Reuters: ესპანეთის კანარის კუნძულებთან მიგრანტების ნავში 14 ადამიანის ცხედარი იპოვეს
კანარის კუნძულებთან მიგრანტების ნავში 14 ადამიანის ცხედარი იპოვეს; ბორტზე მყოფი 84 ადამიანი გადაარჩინეს, ხოლო ექვსი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ესპანეთის კანარის კუნძულებთან, ატლანტის ოკეანეში მიგრანტების ნავის გადარჩენის შემდეგ 14 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ნავში, რომელიც ესპანეთის საზღვაო სამაშველო სამსახურმა აღმოაჩინა, დაახლოებით 100 ადამიანი იმყოფებოდა. ესპანური საინფორმაციო სააგენტო EFE-ს ცნობით, დაღუპულთა ცხედრები ნაპირამდე მიიტანეს.
შემთხვევა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო მიგრაციულ მარშრუტზე მოხდა, სადაც ბოლო პერიოდში მიგრანტების ნაკადი მკვეთრად გაიზარდა.
EFE-ს ცნობით, სამაშველო სამსახურმა თავდაპირველად განაცხადა, რომ ნავში 8-დან 10-მდე ცხედარი აღმოაჩინეს, ხოლო ექვსი ადამიანი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს. ნავი კუნძულ ელ-იეროს სამხრეთით, სანაპიროდან დაახლოებით 39 საზღვაო მილის (72 კილომეტრის) დაშორებით აღმოაჩინეს და ის ლა-ესტაკას პორტისკენ მიჰყავდათ.
კიდევ 84 გადარჩენილი მიგრანტი კუნძულის პორტ ლა-რესტინგაში ჩავიდა. იქ მიგრანტთა მიმღები ცენტრი და საველე ჰოსპიტალი მდებარეობს, სადაც კუნძულზე ჩასული მიგრანტების უმეტესობას დახმარებას უწევენ.
კანარის კუნძულებზე მიგრანტების ჩასვლა ოქტომბრიდან დაჩქარდა. 25 ნოემბერს ერთ დღეში კუნძულებზე რეკორდული რაოდენობის - 2 100 ადამიანი ჩავიდა. მათი უმეტესობა ელ-იეროზე ჩავიდა, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 11 400 ადამიანს შეადგენს.
„ამ ახალი ტრაგედიის გამო დიდი ტკივილი და უძლურების განცდაა“, - დაწერა სოციალურ ქსელ X-ში კანარის კუნძულების რეგიონული მთავრობის ხელმძღვანელმა ფერნანდო კლავიხომ. მან ესპანეთის მთავრობასა და ევროკომისიას მოქმედებისკენ მოუწოდა.
„ჰუმანიტარული კრიზისი ელ-იეროზე არ იწყება. ის სენეგალისა და გამბიის სანაპიროებზე იწყება, სადაც მოქმედებაა საჭირო“, - აღნიშნა მან.
როგორც Reuters-ი იუწყება, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია იმ პოზიციისა, რომ მიგრაციას ეკონომიკისთვის სარგებლის მოტანა შეუძლია. მემარჯვენე პოლიტიკური ძალები კი, რომლებიც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში ლიდერობენ, მიგრაციაზე გაცილებით მკაცრი კონტროლის დაწესებას ითხოვენ.
ყოველწლიურად ათასობით მიგრანტი ცდილობს ატლანტის ოკეანის გადაკვეთას გადატვირთული ნავებით, რათა ესპანეთის ტერიტორიას მიაღწიოს. მგზავრობა განსაკუთრებით სახიფათოა ძლიერი ტალღებისა და დინებების გამო. მიგრანტების ნაკადი, როგორც წესი, შემოდგომაზე იზრდება, როდესაც ზღვაში გადაადგილებისთვის პირობები შედარებით ხელსაყრელია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…