ირაკლი კუპრაძე - დღევანდელი მარშის ორგანიზატორი ე.წ. შაბათის მარშია - ჩვენ არ ვართ ორგანიზატორები, თუმცა, ვდგავართ იქ, სადაც ქართველი ხალხია, პროტესტია და ეს დღე მნიშვნელოვანი პროტესტის წერტილი გვგონია
ირაკლი კუპრაძის განცხადებით, მმართველი გუნდის მხრიდან კონსტიტუცია დაირღვა და ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერდა, რის გამოც ოპოზიცია საპროტესტო მსვლელობას უერთდება.

ჩვენ არ ვართ ორგანიზატორები, თუმცა, ვდგავართ იქ, სადაც ქართველი ხალხია, პროტესტია და ეს დღე მნიშვნელოვანი პროტესტის წერტილი გვგონია ჩვენ, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
ის მეტროსადგურ „ავლაბართან“ დაწყებულ საპროტესტო მსვლელობას შეუერთდა და განაცხადა, რომ ხელისუფლების მხრიდან ორი წლის განმავლობაში არაერთი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი გადაიდგა.
„ორი წელი გავიდა, რაც „ანტიქართულმა ოცნებამ“ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და ევროინტეგრაციის პროცესი საერთოდ შეაჩერა. აღნიშნულით საქართველოს კონსტიტუცია, ქართული სახელმწიფოს, ქართველი ხალხის მნიშვნელოვანი მიზანი დაირღვა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში, მრავალი ათეული წელია, საზოგადოებას გაცხადებული აქვს. 2 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი დანაშაულებრივი ქმედება მოხდა „ანტიქართული ოცნების“ მხრიდან - ადამიანების დევნა, დასახიჩრება, ათასობით ადამიანის საჯარო უწყებიდან უკანონოდ გათავისუფლება და ანტისახელმწიფოებრივი მრავალი ნაბიჯი, მათ შორის, რეპრესიული კანონების მიღება. 2 წლის თავზე, 28 ნოემბერს, აქციას შემოვუერთდით, თუმცა, ამ კონკრეტული მარშის ორგანიზატორი ე.წ. შაბათის მარშია, რომელიც 50-ე მარშს მართავს. ჩვენ არ ვართ ორგანიზატორები, თუმცა, ვდგავართ იქ, სადაც ქართველი ხალხია, პროტესტია და ეს დღე მნიშვნელოვანი პროტესტის წერტილი გვგონია ჩვენ“, - განაცხადა კუპრაძემ.
მან საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზეც ისაუბრა. კუპრაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ისინი ბრძოლას მაინც განაგრძობენ.
„ძალიან რთულია გააკეთო იმ ადამიანების პროგნოზი, რომლებიც დამოუკიდებლად არ მოქმედებენ. ამ შემთხვევაში იგულისხმება „ქართული ოცნება“, რომელიც რეალურად იღებს გადაწყვეტილებას პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით. ეს არ არის სამართლებრივი პროცესი, ეს ჩვენი რწმენით, შეფასებით, სრულიად პოლიტიკური პროცესია. ამ ეტაპზე არ ვიცით, რა ფინალი შეიძლება ჰქონდეს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომებს. თუმცა, ჩვენ ერთადერთი, მკაფიო გადაწყვეტილება გვაქვს, რომ ბრძოლას გავაგრძელებთ ნებისმიერი ფორმით“, - განაცხადა კუპრაძემ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…