იაპონიაში ტაიფუნს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა
იაპონიაში ტაიფუნ „დუჯუანის“ შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაკარგულად ითვლება. სტიქიამ გამოიწვია ძლიერი წვიმები, დამანგრეველი ქარი, ელექტროენერგიის შეწყვეტა ათასობით ადამიანისთვის და ავიარეისების გაუქმება. ხელისუფლებამ მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა, თუმცა ქარიშხლის გადაადგილების შემდეგ შეზღუდვების უმეტესობა მოიხსნა.

იაპონიაში ოთხი ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ტაიფუნ „დუჯუანის“ გამო ტოკიოსა და მიმდებარე პრეფექტურებს ძლიერი წვიმები და დამანგრეველი ქარი დაატყდა თავს, - ინფორმაციას BBC-ი იაპონურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაღუპულები კანაგავასა და ჩიბას პრეფექტურებში მეწყრულ პროცესებს ემსხვერპლნენ. ამ დროისთვის, ექვსი ადამიანი დაკარგულად ითვლება.
სტიქიამ ელექტროენერგიის გარეშე დატოვა 50 000 ადამიანი და ასობით ავიარეისის გაუქმება გამოიწვია.
ორშაბათს, ქარიშხლის პიკის დროს, ხელისუფლებამ მოსახლეობა „სიცოცხლისთვის უშუალო საფრთხის“ არსებობის შესახებ გააფრთხილა და 1.9 მილიონ ადამიანს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა. დღეს კი, მას შემდეგ, რაც ქარიშხალი იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროს მოშორდა, ევაკუაციის შესახებ გაცემული ბრძანებების უმეტესობა გაუქმდა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.