პრემიერი: ურთულესი წლები გამოვიარეთ. 90-იანები, ავტორიტარიზმის ცხრა წელი, პროცესებმა კვალი დაატყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობასაც, თუმცა 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის უმთავრესი მიღწევა სწორედ დემოკრატიული არჩევნები და მაღალპროფესიული ცესკოა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მტკიცებით, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, ხოლო 2012 წლის მთავარი მიღწევა დემოკრატიული არჩევნები და მაღალპროფესიული ცესკოა.

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო კომისიის მოქმედი ხელმძღვანელობისა და შემადგენლობის წვლილი ბოლო წლებში საარჩევნო პროცესების მაღალ დონეზე ორგანიზებაში. წარსულში არსებული მძიმე გამოწვევების შემდეგ, სწორედ თქვენ მოიპოვეთ საზოგადოების ნდობა და მაღალი რეპუტაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა არის დემოკრატიული არჩევნები და პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ცენტრალური საარჩევნო კომისია.
"საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ისტორია 90-იანი წლების დასაწყისიდან არ იყო მარტივი. ყველას გვახსოვს 90-იანი წლები და მასთან დაკავშირებული სირთულეები, ყველას გვახსოვს 1999 წლის საპარლამენტო არჩევნები და ის პროცესი, როდესაც ქვემო ქართლისა და აჭარის საარჩევნო ადმინისტრაციები ხელოვნურად აჭიანურებდნენ შედეგების გადაგზავნას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, პოზიცია და ოპოზიცია ერთდროულად ცდილობდა გაყალბებული საარჩევნო შედეგების გადაგზავნის გაჭიანურებას და შემდეგ ეს ყველაფერი დასრულდა პოლიტიკური მოლაპარაკებებით. ასევე ყველას გვახსოვს 2008 წელს ტოტალურად გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნები, მაშინ მე პირადად ვესწრებოდი ერთ-ერთ შეხვედრას, სადაც ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკურმა ატაშემ, მაშინდელმა ატაშემ, ერთ-ერთ უცხოელ პროფესორს გაუზიარა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ევროპულ ქვეყანას გამზადებული ჰქონდა დასკვნა არჩევნების ტოტალური გაყალბების შესახებ, თუმცა შემდეგ ერთ-ერთმა სხვა ქვეყანამ გამოაქვეყნა დასკვნა საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობის თაობაზე და ამის შემდეგ ყველა ევროპულმა ქვეყანამ შეატრიალა საკუთარი დასკვნა.
ასეთი ურთულესი წლები გვაქვს გამოვლილი ჩვენ - ჯერ 90-იანი წლები, შემდეგ მომდევნო ცხრა წელიწადი, ავტორიტარიზმის ცხრა წელიწადი, და ბუნებრივია, ამ პროცესებმა, მძიმე პროცესებმა საკუთარი კვალი დაატყო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობასაც. თუმცა ეს ყველაფერი შეიცვალა და 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა არის სწორედ დემოკრატიული არჩევნები და მაღალპროფესიული, პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ცენტრალური საარჩევნო კომისია.
საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღე არ არის მხოლოდ ისტორიული თარიღი. ეს არის საარჩევნო მემკვიდრეობის დაფასება და ამავდროულად იმ ადამიანების ღვაწლის აღნიშვნა, ვინც ამ ტრადიციას დღეს ღირსეულად აგრძელებს.
მე კიდევ ერთხელ მინდა გადაგიხადოთ მადლობა თითოეულ თქვენგანს. მადლობა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობას, ბატონ თავმჯდომარეს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თითოეულ წევრს, ასევე საოლქო კომისიების წევრებს, საუბნო კომისიების წევრებს, რომლებიც წლების განმავლობაში ემსახურებიან დემოკრატიულ არჩევნებს ჩვენს ქვეყანაში. მადლობა მინდა გადავუხადო ცესკოს თითოეულ თანამშრომელს, ვინც წლების განმავლობაში არჩევნების ორგანიზებისა და ჩატარების საქმეს ემსახურება. კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს და გისურვებთ ყველას წარმატებებს,"- განაცხადა პრემიერმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…