რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება – კახა კალაძე
კახა კალაძის განცხადებით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება, მოეწყობა მიწისზედა გადასასვლელები და სივრცე სრულად ადაპტირებული გახდება.

კახა კალაძის თქმით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მერის თქმით, პროექტის დასრულების შემდეგ, სრულად ადაპტირებულ გამზირზე საგზაო მოძრაობის თითოეულ მონაწილეს უსაფრთხოდ გადაადგილების თანაბარი შესაძლებლობა ექნება.
მისივე განცხადებით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია მიწისზედა გადასასვლელების მოწყობა, რომლის საშუალებითაც ქვეითებსა და ეტლით მოსარგებლე შშმ პირებს გზის უსაფრთხოდ გადაკვეთის შესაძლებლობა ექნებათ.
კახა კალაძემ აღნიშნა, რომ დედაქალაქის მასშტაბით, ქალაქის რეაბილიტაციას, ქუჩებისა და გამზირების განახლება ეტაპობრივად გაგრძლდება.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება და სულ მალე ქვეყნის მთავარი გამზირი განახლებული სახით დაუბრუნდება ჩვენს მოქალაქეებს. რუსთაველის გამზირი არ არის უბრალოდ ერთი ქუჩა ან სატრანსპორტო დერეფანი. ეს არის ჩვენი დედაქალაქის გული, ჩვენი ისტორიის, კულტურისა და ეროვნული მეხსიერების განუყოფელი ნაწილი. ამ გამზირს განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის ცხოვრებაში. სწორედ ამიტომ, მისი რეაბილიტაციისას ჩვენი ამოცანა იყო არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის განახლება, არამედ ისეთი სივრცის შექმნა, სადაც თითოეულ ადამიანს უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილების შესაძლებლობა ექნება. პროექტის დასრულების შემდეგ, სრულად ადაპტირებულ გამზირზე საგზაო მოძრაობის თითოეულ მონაწილეს უსაფრთხოდ გადაადგილების თანაბარი შესაძლებლობა ექნება.
აქამდე მშობლები საბავშვო ეტლებით ვერ გადადიოდნენ გზის ერთი მხრიდან მეორეზე და ისევე, როგორც ეტლით მოსარგებლე მოქალაქეებს, მათაც დიდი მანძილის შემოვლა უწევდათ. ეს პრობლემა მთლიანად მოგვარებული იქნება. ქალაქის ხელმისაწვდომობა არ არის პრივილეგია – ეს თითოეული ადამიანის უფლებაა. როდესაც ვსაუბრობთ თანამედროვე, განვითარებულ დედაქალაქზე, მისი განვითარების ხარისხი სწორედ ასეთი საკითხებითაც უნდა იზომებოდეს – რამდენად კომფორტულია ქალაქი ბავშვისთვის, ხანდაზმულისთვის, მშობლისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის და, ზოგადად, თითოეული მოქალაქისთვის. რუსთაველის გამზირი ყველას ეკუთვნის და ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
კარგად გვესმის რამდენად დიდი დისკომფორტი ახლავს ამ ტიპის სამუშაოებს. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისას ქალაქში გადაადგილების თვალსაზრისით გვქონდა ძალიან დიდი პრობლემა, იყო დიდი დისკომფორტი. ამ თვეების განმავლობაში გამზირის ირგვლივ მცხოვრებ ადამიანებს უწევდათ ცხოვრება ხმაურში, მტვერში. მინდა, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მათ, როგორც დედაქალაქის მერმა, როგორც ქვეყნის რიგითმა მოქალაქემ, მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, თუმცა, როდესაც სამუშაოები დამთავრდება, რუსთაველის გამზირი იქნება ძალიან ლამაზი, ყველანაირად მოწესრიგებული. დარწმუნებული ვარ, ყველა თბილისელი და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, ვისაც ჩვენი ქალაქი უყვარს, იამაყებს.
გვინდა, რუსთაველი იყოს არა მხოლოდ გამზირი, რომელსაც ყოველდღიურად გავივლით, არამედ ადგილი, სადაც სიამოვნებით გავისეირნებთ, შევხვდებით მეგობრებს, გავატარებთ დროს შვილებთან ერთად და კიდევ ერთხელ შევიგრძნობთ ჩვენი ქალაქის განსაკუთრებულ ხასიათს. რუსთაველი თავისი ისტორიითა და კულტურული მნიშვნელობით ყოველთვის გამორჩეული იყო და ასეთად უნდა დარჩეს მომავალი თაობებისთვისაც. განახლებული რუსთაველის გამზირი უბრუნდება თბილისს, უბრუნდება თბილისელებს, უბრუნდება თითოეულ მოქალაქეს.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ქალაქის რეაბილიტაციას, ქუჩებისა და გამზირების განახლებას ამით არ ვასრულებთ. დედაქალაქში საკმაოდ სერიოზული გამოწვევები გვაქვს. ეტაპობრივად მივყვებით და ყველაფერი იქნება რეაბილიტირებული. ჩვენ კი გვაქვს სურვილი, რომ რაც შეიძლება მეტი ქუჩა და გამზირი მოვაწესრიგოთ, მაგრამ იმასაც ვითვალისწინებთ, მსგავსი ტიპის სამუშაოები რამხელა სატრანსპორტო შეფერხებებს იწვევს. სამწუხაროდ, ერთდროულად რამდენიმე ქუჩისა და გამზირის რეაბილიტაციის ფუფუნება არ გვაქვს, თუმცა ჩვენი ქალაქი აუცილებლად იქნება კიდევ უფრო ლამაზი, მოწესრიგებული, გამწვანებული, გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ა.შ. – აცხადებს კახა კალკაძე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიაკახა კალაძე: რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისას ჩვენი ამოცანა იყო ისეთი სივრცის შექმნა, სადაც თითოეულ ადამიანს უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილების შესაძლებლობა ექნება
კახა კალაძე: რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისას ჩვენი ამოცანა იყო ისეთი სივრცის შექმნა, სადაც თითოეულ ადამიანს უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილების შესაძლებლობა ექნება
კახა კალაძე - რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება და სულ მალე ქვეყნის მთავარი გამზირი განახლებული სახით დაუბრუნდება ჩვენს მოქალაქეებს
კახა კალაძის განცხადებით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება
კახა კალაძე: „რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისას ჩვენი ამოცანა იყო ისეთი სივრცის შექმნა, სადაც თითოეულ ადამიანს უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილების შესაძლებლობა ექნება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…