თბილისის 27-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორების პრესკონფერენცია გაიმართა
თბილისის 27-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორებმა პროგრამა წარადგინეს: ფესტივალზე 80-მდე ფილმს აჩვენებენ, ხოლო „საპატიო პრომეთე“ დიტო ცინცაძესა და ჰანს ციშლერს გადაეცემათ.

დღეს, თბილისის 27-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორების პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც საელჩოებისა და მედიის წარმომადგენლები, ასევე ფესტივალის მხარდამჭერები ესწრებოდნენ.
კინოხელოვნების ცენტრი "პრომეთე" მაყურებელს თბილისის 27-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე იწვევს, რომელიც 2026 წლის 29 ნოემბრიდან 6 დეკემბამდე გაიმართება. კინოჩვენებებს კინოთეატრი „ამირანი“ უმასპინძლებს.
29 ნოემბერს, კინოთეატრ "ამირანში", ფესტივალის გახსნის დღეს წარმოდგენილი იქნება რეჟისორ პაველ პავლიკოვსკის ფილმი "სამშობლო" ( Fatherland).
წლევანდელი ფესტივალის პროგრამა 80-მდე ქართულ და უცხოურ ფილმს მოიცავს. მაყურებელს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს თანამედროვე ქართულ და საერთაშორისო კინოს, აღმოაჩინოს ახალი ავტორები და განსხვავებული კინემატოგრაფიული ხედვები.
ფესტივალის პროგრამა მოიცავს შემდეგ სექციებს:
ევროპული ფორუმი
დამზადებულია გერმანიაში
ფრანგული კოლექცია
იტალიური პალიტრა
დოკუმენტური სამყარო
უკრაინული ამბები
აპოლო: კინოს მეხსიერება
ქართული პანორამა
განსაკუთრებული სეანსები
ქართული პანორამა საკონკურსო სექციაა. კინოფესტივალის ოფიციალური პრიზი - ოქროს პრომეთე - ოთხ კატეგორიაში გადაეცემა საუკეთესო ფილმებს.
საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი;
საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი;
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი;
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი.
საკონკურსო ფილმებს ორი დამოუკიდებელი ჟიური შეაფასებს, ერთი განიხილავს მხატვრული ფილმების კატეგორიას, ხოლო მეორე - დოკუმენტურს. თითოეული ჟიური სამი წევრისგან შედგება.
მხატვრული ფილმების ჟიური :
ნინო ჟვანია(რეჟისორი)
ილო ღლონტი(რეჟისორი)
გუგა კოტეტიშვილი(მხატვარი, მსახიობი)
დოკუმენტური ფილმების ჟიური:
კოტე კალანდაძე(რეჟისორი)
მარიკა ჭაჭია(პროდიუსერი, რეჟისორი)
დიანა მაღლაკელიძე(კინომცოდნე)
გარდა ამისა, ევროკავშირი გადასცემს ორ ჯილდოს “ქართულ კინოში ადამიანის უფლებების საუკეთესო ასახვისთვის” როგორც მხატვრული, ისე დოკუმენტური ფილმების კატეგორიაში. ასევე, დოკუმენტური კინოს ასოციაცია DOCA დოკუმენტური ფილმების საკონკურსო პროგრამის გამარჯვებულს სპეციალური ფულადი პრიზით დააჯილდოვებს.
აღნიშნული პრიზების გარდა, წელს პირველად, დამოუკიდებელი ონლაინ გამოცემა OC Media გადასცემს პრიზს კავკასიაში გადაღებული საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმისთვის.
კინოფესტივალის ტრადიციული ჯილდო - “საპატიო პრომეთე” - წელსაც გადაეცემა ერთ ქართველ და ერთ უცხოელ კინემატოგრაფისტს. წლევანდელი ფესტივალის საპატიო პრომეთეს მფლობელები იქნებიან ქართველი რეჟისორი დიტო ცინცაძე და გერმანელი მსახიობი და მწერალი ჰანს ციშლერი.
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის პარტნიორები არიან:
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო), გოეთეს ინსტიტუტი, ფრანგული ინსტიტუტი, პოლონეთის საელჩო საქართველოში,იტალიის საელჩო საქართველოში, შვედეთის საელჩო საქართველოში, ნორვეგიის საელჩო საქართველოში, ნიდერლანდების საელჩო საქართველოში, ავსტრიის საელჩო საქართველოში, ლატვიის საელჩო საქართველოში, შვეიცარიის საელჩო საქართველოში, დოკუმენტური კინოს ასოციაცია (DOCA), სტოქტონ რეკორდსი
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი წლების განმავლობაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ქართული და საერთაშორისო კინოხელოვნების პოპულარიზაციის საქმეში და მაყურებელს თანამედროვე კინემატოგრაფიის მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…