ტაიფუნი იაპონიაში – მთავრობამ ორ მილიონამდე ადამიანს ევაკუაციისკენ მოუწოდა
იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროს ტაიფუნი „დუჟუანი“ უახლოვდება. ხელისუფლებამ ტოკიოსა და მიმდებარე პრეფექტურებში მცხოვრებ დაახლოებით ორ მილიონ ადამიანს ევაკუაციისკენ მოუწოდა. მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, ტაიფუნი მოსალოდნელზე ძლიერია, წყალდიდობის შედეგად უკვე არიან დაშავებულები.

იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროს ტაიფუნი „დუჟუანი“ უახლოვდება. ხელისუფლება ტოკიოსა და მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას წყალდიდობისა და მეწყრის მაღალი რისკის შესახებ აფრთხილებს.
დაახლოებით ორ მილიონ ადამიანს ევაკუაციის რეკომენდაცია მიეცა. იაპონიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ევაკუაცია ექვს პრეფექტურაში 1,908,645 ადამიანს ეხება. ეს პრეფექტურებია: იბარაკი, ჩიბა, ტოკიო, კანაგავა, შიზუოკა და საიტამა.
ევაკუაცია სავალდებულო არ არის, მაგრამ იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ (JMA) ზოგიერთ რაიონში მოსახლეობა სიცოცხლისთვის დაუყოვნებლივი საფრთხის შესახებ გააფრთხილა.
„გთხოვთ, შეამოწმოთ თქვენი მუნიციპალიტეტის კატასტროფების რისკის დონე და ევაკუაცია მოახდინოთ, სანამ ადგილობრივი ხელისუფლება ოფიციალურ ევაკუაციის ბრძანებას გასცემს“, – ციტირებს „ბიბისი“ სააგენტოს მთავარ სინოპტიკოსის, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ ტაიფუნი მოსალოდნელზე ძლიერი იყო.
მედიის ცნობით, წყალდიდობის შედეგად რამდენიმე ადამიანი უკვე დაშავდა, ერთი ქალი დინებამ წაიღო და მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.
პროგნოზის მიხედვით, ტაიფუნი 24 საათს გასტანს. გამოცხადებულია მეოთხე და უმაღლესი – მეხუთე დონის გაფრთხილება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.