საქართველოს ჯანდაცვის სისტემას დაემატება სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი შესანიშნავი დაწესებულება, ეს არის ახალი სიტყვა ქართულ მედიცინაში - მიხეილ სარჯველაძე თოდუას სახელობის ახალი ქირურგიული კლინიკის გახსნაზე
თბილისში თოდუას კლინიკის ახალი ცხრასართულიანი კორპუსი გაიხსნა, რაც ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, ქართულ მედიცინაში ახალი სიტყვა და მკურნალობის მაღალი სტანდარტია.
ცოტა ხნის წინ, თბილისში თოდუას კლინიკის ახალი ცხრასართულიანი სტაციონარული კორპუსი გაიხსნა, რომელშიც 7 მაღალტექნოლოგიური საოპერაციო დარბაზი, 7 საწოლზე გათვლილი პოსტოპერაციული მეთვალყურეობის სივრცე და 100 პაციენტზე გათვლილი სტაციონარია.
ასევე, საქართველოს სამედიცინო პრაქტიკაში პირველად, საოპერაციო დარბაზები შენობის -1 სართულზეა განთავსებული, ინფრასტრუქტურა კი ჰაერის ხარისხის, ტემპერატურის, განათებისა და ინფექციის კონტროლის ინტეგრირებულ სისტემებს აერთიანებს, რომლებიც რთული ქირურგიული ჩარევების უსაფრთხო და ეფექტიანი წარმართვისთვის არის განკუთვნილი.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, მიხელი სარჯველაძის განცხადებით, აღნიშნული კლინიკა ახალი სიტყვაა ქართულ მედიცინაში.
"დღეს ქართული ჯანდაცვის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი დღეა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემას დაემატება სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი შესანიშნავი ახალი დაწესებულება, არამედ დღეს ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ ეს არის, ერთგვარად, ახალი სიტყვა ქართულ მედიცინაში, ეს არის მკურნალობის ახალი, ძალიან მაღალი სტანდარტი.
მივესალმებით სამედიცინო დაწესებულებების ექიმებისა და ჯანდაცვის მენეჯერების ყველა მცდელობას, მათ ამბიციას, რომ საქართველოში მკურნალობა ხელმისაწვდომი იყოს მაღალი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.
ამ ახალ ინფრასტრუქტურაში, ექიმებისა და ექთნების უზომოდ მაღალი პროფესიონალური გუნდით, ხარისხი და სტანდარტი დაცულია მაღალ დონეზე, რომელიც არანაკლებია იმისა, რაც ხელმისაწვდომია ნებისმიერ განვითარებულ სახელმწიფოში", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…