მეუფე იობი - დიალოგი რისთვის არსებობს, დავსხდეთ, ვიმსჯელოთ, რა გვჭირს, როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს დაპირისპირება? - ჩვენ ვერ ვიქნებით ვინმესთან დაპირისპირებული, ვერც პოზიციასთან და ვერც ოპოზიციასთან, ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ერი
მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა განაცხადა, რომ საქართველო „როგორც ერმა, ისე ბერმა“ უნდა მართოს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას კი დიალოგისა და დაპირისპირების დასრულებისკენ მოუწოდა.

სულ ვამბობ, რომ ქვეყნის მართვის სხვა მოდელი უნდა შეიქმნას საქართველოში. ჩვენი ქვეყანა უნდა მართოს, როგორც ერმა, ისე ბერმა. დიალოგი რისთვის არსებობს, დავსხდეთ, ვიმსჯელოთ, რა გვჭირს, როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს დაპირისპირება? ჩვენ ვერ ვიქნებით ვინმესთან დაპირისპირებული, ვერც პოზიციასთან და ვერც ოპოზიციასთან, ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ერი. ქრისტიანობა სიყვარულის რელიგიაა. ჩვენ ყველანაირად უნდა შევეცადოთ, რომ სიყვარულზე დავაფუძნოთ ჩვენი ურთიერთობა ოპოზიციასთანაც და პოზიციასთანაც , - ამის შესახებ ამის შესახებ მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) გიორგობის დღესასწაულზე ქადაგებისას ამბიონიდან განაცხადა.
მეუფე იობმა ასევე ისაუბრა წმინდა კონსტანტინ კახის შესახებ, რომლის ხსენების დღეც არის დღეს და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, წაიკითხოს კონსტანტინ კახის ცხოვრება და მის მიერ ქვეყანასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებებით იხელმძღვანელოს.
“დღეს წმინდა კონსტანტინ კახის ხსენების დღე არის. ის კახეთიდან იყო, დიდგვაროვანი თავადი იყო და მეცხრე საუკუნეში მოღვაწეობდა საქართველოში. ეს ის პერიოდია, როდესაც თბილისიც კი არაბებს ჰქონდათ დაპყრობილი. მაშინ ჰასანი ხელმძღვანელობდა არაბებს თბილისში და მან დამოუკიდებლობა გამოაცხადა სხვა არაბებისგან. ქართულ ბუნებაში რაც ზის, ის თვისება აითვისა მან და დამოუკიდებელი უნდოდა ყოფილიყო. შემდეგ შემოდის ბუღა, რომელიც თავს კვეთს ამირას. ამ დროს 85 წლის იყო კონსტანტინი და ცხენზე ამხედრებული ებრძოდა მათ [არაბებს]. ის შეიპყრეს და წაიყვანეს ბაღდადში, სადაც ტყვეობაში ჰყავდათ.
საოცარი ისაა, რომ ამ მოვლენების აღმნიშვნელი წარწერა არის ათენის სიონში, რომ 5 აგვისტოს შემოესია ბუღა თურქი საქართველოს, ჰასანს თავი მოკვეთეს და 23 აგვისტოს შეიპყრეს წმინდა დიდმოწამე კონსტანტინი და მისი ძე. იმდენად დიდი პიროვნება იყო ეს კონსტანტინ კახი, რომ ყველაფერს აკეთებდა ეკლესიის ძლიერებისთვის, ჩადიოდა წმინდა ადგილების მოსალოცად, შესაწირს აკეთებდა იერუსალიმში, სხვადასხვა წმინდა ადგილზე, იორდანიის უდაბნოში მამებს ხვდებოდა და იქ სიწმინდეებს ემთხვეოდა, ქველმოქმედებას ეწეოდა.
ასეთი პიროვნება არის ჭეშმარიტი ხელისუფლის სახე. მე დღევანდელ ხელისუფალს მოვუწოდებ, რომ კარგად წაიკითხონ მისი [წმინდა კონსტანტინ კახის] ცხოვრება და იხელმძღვანელონ იმ გადაწყვეტილებებით, რომელსაც ის იღებდა. წმინდა კონსტანტინ კახი არის მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს ხელისუფალი. როგორ იცავდა სამშობლოს, როგორ ეწეოდა ქველმოქმედებას, ეხმარებოდა სასულიერო პირებს.
მე სულ ვამბობ, რომ ქვეყნის მართვის სხვა მოდელი უნდა შეიქმნას საქართველოში. ჩვენი ქვეყანა უნდა მართოს როგორც ერმა, ისე ბერმა. ჩვენ არ უნდა მივბაძოთ მართვის სხვა მოდელებს, რაც უცხოეთშია. ჩვენ ქართველები გამორჩეული ერი ვართ. საზეპურო უწოდა უფალმა, მე არ ვიცი, რომელ ქვეყანას უწოდა სხვას. ერთი რამ გვაკლია, ერთობა უნდა გვქონდეს. ცხონებული ილია მეორე ხშირად ამბობდა, რომ ერთსულოვნებაა საჭირო. ჩვენ ერთსულოვანი უნდა ვიყოთ, არ უნდა დავუპირისპირდეთ ერთმანეთს.
დიალოგი რისთვის არსებობს, დავსხდეთ, ვიმსჯელოთ, რა გვჭირს, როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს დაპირისპირება? ჩვენ ვერ ვიქნებით ვინმესთან დაპირისპირებული, ვერც პოზიციასთან და ვერც ოპოზიციასთან, ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ერი. ეშმაკი ყოფს, ღმერთი აერთიანებს. ჩვენ თუ ღვთის მსახურები ვართ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ერი გავაერთიანოთ.
ვთქვათ, მოდიან ჟურნალისტები სახელისუფლებო მხრიდან და ოპოზიციის მხრიდან, სასულიერო პირმა არცერთთან არ უნდა გააკეთოს კომენტარი რომელიმე მხარის მხარდასაჭერად. ნებისმიერ ტელევიზიასთან სიმართლე უნდა ვთქვათ. თუ პოზიციის მხილებაა საჭირო, უნდა ვამხილოთ, ოღონდ სიყვარულით, არა სიძულვილით. თუ ოპოზიციაა სამხილებელი, უნდა ვამხილოთ. უშეცდომო არავინაა ამ ქვეყნად.
ქრისტიანობა სიყვარულის რელიგიაა. ჩვენ ყველანაირად უნდა შევეცადოთ, რომ სიყვარულზე დავაფუძნოთ ჩვენი ურთიერთობა ოპოზიციასთანაც და პოზიციასთანაც. არ შეიძლება სასულიერო პირმა, როგორც პოლიტიკოსმა, რაღაც პოზიცია დაიკავოს და მტკიცედ დაიცვას ეს.
აუცილებელია თუ კი გამოსწორდება, თუ კი დავინახავთ, რომ წინსვლა არის, თუ კი დავინახავთ, რომ კეთილად წარიმართება ჩვენი ქვეყნის მომავალი, იმ ხელისუფალს დავუჭერთ მხარს, რომელიც ამას გააკეთებს. მადლობა უფალს, არ არის ისეთი მდგომარეობა, რომ ჩიხში შევიდეთ და რაღაც პოზიციები განვამტკიცოთ. საუბრით, ურთიერთობით ყველაფერი მოგვარდება.
ჩვენ მცირერიცხოვანი ერი ვართ, ძალიან პატარა ქვეყანა ვართ და ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ. თუ დაპირისპირებაში შევალთ, ჩავთვალოთ, რომ ეშმაკის მხარეს ვდგავართ. თუ გაერთიანებას ვუწყობთ ხელს, ჩავთვალოთ, რომ ღვთისმსახურები ვართ და ღმერთის მხარეს ვართ”, - აღნიშნა მეუფე იობმა ქადაგებისას.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…