„ქართული ოცნება“ სუროგაციის აკრძალვას აანონსებს
„ქართული ოცნება“ სუროგაციის აკრძალვას აანონსებს: კირცხალიას თქმით, გადაწყვეტილება საპატრიარქოსთან და მთავრობასთან კონსულტაციების შედეგად მიიღეს და კანონპროექტი პარლამენტს მალე წარედგინება.

მისი თქმით, გადაწყვეტილება სუროგაციასთან დაკავშირებულ ეთიკურ და სამართლებრივ რისკებს ეფუძნება. კირცხალიამ ადამიანებით ვაჭრობის, ქალთა შესაძლო ექსპლუატაციისა და ბავშვთა უფლებების დარღვევის რისკები დაასახელა. მან თქვა, რომ სუროგაციის აკრძალვას შესაძლოა ეკონომიკური შედეგები მოჰყვეს, თუმცა, მისი შეფასებით, ეკონომიკური სარგებელი ამ რისკებს ვერ გადაწონის.
„კონსულტაცია როგორც საქართველოს საპატრიარქოსთან, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებასთან გვქონდა საკმაოდ აქტიურად და მიღებულია ეს გადაწყვეტილება“, – თქვა კირცხალიამ.
მისივე თქმით, კანონპროექტზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და მას პარლამენტს უახლოეს მომავალში წარუდგენენ.
სუროგაცია საქართველოში - რისკი ქალებისთვის
რადიო თავისუფლებამ სუროგაციის თემაზე არაერთი მასალა მოამზადა. საქართველოში უცხოეთიდან ჩამოსული სუროგატი ქალები რადიო თავისუფლებას უყვებოდნენ, რომ მძიმე პირობებში ცხოვრობდნენ, კუთვნილი ანაზღაურება ვერ მიიღეს და მშობიარობის შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ.
2025 წელს გამოძიებამ ათეულობით სუროგატი ქალი დაზარალებულად ცნო.
მკვლევრების მიერ რადიო თავისუფლებისთვის მოწოდებული მონაცემებით, 2019–2024 წლებში საქართველოში სუროგაციის გზით 4674 ბავშვი დაიბადა.
მასალა განახლდება
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…