ბულინგი და კრიტიკა დანაშაულის აღიარებისთვის - რა მიზნის მისაღწევად სურთ ძალადობრივი აქციის მონაწილეების ციხეში ყოფნა ოპოზიციის აქტივისტებს
აქციების მონაწილე მსჯავრდებულები, რომლებმაც დანაშაული აღიარეს და შეწყალება მიიღეს, ბულინგის ადრესატები გახდნენ; ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლების ჰუმანური მიდგომა არ შეიცვლება მათ მიმართ, ვინც დანაშაულს ინანიებს.

ციხის დატოვებიდან რამდენიმე საათში, ძალადობრივ აქციებში მონაწილე ის პირები, რომლებმაც დანაშაული აღიარეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს ბულინგისა და შეურაცხმყოფელი განცხადებების მთავარი ადრესატები გახდნენ. თავდასხმების ავანგარდში იმ მსჯავრდებულების მშობლები არიან, რომლებმაც დანაშაულის მონანიებას ციხეში ყოფნა ამჯობინეს.
საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი და მადისკრედიტირებელი კომენტარების ავტორების ნაწილი, დანაშაულის აღიარებას არაკაცობას უწოდებს, ნაწილი კი ღიად ამბობს, რომ ჯგუფური ძალადობისთვის გასამართლებულების ვადაზე ადრე ციხიდან გათავისუფლება, მათ გეგმებს ეწინააღმდეგება.
ამ თავდასხმებისგან თავდაცვა ტყუილით სცადა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა. პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა პატიმარმა უარყო, რომ მიხეილ ყაველაშვილს თხოვნით მიმართა. ეს მაშინ, როცა საქმეში ჯგუფური ძალადობისთვის გასამართლებულის მიერ ხელმოწერილი ორი დოკუმენტი დევს, სადაც ის დანაშაულს აღიარებს, ინანიებს და შეწყალებას ითხოვს.
მმართველ გუნდში დარწმუნებული არიან, რომ ციხეში ჯერ კიდევ რჩებიან ძალადობრივ აქციებში მონაწილე ის პირები, რომლებმაც დანაშაული გაიაზრეს, თუმცა ბრალს მხოლოდ მოსალოდნელი თავდასხმების გამო არ აღიარებენ.
აღიარების საფუძველზე სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე არაერთმა მსჯავრდებულმა დატოვა, ძალადობრივ პროცესებში მონაწილეებმაც და ორგანიზატორებმაც. მათ შორის იყვნენ 2024 წლის საპროტესტო აქციების დროს ე.წ მოლოტოვის კოქტეილებისა და პიროტექნიკის სროლისთვის დაკავებულები, ჯგუფური ძალადობისთვის გასამართლებულები, 4 ოქტომბერს კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობაში დამნაშავედ ცნობილები. ხელისუფლების ოპონენტები დღესაც და წინა მსგავს შემთხვევებშიც მათ მორალურ პასუხისმგებლობაზე მიანიშნებენ.
პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნის ან საპროცესო შეთანხმების გაფორმების გამო, პატიმრებზე თავდასხმა ახალი არ არის მმართველი გუნდისთვის. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ ერთ-ერთი მსჯავრდებულის მამის მიერ გაკეთებული განცხადებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დარჩეს ციხეში.
დანაშაულის აღიარებაზე ოპოზიციის აქტივისტების რეაქციები მათ რეალურ სახეზე მეტყველებს პრემიერ მინისტრისთვის. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლების ჰუმანური მიდგომა არ შეიცვლება იმ პატიმრების მიმართ, რომლებიც დანაშაულს აღიარებენ და მოინანიებენ.
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტმა 232 ადამიანი შეიწყალა, მათ შორის 8 ძალადობრივ აქციებში მონაწილე მსჯავრდებულია.
ავტორი: ნანა გოგატაძე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…