ფაშინიანი: ახალი კონსტიტუცია აზერბაიჯანთან შეუქცევად მშვიდობას მოგვიტანს
ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ სომხეთი აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას გააფორმებს და შეუქცევად მშვიდობას მიაღწევს. პრემიერ-მინისტრის თქმით, ყარაბაღის კონფლიქტმა ქვეყანა სახელმწიფოებრიობის დაკარგვის ზღვარზე მიიყვანა.

„ჩვენი მიზანია, სომხეთის რესპუბლიკა მიწაში გათხრილი სანგრიდან მშვიდობის გზაჯვარედინად, ისეთ ქვეყნად ვაქციოთ, რომელსაც ასევე ეყოლება არმია, რომელსაც დამოუკიდებლად შეეძლება სახელმწიფო საზღვრებისა და საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის ხელშეუხებლობის დაცვა“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 23 ნოემბერს, მოქალაქეებისადმი მიმართვისას.
მიმართვა ახალი კონსტიტუციის პროექტს ეხებოდა, რომელიც იმავე დღეს სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
https://netgazeti.ge/news/823230/
„ძვირფასო ხალხო, სომხეთის რესპუბლიკის ძვირფასო მოქალაქეებო, ამ საკითხზე სასწორზე ვდებ ჩემდამი, როგორც პოლიტიკოსისა და ადამიანის მიმართ არსებულ მთელ ნდობას, მთელ ჩემს მორალურ ავტორიტეტს და ვაცხადებ: ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ ჩვენ არა მხოლოდ ხელს მოვაწერთ აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას და მოვახდენთ მის რატიფიცირებას, არამედ მივაღწევთ ინსტიტუციურ, მტკიცე და შეუქცევად მშვიდობას.
ეს უპრეცედენტო და ისტორიული ვითარებაა არა მხოლოდ იმიტომ, რომ გვექნება ინსტიტუციური მშვიდობა, არამედ იმიტომაც, რომ გვექნება მშვიდობა და დამოუკიდებლობა, მშვიდობა და სახელმწიფო.
ეს, არსებითად, ჩვენი ხალხის ისტორიაში ახალი მოცემულობაა, რადგან, როგორც წესი, ჩვენ ან მშვიდობა გვქონდა, ან სახელმწიფო. საბჭოთა კავშირის დაშლის წინ, შესაძლოა, სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ყარაბაღის კონფლიქტი, რომ მშვიდობა ოცნებად ქცეულიყო, ხოლო მისი ხელახლა მოპოვების სურვილს ჩვენთვის სახელმწიფოებრიობასა და დამოუკიდებლობაზე უარის თქმისკენ ებიძგებინა.
მინდა პირდაპირ ვთქვა, რომ ყარაბაღის საკითხზე მთელი მოლაპარაკების პროცესიც სწორედ ამ ლოგიკით წარიმართა. დიახ, ამ კონფლიქტმა ჩვენი სახელმწიფოებრიობის დაკარგვის ზღვარზე მიგვიყვანა ჩვენი დაღუპული თანამემამულეების მსხვერპლის, თქვენი ტანჯვისა და გაჭირვების ფასად“, – განაცხადა ფაშინიანმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…