახებ კანონს, დღეს უკვე ყველა აცნობიერებს, რომ გამჭვირვალობის კანონს საერთო არაფერი ჰქონდა არც რუსულთან, არც ზოგადად სამართლებრივი სტანდარტების დარღვევასთან და ერთადერთ რამეს ითვალისწინებდა, წელიწადში ერთხელ ე.წ. NGO-ებს, ანუ უცხოურ სამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მოქმედებდნენ საქართველოში, უნდა წარედგინათ ყოველწლიური დეკლარაციები იუსტიციის სამინისტროში. მეტი არაფერი და ადმინისტრაციული ფინანსური სანქციები იყო გათვალისწინებული ამ ვალდებულების დარღვევისთვის. ამას მოაყოლეს სრულიად სამარცხვინო, სიცრუეზე აგებული კამპანია და ამას მოაყოლეს რევოლუციის ორი ძალადობრივი მცდელობა.
ამის შემდეგ ჩატარდა 2024 წლის არჩევნები, სადაც მმართველმა პარტიამ მიიღო 1 მილიონ 120 000 ხმა და ამას მოჰყვა რევოლუციის მცდელობა. მე მინდა შეგახსენოთ, რომ აქციები არ დაწყებულა 28 ნოემბერს, აქციები დაიწყო 26 ოქტომბერს, არჩევნების დღეს…“
კობახიძე ისევ ლანძღავს ევროკავშირს და ირწმუნება, რომ ძალაშია „ოცნების“ დაპირება – „ღირსებით ევროპისკენ“:
„ჩვენი დაპირება საარჩევნოდ იყო „ღირსებით ევროპისკენ“, ღირსებით, კეთილდღეობით, თავისუფლებით ევროპისკენ და ეს დაპირება დღესაც ძალაშია. 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადებას ვინც სწორად წაიკითხავდა და გაიგებდა, იქ ძალიან ნათლად ჩანდა, რომ ეს განცხადება არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავდა ევროპული გზიდან გადახვევას არც პირდაპირი და არც არაპირდაპირი ფორმით. ჩვენ, უბრალოდ, შევაწყვეტინეთ შანტაჟი 4 წლის განმავლობაში ევროპულ ბიუროკრატიას, რითაც დავამშვიდეთ ჩვენი ქვეყანა.
კანდიდატის სტატუსი გამოიყენებოდა შანტაჟისთვის ქვეყნის წინააღმდეგ, ორ წელს გაგრძელდა თითქმის ეს ბრძოლა, ჩვენ მოვახერხეთ კანდიდატის სტატუსის მიღება, მანამდე სრულიად უსაფუძვლოდ გვითხრეს უარი კანდიდატის სტატუსზე 2022 წლის ივნისში, რასაც მოჰყვა რევოლუციური პროცესები“.
შეგახსენებთ, რომ ზუსტად ორი წლის წინ – 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ სპეციალურ ბრიფინგზე, მმართველი გუნდის სახელით განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებდნენ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
განცხადებას ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. მას შემდეგ მოქალაქეები ყოველდღე იკრიბებიან რუსთაველის გამზირზე და ახალი არჩევნების დანიშვნასა და პროევროპულ აქციებზე დაკავებულის სინდისის პატიმრებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.
ორი წლის განმავლობაში მმართველმა პარტიამ პროტესტის არაერთი შემზღუდავი რეპრესიული კანონი მიიღო. ამ დრომდე, სისხლის სამართლის წესით დაკავებულია პროტესტში მონაწილე ასობით დემონსტრანტი. პროტესტის მონაწილეთა ნაწილი ტროტუარზე დგომის თუ ფეისბუქპოსტის გამო ადმინისტრაციული წესით დააკავეს, სხვები კი ათასობით ლარით დააჯარიმეს.
ევროკომისიის შეფასებით, „ქართული ოცნება“ აგრძელებს ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრას დემოკრატიულ პრინციპებზე, კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტურ უფლებებზე შეტევით, ასევე, სახელმწიფოს შემდგომი მიტაცების ხელშეწყობით.
„ოცნების“ სამი მანიპულაცია EU-ის გაფართოების ანგარიშზე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…