შიო მესამე - სუროგაციასთან დაკავშირებულია არაერთი ძალიან მძიმე ცოდვა და ამის აკრძალვა ჩვენს ქვეყანაში იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო მესამის განცხადებით, საქართველოში სუროგაციის აკრძალვა ქვეყნის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება. მისი თქმით, სუროგაციასთან დაკავშირებულია არაერთი მძიმე ცოდვა, ხოლო გადაწყვეტილებას წინ საპატრიარქოსა და ხელისუფლების საუბარი უსწრებდა.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - ამის [სუროგაციის] აკრძალვა ჩვენს ქვეყანაში იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ მმართველი პარტიის იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ქადაგებისას აღნიშნა, რომლის მიხედვითაც საქართველოში სუროგაციის აკრძალვა იგეგმება.
როგორც პატრიარქმა თქვა, ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა საპატრიარქოსა და ხელისუფლების წარმომადგენლების საუბარი.
„დიდი კმაყოფილებით მინდა გამოვეხმაურო იმ ახალ ინიციატივას, რომელიც ჩვენ ყველამ გუშინ მოვისმინეთ. ეს ეხება სუროგაციის აკრძალვას საქართველოში. ძვირფასო ძმებო და დებო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. მე ახლა არ ჩავუღრმავდები, უბრალოდ მოკლედ ვიტყვი, რომ სუროგაციასთან დაკავშირებულია არაერთი ძალიან მძიმე ცოდვა და ამის აკრძალვა ჩვენს ქვეყანაში იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით. დღეს, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი მოხარულები ვართ ამ გადაწყვეტილების გამო და ვლოცულობთ, რომ ღმერთმა, წმინდა გიორგიმ და წმინდა ნინომ შეგაძლებინოთ, რომ ეს განახორციელოთ და ბოლომდე მიიყვანოთ.
რა თქმა უნდა, ამას წინ უსწრებდა, ჩვენი ურთიერთობაც ერთმანეთთან, საუბარიც ამ პრობლემისა და მიმდინარე პრობლემების თაობაზე. ძალიან მოხარული ვარ, რომ თქვენი ეს გადაწყვეტილება მომდინარეობს, თქვენი ქრისტიანული მსოფლმხედველობიდან და იქიდან, რომ გული შეგტკივათ ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანული და ტრადიციული ღირებულებების გაძლიერებისა და დანერგვის თვალსაზრისით“,- აღნიშნა პატრიარქმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…