ევროპარლამენტარების მოწოდებები - "ქართული ოცნებისთვის" ევროპელი პოლიტიკოსების ვიდეომიმართვები მორიგი დასტურია, რომ ოპოზიცია პოლიტიკურ გზამკვლევს ქვეყნის გარედან იღებს
„ქართული ოცნების“ მტკიცებით, ევროპარლამენტარების ვიდეომიმართვები დასტურია, რომ ოპოზიცია გზამკვლევს გარედან იღებს, მიზანი კი დესტაბილიზაციაა. ოპოზიცია ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას ვერ ხედავს.

ოპოზიციის საპროტესტო აქციას რასა იუკნევიჩიანე ამჯერად თავად ვერ ესწრება, თუმცა ქვეყნის გარედან საქართველოში მყოფებს ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდებს. ევროპარლამენტარი, რომელიც "ქართული ოცნების" კრიტიკის შანსს ხელიდან არასდროს უშვებს, სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს.
იუკნევიჩიანე ერთ-ერთია, და არა ერთადერთი, იმ ევროპელი ბიურაკრატებიდან, ვინც ოპოზიციას ამხნევებს. საპროტესტო აქციების მოწოდებების ავანგარდში დგას მარკეტა გრეგოროვაც.
უცვლელი რიტორიკა უცვლელი ავტორების მხრიდან არ უკვირთ მმართველ გუნდში. ევროპელი პოლიტიკოსების ვიდეომიმართვები "ქართული ოცნებისთვის" მორიგი დასტურია, რომ ოპოზიცია პოლიტიკურ გზამკვლევს ქვეყნის გარედან იღებს, მთავარი მიზანი კი საქართველოში არეულობის და დესტაბილიზაციის მოწყობაა. უმრავლესობის ლიდერების თქმით, ევრობიუროკრატია კვლავ აგრძელებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას და პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას.
ევროპელი აქტორების მხრიდან ვერც ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის და ვერც არეულობის მოწყობის მცდელობას ხედავენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები, ტრადიციულად, სრულად იზიარებენ ევრობიუროკრატების მოწოდებებს და უპირობოდ სჯერათ გარე მხარდამჭერების.
ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ რადიკალური პროცესების წახალისებაზე საუბრობენ მმართველ გუნდში. "ქართული ოცნების" ლიდერების თქმით, იმ ევროპარლამენტარების მხრიდან, რომლებიც უსამართლო რეზოლუციებს იღებენ, ძალადობრივ პროცესებში მონაწილე მსჯავრდებულებს თვითნებურად დაკავებულებს უწოდებენ და ქართულ კანონმდებლობას უარგუმენტოდ აკრიტიკებენ, ანტიდემოკრატიული ნაბიჯები გასაკვირი უკვე აღარ არის.
სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლებმა ქუჩაში გასვლის მოწოდებების ავტორებს დღეს თავად მოუწოდეს, რომ შეწყვიტონ დირექტივების გაცემა და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა.
ავტორი: ნანა გოგატაძე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…