პაპუაშვილი რუსეთისგან ქართული ღვინის კომპანიების მიმართ პრაგმატულ და სამართლიან მიდგომას ელოდება
შალვა პაპუაშვილი რუსეთის პრეტენზიებს ქართული ღვინის კომპანიების მიმართ უსაფუძვლოს უწოდებს და მოსკოვისგან პრაგმატულ მიდგომას ელის. პარალელურად, გიორგი ზურაბაშვილის თქმით, რუსეთი კიდევ ორი ქართული კომპანიის დასანქცირებას აპირებს.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის მიმართ ისეთივე მიდგომა აქვს, როგორიც ბრიუსელთან ურთიერთობისას და ორივე შემთხვევაში ეს მიდგომა სამართლიანობას უნდა ეფუძნებოდეს. პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ რუსული მხარის პრეტენზიები ქართული ღვინის კომპანიების მიმართ უსაფუძვლოა და მოსკოვისგან პრაგმატულ დამოკიდებულებას ელოდება.
„ჩვენ ერთნაირი მიდგომა გვაქვს ყოველთვის, როდესაც სხვა ქვეყნებთან გვაქვს ურთიერთობა. რა მიდგომაც გვაქვს ბრიუსელთან, ის მიდგომა გვაქვს მოსკოვთან. როგორც ბრიუსელთან ჩვენი ურთიერთობის პრინციპი ეფუძნება სამართლიანობას, ასევე მოსკოვთან ჩვენი ურთიერთობის პრინციპი უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობას. თუკი არის წამოყენებული პრეტენზიები, ის უნდა იყოს სამართლიანი და პრეტენზიებზე პასუხიც უნდა იყოს სამართლიანი.
ღვინოსთან დაკავშირებით, განმარტა სპეციალურმა წარმომადგენელმაც, პრემიერ-მინისტრმაც, რომ წარმოდგენილი პრეტენზიები - ეს არის უსაფუძვლო საბაბი საქართველოს მიმართ და აქედან გამომდინარე ეს არის უსამართლო. ამიტომ, შესაბამისად, ჩვენი პასუხიც ამას ეფუძვნება, რომ როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განცხადება გააკეთა სულ ახლახან, გუშინ თუ არ ვცდები, რომ ის მიესალმება პრაგმატულ მიდგომებს, სწორედ ეს არის, ჩვენც მოველით პრაგმატულ მიდგომებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან და უპირველეს ყოვლისა მოველით იმას, რომ ეს ურთიერთობები თუ ეს დიალოგი დაფუძნებული იქნება სამართლიანობაზე.
ამიტომ ჩვენ ეს მიდგომა გვაქვს ყველას მიმართ და ალბათ მნიშვნელოვანი არის რუსეთის ფედერაციისთვის, ხელმძღვანელობისთვის, რომ აკვირდებიან ისინი ჩვენს ურთიერთობას ბრიუსელთან, იმას, თუ რა პრინციპებს ვეყრდნობით ჩვენ, ასე რომ, ეს პრინციპები შეუცვლელი იქნება, მათ შორის, რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილის.
განცხადება რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, გიორგი ზურაბაშვილის მიერ მიხეილ გალუზინთან შეხვედრის შეფასებას მოჰყვა.
როგორც ზურაბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრისას ქართული კომპანიებისთვის დაწესებული სანქციებისა და შეზღუდვების მოხსნის მოლოდინი ჰქონდა, თუმცა ამის ნაცვლად შეიტყო, რომ რუსეთი კიდევ ორი ქართული ღვინის კომპანიის დასანქცირებას აპირებდა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ზურაბაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინს 19 ნოემბერს, მინსკში შეხვდა. შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი რუსეთის მიერ ქართული კომპანიებისთვის დაწესებული შეზღუდვები და ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე დაბრუნება იყო. რუსეთის მხარემ კი, ზურაბაშვილის ინფორმაციით, დამატებით ორი კომპანიის შესაძლო დასანქცირების შესახებ აცნობა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…