პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: პუტინი "ჩემოდნით" სის მეორე ცოლის როლში რ

გიორგი თარგამაძის შეფასებით, შენჟენში გამართულ სამიტზე პუტინმა თანასწორობის ილუზია ვერ შექმნა და ჩინეთზე დამოკიდებული ქვეყნის ლიდერად გამოჩნდა, ხოლო „ახალი იალტა“ უკრაინის გარეშე არ შედგა.

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: პუტინი "ჩემოდნით" სის მეორე ცოლის როლში რ
ფორმულა

რუსულმა ტელევიზიამ შენჟენში ერთი ჩემოდანი საგანგებოდ გვაჩვენა. კამერა პუტინის თანმხლებ ოფიცერზე შეჩერდა, ჟურნალისტმა კი მაყურებელს აუხსნა: ეს ბირთვული ჩემოდანია. „ჩეგეტი“ პუტინს სხვა ვიზიტებზეც დაჰყვება. ამჯერად უჩვეულო მისი ტარება კი არა, მისი საჩვენებლად გამომზეურება იყო.

ამ კადრმა ბავშვობის დროინდელი საბჭოთა ფილმები გამახსენა: სერიოზული კაცი ჩემოდნით დადის, გგონია, შიგნით სახელმწიფო საიდუმლოება უდევს; გახსნის და ნახევარლიტრიანი არაყი, პური და დასაყოლებელი აღმოჩნდება.

პუტინის ჩემოდანში, ცხადია, სხვა რამეა. რუსეთის ბირთვული არსენალი რეალურია და სახიფათო. მაგრამ შენჟენში მისი ასე საჩვენებლად გამოტანა ბევრს ამბობს პუტინის მდგომარეობაზე: ყველას უნდა შეახსენოს კვდომის ფაზაში მყოფი იმპერიის ძველი დიდების ის ერთადერთი ნარჩენი, რომლითაც ჯერ კიდევ შეუძლია მსოფლიოს დაემუქროს.მოსკოვს სამიტისგან კიდევ ერთი რამ უნდოდა - კადრი, რომელშიც პუტინი ამერიკისა და ჩინეთის ლიდერებთან თანასწორად დგას. ამ მოლოდინს „ახალი იალტის“ შემოგდებული ანალოგიებითაც ქმნიდნენ. თითქოს სამ ადამიანს შეეძლო შეკრებილიყო და უკრაინისა და ევროპის მომავალი მათ გარეშე გადაეწყვიტა.

ეს შედარება თავიდანვე უკიდურესად არასერიოზული იყო. როგორც „ატლანტიკური საბჭოს“ ანალიტიკოსი ჯონ ჰერბსტი შენიშნავდა, 1945 წელს სტალინის ჯარი აღმოსავლეთ ევროპაში იდგა. პუტინი კი უკრაინაში დაწყებული ომითაა გამოფიტული და მოლაპარაკების მაგიდასთან იმ გავლენის მოპოვებას ცდილობს, რომელსაც ბრძოლის ველზე ვერ აღწევს.

შენჟენში, მან, შეხვედრა და სასურველი ფოტო მიიღო. სამმა ლიდერმა „მშვიდობისკენ მიმართული დეკლარაციაც“ გამოაქვეყნა - ბირთვულ რისკებზე დიალოგითა და სხვა ზოგადი დებულებებით. მაგრამ ტექსტში უკრაინის ომი საერთოდ არ უხსენებიათ. დეკლარაცია არ გამხდარა შეთანხმება, რომლითაც პუტინი უკრაინის ბედს მის გარეშე გადაწყვეტდა.

შეხვედრამდე ორი დღით ადრე უკრაინამ ყირიმის ხიდს დაარტყა. მისი საავტომობილო მონაკვეთი ჩამოინგრა. ეს ხიდი პუტინისთვის მხოლოდ გზა არ არის: ის ოკუპირებული ყირიმის რუსეთთან მიერთების ხილული ძეგლია. შენჟენში პუტინი საკუთარი ძლევამოსილების ჩვენებას აპირებდა, უკრაინელებმა კი ყველას შეახსენეს, რამდენად მოწყვლადია მისი მმართველობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სიმბოლო.

იმავე დღეს მეორე პასუხი ბერლინიდან მოვიდა. უკრაინის მხარდამჭერი „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაში ზელენსკი და ევროპელი ლიდერები მონაწილეობდნენ ამერიკელ სპეცწარმომადგენლებთან ერთად. ამ შეხვედრის შენჟენის სამიტთან დამთხვევას დემონსტრაციული მნიშვნელობა ჰქონდა: როცა ჩინეთში სამი ლიდერის ფოტო იდგმებოდა, ბერლინში უკრაინის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა კვლავ დაადასტურეს. ლიდერებმა განაცხადეს, რომ წელს დაპირებულ 70 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას სრულად მიაწვდიან უკრაინას და სულ მცირე ამ მოცულობის მხარდაჭერას მომავალ წელსაც შეინარჩუნებენ. ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს სესხი კი 2027 წლის ბოლომდე უკრაინის სამხედრო და ფინანსურ საჭიროებებს უნდა მოხმარდეს.

ამ დაპირებების შესრულებას, ცხადია, სერიოზული ძალისხმევა სჭირდება. მაგრამ ბერლინის სამიტის პოლიტიკური გზავნილი გასაგები იყო: უკრაინის მომავალი უკრაინისა და ევროპის გარეშე ვერ გადაწყდება.

კანცლერმა მერცმა შენჟენის შეხვედრას, ფოტოსესია უწოდა. ჩინეთის საკითხებზე მომუშავე ევროპული კვლევითი ცენტრი MERICS კი შედეგს ასე აფასებს: პუტინმა დიპლომატიური ყურადღება მიიღო, მაგრამ მთავარი მოგებული მასპინძელი სი ძინპინი აღმოჩნდა. უკრაინაზე „ახალი იალტა“ არ შედგა; თავად ჩინეთმა კი, მიუხედავად ტრამპის მცდელობისა, ბირთვული არსენალის შემცირების მოლაპარაკების ვალდებულებაც არ აიღო.

თუმცა ტრამპი უკმაყოფილო არ იყო. მას ხომ საპრეზიდენტო ბორტის ტრაპთნ ჩინელი კოლეგა უშუალოდ დახვდა, შემდეგ მიღებაზე გამოჩენისას კი ამერიკის ჰიმნის ფონზე მიესალმნენ. განსხვავებით პუტინისგან, რომელსაც სის კანცელარიის უფროსმა უმასპინძლა და ფონურ მელოდიადაც ჩაიკოვსკის ,,მაკნატუნა“ შეურჩიეს.

საერთო ფოტოზე პუტინი მასპინძლის მეუღლის გვერდით დააყენეს. ამ განლაგებამ სოციალურ ქსელებში სის „მეორე ცოლის“ ხუმრობაც გააჩინა. ჩინური პროტოკოლის სპეციფიკურობიდან გამომდინარე ასეთი შემთხვევებისთვის ყველა დეტალი განსაკუთრებული გზავნილის მატარებელია.

თუნდაც ასე არ იყოს და კი ბატონო, ფოტოსთვის წყობაზე პოლიტიკურ თეორიას ნუ ავაგებთ, მაგრამ ამ დამთხვევამ და მასთან დაკავშირებულმა ხუმრობამ ურთიერთობის რეალური სურათი კი ნამდვილად წარმოაჩინა:

პუტინმა რუსეთი ჩინეთის ეკონომიკის ნედლეულის ბაზად და დანამატად გადააქცია. დასავლეთისგან იზოლირების პირობებში, მოსკოვისთვის ჩინეთის ბაზარი და საქონელი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. პეკინს კი გაცილებით მეტი არჩევანი აქვს. ეს თანასწორი პარტნიორების ურთიერთობას დიდი ხანია აღარ ჰგავს.

ამიტომ შენჟენის ფოტოზე პუტინის ადგილი მხოლოდ ის ადგილი არ არის, სადაც კამერის წინ დააყენეს. ის ადგილია, ის მდგომარეობა, სადაც რუსეთი მისივე დაწყებულმა ომმა მიიყვანა: ბირთვული ჩემოდნითა და ზესახელმწიფოს პრეტენზიით - მაგრამ ჩინეთზე მზარდი დამოკიდებულებით. პუტინს შეუძლია საერთო ფოტოზე მათთან ერთად დადგეს, მაგრამ ეს ვერ აქცევს მას სის, ან შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანასწორად და მითუმეტეს ვერ მისცემს უფლებას, უკრაინის ბედი მის გარეშე გადაწყვიტოს.

მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დიდი სახელმწიფოების გარიგებები და მოკავშირეთა მდგრადობა – ბრუკინგსიდან შენჟენის სამიტამდეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები