წელს ელექტროენერგიის მოხმარება მხოლოდ 2%-ით გაიზარდა
„სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ცნობით, ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება 1.8%-ით გაიზარდა, ხოლო ჰესების გამომუშავებაზე დაწესებული შეზღუდვების გამო ბიზნესმა Galt & Taggart-ის შეფასებით 67 მლნ ლარით იზარალა.

სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარებამ 12.4 მლრდ კვტ.სთ შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 224 მლნ კვტ.სთ-ით, ანუ 1.8%-ით მეტია.
მიმდინარე წლის ათი თვის გენერაციაში ჰიდროსადგურების წილი კვლავ წამყვანია, თუმცა წლიურ ჭრილში მათი გამომუშავება შემცირებულია. წელს ჰესებმა 9.6 მლრდ კვტ.სთ გამოიმუშავეს, რაც 2.5%-ით ნაკლებია 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ამის მიზეზი გამომუშავებაზე დაწესებული შეზღუდვაც არის. მიმდინარე წლის ზაფხულში, ჭარბი დენის გენერაციაზე მთავრობას შეზღუდვის დაწესება მოუწია, რის გამოც ბიზნესმა, საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის შეფასებით, 67 მლნ ლარით იზარალა. ასევე მასშტაბური იყო მოცულობაც: მაის-ივლისში ნახევარი მილიარდი კვტ.სთ დენის გამომუშავება შეიზღუდა ქვეყანაში.
თბოსადგურების გამომუშავება მიმდინარე წელს 1.9 მლრდ კვტ.სთ იყო, რაც წლიურად თითქმის 3%-ით გაზრდილი ამჩვენებელია. 132 მლნ კვტ.სთ გამოიმუშავეს ქარის სადგურებმა, რაც წლიურ ჭრილში 86%-იანი ზრდაა. ამის მიზეზი სისტემას დამატებული ორი მსხვილი სადგურია - ზემო ქარისა და რუისის ქარის ელექტროსადგურები. კვლავ მცირეა მზის სადგურების წილი და წელს მათ დაახლოებით 15 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…