ალეკო ელისაშვილი - შვილებთან საუბრის უფლებას მიზღუდავენ, რომ მოწმეზე - ძაღლზე, ზეწოლა არ მოვახდინო, ხოლო ადამიანებს, რომლებსაც პატიმრის წამების საქმეზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ, თავისუფლებაში ყოფნის უფლებას აძლევენ - რა სტანდარტით ხელმძღვანელობთ?
ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ციხეში ოჯახთან კომუნიკაციას მოწმეზე — ძაღლზე ზეწოლის თავიდან აცილების საბაბით უზღუდავენ, მაშინ როცა პატიმრის წამებაში ბრალდებული ციხის ყოფილი ხელმძღვანელები გირაოთი გაათავისუფლეს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში მის წინააღმდეგ დაწესებულ აკრძალვას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, მისი თქმით, ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის საშუალება არ აქვს.
როგორც პოლიტიკოსი წერს, მას ტერორიზმის მცდელობისთვის უკვე 13-წლიანი სასჯელი აქვს განსაზღვრული, რაც მის წინააღმდეგ სხვა, მიმდინარე საქმეებში არსებულ მოწმეებზე რაიმე სახის ზეწოლას გამორიცხავს. მისივე თქმით, ეს ყველაფერი ხდება იმ დროს, როდესაც „დავით ფეიქრიშვილის მიმართ ციხის საკანში განხორციელებული ძალადობის საქმეზე ბრალდებულები - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორი, გიორგი პატარიძე და გლდანის მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი, რამაზ ფირცხალავა, „პატიმრის წამებისთვის“ 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არიან თავისუფლები“.
„პროკურატურა მიიჩნევს, რომ ოჯახის წევრებთან, მათ შორის შვილებთან შეხვედრით, შესაძლოა ძაღლზე, ცუგაზე, ზეწოლა მოვახდინო.
უკვე ერთი წელია, მკაცრი რეჟიმის ციხეში მყოფს აკრძალული მაქვს ოჯახის წევრებთან ნებისმიერი კომუნიკაცია: ვერ ვრეკავ, წერილს ვერ ვაგზავნი, შვილებს ვერ ვხვდები. პროკურატურა ამ შეზღუდვას ყოველ ორ თვეში ერთხელ მიგრძელებს, მოწმეზე ზეწოლის თავიდან აცილების მოტივით. თუმცა, ჩემს საქმეში მოწმე არ არსებობს - არის მხოლოდ ძაღლი, ცუგა. (ისიც საკითხავია, ეს ძაღლი რეალურად არსებობს თუ არა).
უფრო გასაგებად: ერთ საქმეზე, რომელზეც უკვე 13 წელი მომისაჯეს, განაჩენი დამდგარია, შესაბამისად შეზღუდვების გაგრძელების საფუძველი აღარ არსებობს. მეორე, აბსურდულ საქმეზე კი, რომელიც ჩემს წინააღმდეგ შეკერეს, სასამართლო პროცესები განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. თუმცა, სწორედ ამ საქმეს იყენებენ ჩემთვის კომუნიკაციის აკრძალვის გასაგრძელებლად. სასამართლოები ამ საქმეზე არ ტარდება, თუმცა შეზღუდვები გრძელდება, რომ მოწმეზე ზეწოლა არ მოვახდინო. ვიმეორებ, მოწმე მხოლოდ ოთხფეხა ძაღლია, რომლის არსებობაც კიდევ საკითხავია.
ამავე დროს, გლდანის ციხეში პატიმრის წამების საქმეზე ბრალდებული პენიტენციური დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი და გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
გამოდის, მე შვილებთან საუბრის უფლებას მიზღუდავენ, რომ ძაღლზე ზეწოლა არ მოვახდინო, ხოლო ადამიანებს, რომლებსაც პატიმრის წამების საქმეზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ და რომელთაც ათობით შესაძლო მოწმესა და მნიშვნელოვან ვიდეომტკიცებულებაზე ზემოქმედების შესაძლებლობა აქვთ, თავისუფლებაში ყოფნის უფლებას აძლევენ
[პროკურატურა] საინტერესოა, რა სტანდარტით ხელმძღვანელობთ, როდესაც აგრძელებთ ჩემი უფლებების შეზღუდვას იმ მოტივით, რომ შვილებთან შეხვედრით, თანაც ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხიდან შესაძლოა, ძაღლზე ზეწოლა მოვახდინო, მაშინ როცა თავისუფლებაში ტოვებთ ციხის ყოფილ ხელმძღვანელებს, რომელთაც უმარტივესად შეუძლიათ მათ წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებში მოწმეებზე ზემოქმედებაც და მტკიცებულებების განადგურებაც. იქნებ, განმიმარტოთ ეს ორმაგი სტანდარტი“,- წერს ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ საერთო ჯამში, სისხლის სამართლის 4 საქმეა წარმოებული, საიდანაც ერთზე, რომელიც ტერორისტული აქტის მცდელობას გულისხმობს, მსჯავრდებულია და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ამასთან, მას ბრალი აქვს წარდგენილი ტერორისტული აქტის განხორციელებისთვის, რომელიც სასამართლოს არქივის შენობაში ხანძრის გაჩენას გულისხმობს. პოლიტიკოსს ბრალი ასევე წარდგენილი აქვს სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზეც, რაც პოლიციელ შოთა ჭიპაშვილის მისამართით ნათქვამ სიტყვა „არაკაცის“ წოდებას მოიცავს. ელისაშვილი ასევე ბრალდებულია პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ალი ბაბაევის პოლიტიკური ნიშნით დევნაზეც.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…