ტრამპი აშშ-ის ფარგლებს გარეთ მონაცემთა ცენტრების მშენებელ ამერიკულ კომპანიებს „უზარმაზარი გადასახადით“ დაემუქრა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკულ კომპანიებს, რომლებიც მონაცემთა ცენტრების საზღვარგარეთ აშენებას გეგმავენ, „უზარმაზარი გადასახადით“ დაბეგვრით დაემუქრა. ინიციატივამ შესაძლოა ისეთ გიგანტებზე იქონიოს გავლენა, როგორებიცაა Meta, Amazon, Google და Microsoft.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკულ კომპანიებს, რომლებიც მონაცემთა ცენტრების აშენებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ გეგმავენ, „უზარმაზარი გადასახადით“ დაბეგვრით ემუქრება. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აღნიშნული ინიციატივა იმ ფონზე გაჟღერდა, როდესაც მიმდინარე თვის შუალედურ არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა უმრავლესობამ აშშ-ში მონაცემთა ცენტრების მშენებლობის წინააღმდეგ პოზიცია გამოხატა.
ტრამპის თქმით, ამ საკითხზე საკუთარ უახლოეს მრჩევლებთანაც კი არ უსაუბრია და ინიციატივის შესახებ მათ პირველად საჯაროდ აცნობა.
„ჩემს ხალხთან ამის შესახებ ჯერ არც კი მისაუბრია. მაგრამ ახლა ვეუბნები. ისინი აქ არიან, ბევრი მათგანი აქ იმყოფება. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ კომპანიებმა მონაცემთა ცენტრები სხვა ქვეყნებში ააშენონ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპის განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა ხელოვნური ინტელექტის სფეროს წარმომადგენლებისთვისაც. პრეზიდენტს ინიციატივის დეტალები არ დაუკონკრეტებია, თუმცა მისმა განხორციელებამ შესაძლოა მნიშვნელოვან გავლენას იქონიოს ისეთ კომპანიებზე, როგორებიცაა Meta, Amazon, Google და Microsoft. მათ საზღვარგარეთ მონაცემთა ცენტრების მშენებლობის პროექტები აქვთ.
აშშ-ში მონაცემთა ცენტრების მშენებლობას ბოლო პერიოდში წინააღმდეგობა შეხვდა. როგორც POLITICO წერს, ამერიკელთა უკმაყოფილება ენერგიის გადასახადების შესაძლო ზრდასა და გარემოზე ზემოქმედებას უკავშირდება. საზღვარგარეთ მშენებლობის დამატებით შეზღუდვამ კი შესაძლოა მთლიანად ამ სექტორის განვითარება შეაფერხოს.
ხელოვნური ინტელექტი ტრამპის აღმოსავლეთ აზიაში მრავალდღიანი ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. სამშაბათს მან ფილიპინებში ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის მოკავშირეებთან ერთად პროექტი „სუპერინტელექტის განვითარების ამაჩქარებელი“ წარადგინა. ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრისას კი, ტრამპის განცხადებით, მხარეები ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით „გარკვეული ერთობლივი წესების“ შემოღებაზე შეთანხმდნენ.
მიუხედავად ამისა, ვაშინგტონსა და პეკინს შორის ხელოვნური ინტელექტის სფეროში ლიდერობისთვის კონკურენცია გრძელდება. ტრამპის თქმით, ამ ეტაპზე შეერთებული შტატები ამ შეჯიბრში ლიდერობს.
„ვინც სუპერინტელექტში გაიმარჯვებს, ის გაიმარჯვებს. დაიმახსოვრეთ ეს. ვინც სუპერინტელექტში გაიმარჯვებს, ის გაიმარჯვებს“, - განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, მონაცემთა ცენტრების მშენებლობა ამერიკელ ამომრჩევლებში არაპოპულარულია. მათი წინააღმდეგობა ნოემბრის შუალედურ არჩევნებში „დემოკრატიული“ პარტიის რამდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვების ერთ-ერთ ფაქტორად იქცა. მათ შორისაა ჯინა ჰინოხოსა, რომელმაც ტეხასის გუბერნატორის არჩევნებში მოულოდნელი გამარჯვება მოიპოვა. მისი კამპანიის ერთ-ერთი მთავარი დაპირება შტატში მონაცემთა ცენტრების მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადება იყო.
„თუ მათ ტეხასში ან კალიფორნიაში არ ააშენებენ, მაშინ დასავლეთ ვირჯინიაში ააშენებენ. ჩვენ ბევრი ისეთი ადგილი გვაქვს, სადაც მათ ძალიან ელიან და რომლებიც შესანიშნავი ადგილებია. იქ ენერგიაც აქვთ და ყველაფერი დანარჩენიც“, — განაცხადა ტრამპმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…