მარიამ ქვრივიშვილი – საქართველოს ექნება მეტი შესაძლებლობა, წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაშიც, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით, რომელიც ექსპორტის შესაძლებლობას ქმნის
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, 2036 წლისთვის საქართველოს ელექტროენერგიის დადგმული სიმძლავრე 2,5-ჯერ გაიზრდება და 11,5 ათას მგვტ-ს მიაღწევს, რაც ქვეყანას ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში წვლილის შეტანის საშუალებას მისცემს.

დღეისთვის საქართველოს ელექტროენერგიის დადგმული სიმძლავრე დაახლოებით 5000 მგვტ-ს შეადგენს. ჩვენ გარდავქმენით ენერგეტიკული სექტორის განვითარების 10-წლიანი გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს 2036 წლისთვის დადგმული სიმძლავრის 2,5-ჯერ გაზრდას, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი გენერაცია დაახლოებით 11,5 ათას მგვტ-ს მიაღწევს, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ბუქარესტში, „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-13 მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარების პროცესში არსებულ დინამიკაზე საუბრისას მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ, 10-წლიანი გეგმის შესაბამისად, 2036 წლისთვის საქართველოში ადგილობრივი გენერაცია დაახლოებით 11,5 ათას მგვტ-ს მიაღწევს.
„ეს ნიშნავს, რომ საქართველომ ელექტროენერგიის გენერაციის სრული თვითკმარობა უნდა უზრუნველყოს, რათა სრულად დააკმაყოფილოს ქვეყნის შიდა მოხმარების საჭიროებები. ამ სულისკვეთებით, ჩემს ქვეყანას ექნება მეტი შესაძლებლობა, თავისი წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაშიც შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით, რომელიც ექსპორტის შესაძლებლობას ქმნის“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა, მწვანე ენერგიის დერეფნის პროექტთან ერთად, ინვესტიციების განხორციელების მნიშვნელობას ძირითად ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში.
„ჩვენ ვირჩევთ ერთგულების კურსს და ინვესტიციებს ვდებთ ძირითად ინფრასტრუქტურაში. ჩვენ კვლავ ერთგულნი ვართ ამ გზისა და უზრუნველვყოფთ ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორში საინვესტიციო ნაკადების მხარდაჭერას. ამ დინამიკიდან გამომდინარე, ძალიან გვახარებს, რომ როგორც მიმდინარე წელს, ისე მომავალ წლებშიც ჩვენს ადგილობრივ ენერგობაზარს მნიშვნელოვანი დადგმული სიმძლავრეები დაემატება“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…