პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ასოციაცია მთავრობას ტანსაცმლის იმპორტის ახალი გადასახადის მძიმე შედეგებზე აფრთხილებს - განცხადება

საქართველოს მთავრობაშემოსავლების სამსახურისაქსტატი

REA-ს განცხადებით, ტანსაცმლისა და ტექსტილის იმპორტზე კილოგრამზე 3-ლარიანი საბაჟო გადასახადი ხარჯებს ათეულობით ათას ლარამდე ზრდის, რაც ფასების მატებასა და ადგილობრივი ბიზნესის კონკურენტუნარიანობის დაცემას გამოიწვევს.

ასოციაცია მთავრობას ტანსაცმლის იმპორტის ახალი გადასახადის მძიმე შედეგებზე აფრთხილებს - განცხადება
BM.GE

„კილოგრამზე 3-ლარიანი განაკვეთი ერთ ტვირთზე ხარჯს ათეულობით ათას ლარამდე ზრდის. ასეთი მასშტაბის ფინანსური გავლენის მქონე რეგულაცია სექტორთან ყოველგვარი წინასწარი კონსულტაციისა და დიალოგის გარეშე იქნა მიღებული. ბიზნესს არ მიეცა შესაძლებლობა, წარედგინა რეალური გათვლები და შეეფასებინა მოსალოდნელი რისკები“, - ამის შესახებ საქართველოს საცალო და ელექტრონული კომერციის ასოციაცია (REA) აცხადებს.

ასოციაცია ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და ტექსტილის იმპორტზე საბაჟო გაფორმების მომსახურების ახალი საფასურის შესაძლო შედეგებზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ ცვლილება ადგილობრივი ბიზნესის ხარჯებს გაზრდის, რაც საბოლოოდ მომხმარებელზეც აისახება.

„საცალო ვაჭრობაში შესყიდვები, ლოჯისტიკა და საფასო პოლიტიკა თვეებით ადრე იგეგმება - ასეთ ვადაში კომპანიებისთვის შეუძლებელია პროცესების გადაწყობა, მით უმეტეს, როდესაც შეკვეთილი ტვირთების ნაწილი უკვე გზაშია ან გაფორმების მოლოდინშია. ნებისმიერი ასეთი ცვლილება უნდა იყოს ბიზნესისთვის განჭვრეტადი, მისი აზრი უნდა იყოს მოსმენილი, ხოლო მიღების შემთხვევაში, ბიზნესს უნდა მისცემოდა გონივრული ვადა ახალ ტარიფებთან ადაპტაციისთვის“, - ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

REA ასევე მიუთითებს, რომ ახალი რეგულაცია ადგილობრივ კომპანიებს უცხოურ ონლაინ პლატფორმებთან კონკურენციისას დამატებით არახელსაყრელ პირობებში აყენებს.

„ქართული კომპანიები ისედაც არათანაბარ კონკურენციაში არიან საერთაშორისო ონლაინ ვაჭრობის პლატფორმებთან (Wildberries, Temu, Shein, Trendyol, AliExpress და სხვ.), რომლებიც 300-ლარიანი დაუბეგრავი ზღვრის პირობებში ოპერირებენ. ვინაიდან ახალი რეგულაცია არ ეხება ფორმა №4-ით გაფორმებულ ამანათებს, უცხოური პლატფორმები ადგილობრივ იმპორტიორებთან შედარებით კიდევ უფრო დიდ ფასობრივ უპირატესობას იღებენ“, - აცხადებს ასოციაცია.

2026 წლის 25 ნოემბრიდან საქართველოში ტანსაცმლის, თეთრეულის, ფეხსაცმლისა და სხვა ტექსტილის ნაწარმის იმპორტზე საბაჟო გაფორმების მომსახურების საფასურის დათვლის ახალი წესი ამოქმედდა. ცვლილება საქართველოს მთავრობის 13 ნოემბრის №535 დადგენილებით შევიდა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში.

თუ აქამდე იმპორტიორი ერთი დეკლარაციის გაფორმებისთვის, პარტიის ზომის მიუხედავად, მაქსიმუმ 500 ლარს იხდიდა, ახალი წესით საფასური საქონლის წონაზეა მიბმული და თითოეულ კილოგრამზე 3 ლარს შეადგენს.

შესაბამისად, ერთი ტონა ტვირთის გაფორმება 3 000 ლარი ღირს, 5 ტონის შემთხვევაში საფასური 15 000 ლარამდე იზრდება, ხოლო 10 ტონაზე 30 000 ლარს შეადგენს. მაგალითად, თუ იმპორტიორი ერთი ტონა ტანსაცმლის პარტიის გაფორმებისთვის აქამდე 500 ლარს იხდიდა, ახლა იმავე მოცულობის ტვირთზე 3 000 ლარის გადახდა მოუწევს.

ახალი საფასური ვრცელდება სასაქონლო ნომენკლატურის 61-65 ჯგუფებში შემავალ პროდუქციაზე. ეს მოიცავს არა მხოლოდ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს, არამედ თეთრეულს, ფარდებს, საბნებს, პლედებს, ტომრებს, ქუდებსა და სხვა ტექსტილის ნაწარმს. გამონაკლისს წარმოადგენს ევროკავშირის ქვეყნებიდან იმპორტირებული საქონელი და მეორადი ტანსაცმელი.

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ უცხოეთიდან 611 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ახალი ტანსაცმელი შეიძინა. იმპორტირებული პროდუქციის საერთო წონა 47 597 ტონას შეადგენდა.

აქედან ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა 225 მილიონი დოლარის ღირებულების, 5 132 ტონა ტანსაცმლის იმპორტი. შესაბამისად, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან საქართველოში 385.7 მილიონი დოლარის ღირებულების, 42 465 ტონა პროდუქცია შემოვიდა.

თუ ახალი საფასური წლის პირველი 10 თვის განმავლობაში მოქმედებდა და ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან შემოტანილ შესაბამის ტვირთზე გავრცელდებოდა, მომსახურების საფასური დაახლოებით 127.4 მილიონ ლარს შეადგენდა. ეს პირობითი გაანგარიშებაა, რომელიც იმპორტირებული ტვირთის წონაზე თითოეული კილოგრამისთვის 3-ლარიანი ტარიფის გავრცელებას ეფუძნება.

REA ფასების ზრდისა და ადგილობრივი ბიზნესის კონკურენტუნარიანობის შემცირების რისკებზე საუბრობს

ასოციაციის შეფასებით, ახალი საფასური დამატებით ფინანსურ ტვირთად დააწვება როგორც ბაზრობებზე, ისე სავაჭრო ცენტრებში წარმოდგენილ კომპანიებს. REA აღნიშნავს, რომ ევროპული ბრენდების მნიშვნელოვანი ნაწილიც აზიის ქვეყნებსა და თურქეთში იწარმოება და ევროკავშირში წარმოშობის დამადასტურებელი EUR.1 სერტიფიკატი არ გააჩნია.

ასოციაცია მიიჩნევს, რომ გაზრდილი იმპორტის ხარჯები ადგილობრივ ბაზარზე ფასების ზრდის წინაპირობა შეიძლება გახდეს.

REA ასევე ყურადღებას ამახვილებს ადგილობრივი სავაჭრო ობიექტების ეკონომიკურ როლზე და აცხადებს, რომ ახალი ტარიფით გამოწვეულმა ხარჯებმა შესაძლოა მომხმარებლები უცხოური ონლაინ პლატფორმებისკენ კიდევ უფრო მეტად მიმართოს.

„ადგილობრივი სავაჭრო ობიექტები იხდიან იჯარას, ხელფასებსა და გადასახადებს საქართველოს ბიუჯეტში. მომსახურების საფასურის ახალი ტარიფი კი მომხმარებელს კიდევ უფრო უბიძგებს, თანხა უცხოურ სავაჭრო პლატფორმებზე დახარჯოს, რაც კიდევ უფრო წაახალისებს ქვეყნიდან კაპიტალის გადინებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ასოციაციის მიერ მოყვანილი მონაცემებით, მხოლოდ 2024 წელს საერთაშორისო ონლაინ გამოწერების მოცულობა 1.6 მილიარდ ლარს აჭარბებდა, მაშინ როდესაც ადგილობრივი ელექტრონული კომერციის მოცულობა დაახლოებით 500 მილიონი ლარი იყო. REA-ს შეფასებით, არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, 2030 წლისთვის საერთაშორისო ონლაინ გამოწერების მოცულობა შესაძლოა 5 მილიარდ ლარამდე გაიზარდოს.

ასოციაცია სახელმწიფო უწყებებთან შეხვედრას ითხოვს

REA-ს განცხადებით, რეგულაციის ამოქმედების შემდეგ სექტორს რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა აქვს, მათ შორის, რა მიზანს ემსახურება ახალი საფასურის დაწესება და რამდენად შეესაბამება მისი ოდენობა ადგილობრივი ბიზნესის ეკონომიკურ შესაძლებლობებს.

ასოციაცია ასევე ითხოვს ახალი წესის ტექნიკური დეტალების დაზუსტებას. კერძოდ, საუბარია ტვირთის ნეტო თუ ბრუტო წონით დაბეგვრის წესზე, შერეული დეკლარაციების გაფორმებასა და დადგენილების ამოქმედებამდე გამოგზავნილი ან საქართველოში შემოტანილი ტვირთების მიმართ ახალი ტარიფის გავრცელებაზე.

„საქართველოს საცალო და ელექტრონული კომერციის ასოციაცია (REA) მზად არის კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის. მივმართავთ სსიპ შემოსავლების სამსახურსა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს თხოვნით, უახლოეს პერიოდში ჩაინიშნოს სამუშაო-საკონსულტაციო შეხვედრა სექტორის წარმომადგენლებთან, რათა ერთობლივად განვიხილოთ მომსახურების საფასურის დათვლის ახალი წესის და ოდენობის მიზანშეწონილობა, ასევე ზემოთ აღნიშნული რისკების დაზღვევის მექანიზმები და დაზუსტდეს კრიტიკული ტექნიკური საკითხები“, - აცხადებს ასოციაცია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. BM.GEოპოზიციურიმეწარმეებს კილოგრამი ტანსაცმლის განბაჟების გაფორმება 3 ლარი დაუჯდებათ - დადგენილება
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მეწარმეებს კილოგრამი ტანსაცმლის განბაჟების გაფორმება 3 ლარი დაუჯდებათ - დადგენილებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები