პატრიარქი: ყველა ადამიანს ჰყავს თავისი მფარველი ანგელოზი, რომელიც იცავს მას ბოროტებისგან, მისი მსგავსი სიყვარული ჩვენ არ შეგვწევს. ნამდვილი სიყვარული თავგანწირვის გარეშე არ არსებობს
მთავარანგელოზობის დღესასწაულზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ მრევლს უქადაგა, რომ ნამდვილი სიყვარული თავგანწირვის გარეშე არ არსებობს და ყველა ადამიანს მფარველი ანგელოზი იცავს.

დღეს მთავარანგელოზობაა - დღესასწაულთან დაკავშირებით დილიდან ხალხმრავლობა იყო წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში, სადაც ტაძრის 30 წლის იუბილეც აღინიშნება.
სადღესასწაულო წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ აღავლინა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ პატრიარქმა მრევლისთვის იქადაგა.
პატრიარქმა მრევლს მთავარანგელოზობის დღესასწაული და ტაძრის იუბილე მიულოცა და ზეციურ ძალთა სამყაროზე, მფარველი ანგელოზის თავგანწირულ სიყვარულსა და ბოროტებასთან ბრძოლაში მის თანადგომაზე ისაუბრა.
"გილოცავთ დღევანდელ დიდებულ დღესასწაულს. ამ შესანიშნავი ტაძრის დღესასწაულს. მოგეხსენებათ, რომ სულიერი სამყარო არ შედგება მხოლოდ ადამიანის სულებისგან. არამედ ასევე ანგელოზების, მთავარანგელოზების, ზეციური ძალების აურაცხელი სიმრავლისგან. ეს სულიერი უხილავო სამყარო უფრო ადრე შეიქმნა, ვიდრე ხილული ქვეყანა. წმინდა წერილი ასე იწყება - პირველად ღმერთმა შექმნა ცა და ქვეყანა და შემდგე უკვე ბიბლია მოგვითხრობს ხილული სამყაროს შექმნაზე.
პირველად ღმერთმა შექმნა ზეცა და სწორედ ამ სიტყვებით, წმინდა წერილი მიგვითითებს უხილავი ანგელოზთა სამყაროს შექმნაზე.
ანგელოზთა სამყაროში თავიდან ყველა იყო წმინდა და კეთილი. შემდეგ ნაწილი მათგანი ღმერთს აუჯანყდა და წარმოიქმნა ბოროტი ანგელოზებს სამყარო. ამ უხილავი სამყაროს დანახვა და გაგება მიწიური სამყაროსთვის ძალიან რთულია, შეუძლებელია. მაგრამ ჩვენ, წმინდა წერილში გარკვეულ რამ გვეხსნება ანგელოზთა შესახებ. ასევე, წმინდა ადამიანები მოგვითხრობენ ჩვენ ანგელოზთა შესახებ. იმიტომ, რომ როგორც ამბობს უფალი, მათ ეს ხედვა ეძლევათ. ნეტარ იყვნენ წმინდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ. და აი ჩვენ აქედან ვიცით, რომ ზეციური ძალები არიან ძლიერი სულები, კეთილი, წმინდა სულები, რომლებიც ღმერთს და ადამიანებს ემსახურებიან. ყველა მათგანი არ არის ერთმანეთის თანასწორი, არამედ ზეციურ სამყაროში არის სამი იერარქია და ცხრა დასი. მთელი ამ ანგელოზთა სამყაროს მხედართმთავარი და მეთაური არის მიქაელ მთავარანგელოზი, რომლის ხსენებასაც დღეს ჩვენ აღვასრულებთ, მისი და მთელი სხვა ზეციური უხორცო ძალების.
ყველა ადამიანს, ყველა მართლმორწმუნე ქრისტიანს ეძლევა მფარველი ანგელოზი, ჰყავს თავისი მფარველი ანგელოზი, რომელიც იცავს მას ბოროტებისგან. მაგრამ ჩვენ თვითონვე განვაგდებთ ამ ჩვენს მფარველ ანგელოზს, როდესაც ვცოდავთ, როდესაც ბოროტებაზე ვთანხმდებით. და მაშინ ეს ანგელოზი განიცდის, ტირის და სწუხს. და პირიქით, ჩვენ მას მოვიზიდავთ ჩვენსკენ, როცა ვიჩენთ მოშურნეობას და სწრაფვას სიწმინდისკენ, სულიერებისკენ. ასე რომ, ყოველი ჩვენგანის გვერდით დგას ყოველთვის, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ჩვენი მფარველი ანგელოზი, რომელსაც ძალიან ვუყვარვართ. როგორც გითხარით, ის ჩვენც გვემსახურება. და აი მისი მსახურება არის თავგანწირული სიყვარულის მსახურება.
ნამდვილი სიყვარული თავგანწირვის გარეშე არ არსებობს. და ის ასეთი სიყვარულით გვემსახურება. მისი ამ სიყვარულის ძალა აქცევს მას ჩვენს დიდ მეგობრად. თანაც როგორი მეგობარი გვყავს, რა ბედნიერები ვართ, რა სიხარულია, რომ ბოროტებასთან ბრძოლაში შენ და ჩვენ ყველანი მარტო არ ვრჩებით, ჩვენს გვერდით ყოველთვის ის არის. ეს არის მეგობარი, რომელსაც აქვს ძალა, რომლის მსგავსი დედამიწაზე სხვა ძალა არ არსებობს.
და აი ასეთი სიყვარულით გვემსახურება გვეხმარება და თანაც მისი მსგავსი სიყვარული ჩვენ არ შეგვწევს. ისე ვუყვარვართ. ჩვენ არ შეგვწევს, მას კი ასე ძლიერ ვუყვარვართ და ასეთი სიხარულია ჩვენთვის.
ასე რომ, გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, ამ დიდ სიხარულს და გისურვებთ, რომ ეს სიხარული მუდამ თქვენთან ყოფილიყოს. ამისთვის ყოველთვის ვევედროთ წმინდა ანგელოზებს, მთავარანგელოზებს, რომ წმინდაო მთავარანგელოზო მიქაელ და ყოველნო ზეცისა უსხეულონო ძალნო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის და წმინდაო მფარველო ანგელოზო ჩემო, ევედრე ღმერთსა ჩემთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს,"- განაცახდა პატრიარქმა ქადაგებისას.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…