"კონვერტებით" ნაყიდი ხმები და ზეწოლა ჟურნალისტებზე - კორუფციული სკანდალის შემდეგ, დავით არახამია მედიაზე ზეწოლის ეპიცენტრში ექცევა - მძიმე ბრალდებებზე უკრაინული მედია საუბრობს
უკრაინელი ჟურნალისტები დავით არახამიას მუქარაში, მიყურადებასა და მედიაზე ზეწოლაში ადანაშაულებენ, ასევე ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან მის მფარველობაზე საუბრობენ.
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ქვეყანას კორუფციასთან დაკავშირებული პრობლემები არ აქვს, რადგან დავით არახამიამ და მისმა მმართველმა პარტიამ, "ხალხის მსახურმა," ამ მიმართულებით უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში წარმატებით იმუშავეს.
სხვა რეალობაზე მეტყველებს ფაქტები, რომლებზეც დღეს მედიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს. კორუფციის საკითხზე მომუშავე გამოცემების წარმომადგენლები საგანგებოდ მრგვალი მაგიდის გარშემო შეიკრიბნენ და საერთაშორისო ორგანიზაციებს მხარდაჭერა სთხოვეს. რედაქტორები და ჟურნალისტები ხელისუფლების მხრიდან მიმდინარე მუქარაზე, პროფესიულ საქმიანობაში ჩარევასა და უკანონო მიყურადებაზე საუბრობენ, პროცესს კი, მათი მტკიცებით, კოორდინაციას სწორედ არახამია უწევს.
უკრაინელი ჟურნალისტების მტკიცებით, დავით არახამიას მხრიდან მედიის მიმართ მუქარა, მიყურადება, ფინანსური ბერკეტების ამოქმედება და მადისკრედიტებელი კამპანია იმ დანაშაულებრივი სქემების გასაჯაროებას მოჰყვა, რომლებიც ზელენსკისთან და არახამიასთან დაკავშირებულ ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებს და მათ მიერ ბიუჯეტის ძარცვას უკავშირდებოდა.
მედიის წარმომადგენლებმა ისიც თქვეს, რომ ზელენსკი არახამიას ხელს აფარებს, რაც, უკრაინის კანონმდებლობით, სისხლის სამართლის დანაშაულია. ცნობილია, რომ პრეზიდენტის დანიშნულმა პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა, მოსამართლის განჩინების მიუხედავად, არახამიას წინააღმდეგ საქმე არ დაარეგისტრირა. გამოძიების ინფორმაციით, არახამია, სასურველი გადაწყვეტილებების მიღების სანაცვლოდ, რადას დეპუტატებს კონცერტებით ფულს ურიგებდა, თანხა კი თაღლითური ქოლ-ცენტრებიდან მიღებული შემოსავალი იყო.
ხელისუფლების მხრიდან ანტიკორუფციულ უწყებებზე უპრეცედენტო ზეწოლაზე საუბრობს სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის მოქმედი ხელმძღვანელიც. "ნაბუმ" და "საპმა" ზელენსკის უახლოეს გარემოცვასთან დაკავშირებული არაერთი საქმე გახსნეს. ცნობილია ისიც, რომ ამ უწყებების დამოუკიდებლობის გაუქმებას ზელენსკიმ ხელი გასული წლის ივლისში მოაწერა, თუმცა, ქვეყანაში საპროტესტო ტალღის ფონზე, გადაწყვეტილება შეცვალა.
"მიდასი," "კართაგენი," "კართაგენი-2," "ფორესტ გამპი," "თემიდა" და "შლაგბაუმი" - ეს იმ სპეცოპერაციების კოდური სახელწოდებებია, რომლებიც უკრაინის ანტიკორუფციულმა უწყებებმა ბოლო პერიოდში ჩაატარეს. გამოძიება ენერგეტიკის სექტორში, სამხედრო მომარაგებასა და სახელმწიფო შესყიდვებში გამოვლენილ დანაშაულებრივ სქემებს აერთიანებს. საგამოძიებო მასალების მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ჯამში, ასობით მილიონი დოლარი, ევრო და გრივნაა მითვისებული.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…