პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„ხელისუფლების დანაწილებაზე რამე გსმენიათ?“ – კითხვა-პასუხის ეტაპი ოპოზიციის აკრძალვის საქმეზე

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებანაციონალური მოძრაობაკოალიცია ცვლილებისთვისსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიგახარია საქართველოსთვის

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვის საქმეზე მხარეთა შეკითხვების ეტაპი გაიმართა. „ქართული ოცნება“ 2004-2012 წლების სისტემურ დანაშაულებზე აპელირებს, ოპოზიცია კი აცხადებს, რომ მმართველი გუნდის რეალური მიზანი პოლიტიკური ოპონენტების განადგურებაა.

„ხელისუფლების დანაწილებაზე რამე გსმენიათ?“ – კითხვა-პასუხის ეტაპი ოპოზიციის აკრძალვის საქმეზე
ბათუმელები

დღეს, 19 ნოემბერს, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში მხარეებს შორის კითხვა-პასუხით გაგრძელდა.

კითხვების დასმა მოსარჩელე მხარემ, ანუ „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო.

თორნიკე ჭეიშვილმა „ოცნებიდან“ მოსამართლეებს უთხრა, რომ კითხვა „მოცულობითია“ და ტრიბუნით სარგებლობა ითხოვა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ მარტივ კითხვას – 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები იყო თუ არა სისტემური, „მოცულობითს“ ხდის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების სურვილი, თითოეული მათგანი დეტალურად მოეყოლათ სხდომათა დარბაზში.

ჭეიშვილმა განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული საქმეების უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში მომხდარ დანაშაულებს უკავშირდებოდა. მისი ინფორმაციით, ამ საქმეების გამო მიყენებული ფიზიკური თუ მორალური ზიანისთვის სახელმწიფომ 2 მილიონამდე ევრო გადაიხადა.

თორნიკე ჭეიშვილმა ჩამოთვალა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 15-მდე მუხლი, რომელთა დარღვევაც დაადგინა ევროპულმა სასამართლომ 2004-2012 წლებში მომხდარი საქმეებზე. მათ შორისაა სიცოცხლის უფლება, წამების აკრძალვა, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, გამოხატვის თავისუფლება და ა.შ.

გარდა ამისა, ჭეიშვილმა ჩამოთვალა ყოფილი პოლიტიკური თანამდებობის პირები, რომლებიც მსჯავრდებულები არიან ამ საქმეებზე. მათ შორის: მიხეილ სააკაშვილი, ბაჩო ახალაია, ერეკლე კოდუა, ვანო მერაბიშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი და ა.შ.

ამავე თემაზე: ტერმინოლოგია პროპაგანდისტი კატეგორიულად მიუღებელია – გორდულაძე

საკმაოდ ვრცელი ზოგადი მიმოხილვის შემდეგ თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, რომ თითოეულ საქმეს მიმოიხილავდა, რასაც დარბაზში რეპლიკა მოყვა – „ახსნა-განმარტების ეტაპზე ვართ, თუ კითხვის დასმის?”

სასამართლოს თავმჯდომარე, რევაზ ნადარაიამ მხოლოდ დარბაზში გაჟღერებული რეპლიკის შემდეგ შენიშნა, რომ ჭეიშვილის საუბარი “განმარტების სტილისკენ წავიდა“ და მას მოუწოდა, სათქმელი კითხვის ფორმით ჩამოეყალიბებინა.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ სურდათ წინა ხელისუფლების დროს მომხდარი „უფლებადარღვევების რამდენიმე საქმის დემონსტრირება“.

„რასაც თქვენ ამბობთ, ან დასკვნით სიტყვაში უნდა მოახერხოთ, ან უნდა მოგეხერხებინათ თქვენი სარჩელის წარმოდგენისას“ – უთხრა მათ მოსამართლე ნადარაიამ.

„ქართული ოცნება“ დათმობაზე წავიდა და განაცხადა, რომ აღნიშნული საქმეების მხოლოდ ფაბულას გააჟღერებდა, რაზეც მოსამართლე დასთანხმდა, თუმცა, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ეს გააპროტესტეს.

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ეს იყო არა კითხვის დასმა, არამედ „პოლიტიკური კომუნიკაცია მაყურებელთან“.

შენიშვნები გამოთქვეს ოპოზიციური პარტიების სხვა წარმომადგენლებმაც.

ჯამში, ნახევარ საათზე მეტი დრო დასჭირდა იმის გარკვევას, როგორი ფორმულირებით უნდა დაესვა კითხვა თორნიკე ჭეიშვილს და ჰქონდა თუ არა მას უფლება, საქმის განხილვის ამ ეტაპზე ვრცლად მოეყოლა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მომხდარ დარღვევებზე.

ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, მოსამართლე რევაზ ნადარაიამ მას დართო ნება, მოეყოლა ცალკეულ საქმეებზეც, მაგრამ „ძალიან მოკლედ – ისე, რომ არ დაემსგავსოს ახსნა-განმარტებას“.

ამის შემდეგ, თორნიკე ჭეიშვილმა თითქმის ერთი საათი მოანდომა კონკრეტულ სასამართლო საქმეებზე საუბარს. მათ შორს იყო: სანდრო გირგვლიანის, ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის საქმეები, ბუტა რობაქიძისა და სერგო თეთრაძის, ასევე როინ შავაძის მკვლელობა, ე.წ. კასრების საქმე და ნავთლუღის სპეცოპერაცია.

„კითხვის საგანი არის, ამ საქმეთა ფონზე, ამ სტატისტიკების ფონზე, ჩვენ ვიცოდეთ, მოპასუხე მხარის დამოკიდებულება, მათი მკაფიო შეფასება იმასთან დაკავშირებით, აფასებენ თუ არა ამ ყველაფერს, როგორც სისტემურ და სისტემატურ დარღვევას, ადამიანის ძირითადი უფლებებისა“, – ამ ფრაზით დაასრულა „კითხვის დასმა“ თორნიკე ჭეიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა, ზაზა ბიბილაშვილმა და ლევან ბეჟაშვილმა პოზიციის დაფიქსირებისას კონტექსტზე გაამახვილეს ყურადღება.

მათი პოზიციაა, რომ ამ საქმეების საფუძველზე, პარტიების აკრძალვაზე მსჯელობისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს კონტექსტი, რომელშიც ქვეყანა „ვარდების რევოლუციამდე“ ცხოვრობდა და ცხოვრობს 2012 წლის შემდეგ.

„მოსარჩელე მხარე ისე წარმოჩენს, რომ საქართველოს ისტორიაში 2003-დან 2012 წლამდე პერიოდი არის ამოგლეჯილი პერიოდი. მანამდე ვიყავით ნორვეგია, ან ისლანდია, მას შემდეგ გავხდით მთლად სამოთხე, მარტო ეს პერიოდი იყო რაღაც სასწაული“, – განაცხადა ბიბილაშვილმა და თქვა, რომ ცალკეული პრობლემების მუხედავად „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, 2012 წლის შემდეგ კი უარესდება.

ამ კონტექსტში მან გაიხსენა „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში მომხდარი რამდენიმე გახმაურებული საქმე და ისაუბრა იმაზეც, რომ „საქართველოს საერთო სასამართლოების მიმართ ნდობა არის ისტორიულ მინიმუმზე“.

„ნახსენები იქნა 2 მილიონი ევრო, რომელიც საქართველოს დაეკისრა სტრასბურგის გადაწყვეტილებების შესაბამისად. ისეთი კონტექსტი იყო შექმნილი, რომ აი, ამხელა ზიანი მიადგა სახელმწიფოს. გააჩნია შემთხვევას, შეიძლება მართლაც ასე იყო, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ერთი ჩინოვნიკის სახლიდან იღებენ სამჯერ და ოთხჯერ მეტს ქეშად, ერთ საქმეზე…“, – თქვა ზაზა ბიბილაშვილმა და დასძინა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავად დააკავა მის მიერ დანიშნული თანამდებობის პირები, რომელთა ბრალეულობაზეც საუბრობენ 2012 წლამდე პერიოდში მომხდარი შემთხვევების განხილვისას.

ბიბილაშვილმა გაიხსენა „ქართული ოცნების“ ორგზის პორემიერ-მინისტრი, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც უკანონო შემოსავლების ლეგალიზება აღიარა, თუმცა კიდევ ერთი, კორუფციის შესახებ ბრალის წარდგების შემდეგ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებაზე დაიწყო საუბარი და ქართულ მართლმსაჯულება „კენგურუს სასამართლოდ“ შეაფასა. ბიბილაშვილმა ახსენა ე.წ. სუს-ის კრებსებიც და განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ მათ ედავება დანაშაულის სისტემურად ჩადენას მაშინ, როცა სუს-ის მიერ მოქალაქეთა მოსმენების სიხშირე რამდენჯერმე გაზარდეს.

მოსამართლეთა კოლეგიის თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ ზაზა ბიბილაშვილს შეახსენა, რომ „აქ ქართულ ოცნებას არ ედავებიან“ და მოუწოდა, საქმეზე საუბარს დაჰბრუნებოდა.

„თუ იქნება რაიმე დავა მათ მიერ დარღვევებთან დაკავშირებით, მაშინ დადგება ეს საკითხი…“ – განაცხადა რევაზ ნადარაიამ.

ზაზა ბიბილაშვილმა საუბრისას თქვა ფრაზა: „თქვენ აუქმებთ იმ ძალას…” თუმცა, მაშინვე ჩაასწორა და თქვა, რომ სასამართლო „იხილავს“ საქმეს. მან დააზუსტა, რომ სიტყვა „გაუქმება“ მტკიცებითი ფორმით იმიტომ გამოიყენა, რომ ზუსტად ასე აღწერს საკონსტიტუციო განხილვებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

შესწორებისა და ახსნის მიუხედავად, ბიბილაშვილის ნათქვამმა ძალიან გააღიზიანა მოსამართლე ნადარაია.

„საზოგადოებას გინდათ დაანახოთ, თითქოს სასამართლო აუქმებს [პარტიებს]. ეს არის სასამართლოსადმი უპატივცემულობა და სასამართლო მიიღებს შესაბამის ზომებს. ეს იცოდეთ. კეკლუცობთ საზოგადოების წინაშე – აუქმებთ, აუქმებთ, აუქმებთ… არ ვაუქმებთ. ვიხილავთ. შედეგი რა იქნება – დაელოდეთ“, – განაცხადა რევაზ ნადარაიამ.

„ეს ის გამონაკლისი შემთხვევაა, როდესაც მე მჯერა ირაკლი კობახიძის. ის ამბობს ვაუქმებთო“, – უპასუხა მას ზაზა ბიბილაშვილმა, რასაც თორნიკე ჭეიშვილის რეპლიკა მოჰყვა: „ხელისუფლების დანაწილებაზე რამე გსმენიათ?“

ოპონენტის რეპლიკის შემდეგ ბიბილაშვილმა კოლეგებს გადახედა და იკითხა – „მე მეუბნებიან ამას?“, რასაც დარბაზში სიცილი მოჰყვა.

მას შემდეგ, რაც მოსამართლემ დარბაზს სიჩუმისკენ მოუწოდა, ზაზა ბიბილაშვილმა საკუთარი სიტყვა შეაჯამა. კონტექსტის გათვალისწინების გარდა მან მოსამართლეებს მოუწოდა იმსჯელონ, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები როგორც მიემართება პარტიების აკრძალვის რომელიმე კონსტიტუციურ საფუძველს.

„იმის გამო, რომ ვიღაც კონკრეტული პირი პასუხისგებაში მიეცა 15 წლის წინ, დღეს რომ პარტია აიკრძალოს, ეს იურიდიული ნონსესია“, – განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

ლევან ბეჟაშვილმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ უნდა დადგინდეს, ადამიანის უფლებათა დარღვევები იყო თუ არა სისტემური.

მისი თქმით, არასწორია, როცა „ქართული ოცნება“ აქცენტს აკეთებს „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ჩადენილი დანაშაულების რაოდენობაზე. მისი თქმით, დანაშაულების რაოდენობა და მრავალჯერადობა აპრიორი არ ადასტურებს მათი ჩადენის სისტემურობას.

„ნაციონალების დროს ჩადენილი დანაშაულების მრავალჯერადობას აქვს სისტემური ხასიათი და იგივე დანაშაულების ჩამონათვალს, მრავალჯერადობას, სისტემური ხასიათი არ აქვს 2012-2026 წლებში? ან 2003 წლამდე? […]

გამოიძიეს სახელმწიფო პოლიტიკის და პარტიის კავშირი ამ დანაშაულებთან? სადმე წერია, რომ პოლიტიკური მდგენელი იყო ამ დანაშაულების ჩადენაში?

მესმის, რომ ის დანაშაულები შეიძლება მძიმე იყოს, ჩვენთვის არსებითი ხომ ის დანაშაულები არ არის, მთავარი ხომ ის არის, რომ სისტემურობა უნდა დავადგინოთ, სახელმწიფო პოლიტიკასთან კავშირი დავადგინოთ იმიტომ, რომ მერე პარტია გავაუქმოთ?” – თქვა ლევან ბეჟაშვილმა.

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ პოზიცია

კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ საუბარი იმ სასამართლო განაჩენების ეჭვქვეშ დაყენებით დაიწყო, რომლებიც იქამდე თორნიკე ჭეიშვილმა ჩამოთვალა.

მან თქვა, რომ გასაგებია საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიცია, რომელიც საერთო სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ფაქტებად იღებს, თუმცა მოსამართლეთა კოლეგიას ასე მიმართ – „უფლება დაგვიტოვეთ, რომ ყველა უპირობოდ არ ვენდობოდეთ ქართული სასამართლოების განაჩენებს“.

ამის შემდეგ გვარამიამ ისაუბრა იმაზე, თუ რატომ ვერ ადგენს სისტემურობას „ქართული ოცნების“ მიერ ჩამოთვლილი სისხლის სამართლის საქმეები.

„სისტემურობა დგინდება არა ოდენობით, არამედ ყველა ჯაჭვი უნდა გაირკვეს, რომელსაც მივყავართ ხელისუფლებამდე.

ეს უნდა ხდებოდეს დაკვეთით, მაგრამ არაერთხელ და კონკრეტული მიზანი ჰქონდეს. ანუ, ის, რომ დანაშაული მოხდა, თუნდაც დაკვეთილი დანაშაული და მიხვალთ ხელისუფლებამდე, მიზანი უნდა არსებობდეს. დანაშაულის ჩადენა უნდა ხდებოდეს რაღაცა სხვა მოტივით, რომელიც მერე დაუკავშირდება კონსტიტუციურ წესრიგს. ეს შეიძლება იყოს ხელისუფლებაში მუდმივად დარჩენის [მიზანი], მოწინააღმდეგე პოლიტიკური კლასის განადგურება და ა.შ.“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

„ქართული ოცნების“ დროს მომხდარ დანაშაულებზე ყურადღება გაამახვილა ნიკა გვარამიამაც. მისი თქმით, სასამართლომ უნდა იცოდეს, როგორ იქცევა პარტია, რომელიც სხვა პარტიების აკრძალვას ითხოვს და სწორედ ასე შეძლებს სასამართლო განსაზღვროს, რა არის „ქართული ოცნების“ რეალური მიზანი ამ სარჩელის შემოტანისას.

„[„ოცნების“] მიზანია ოპოზიციის განადგურება და არა საზოგადოებისთვის საფრთხის აცილება“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

„ლელო – საქართველოსთვის“ პოზიცია

პარტია „ლელო – საქართველოსთვის“ იყო ერთადერთი, რომელმაც პირდაპირ და მკაფიოდ უპასუხა დასმულ კითხვას.

„დიახ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ 2004-2026 წლებში სისტემურად და სისტემატურად ირღვევა ადამიანის უფლებები“, – ასე დაიწყო პოზიციის წარდგენა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სამუშიამ.

„ბატონო ლევან, შეკითხვა დასმული იყო 2004-2012 წლებზე, სარჩელითაც სადავო არის 2004-2012 წლები. 2012-2026 წლები როცა გახდება სავადო, მერე ბრძანეთ“, – შეეპასუხა მას მოსამართლე ნადარაია.

„გვედავებიან [„ქართული ოცნება“] არ დაგმობას [„ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელი ქმედებების] და წინასწარ ვგმობთ ამათ ქმედებას, ბატონო მოსამართლევ. წინასწარ დავგმეთ. ვიცით, რომ ძალიან ბევრი დანაშაულები აქვთ ჩადენილი. აქამდეც ვგმობდით და ახლაც დავგმეთ“ , – უპასუხა მოსამართლეს სამუშიამ.

მისი თქმით, როცა სისტემაზე და სისტემის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს სისტემა ადამიანებისგან შედგება.

„სად არიან კონკრეტული პასუხისმგებელი პირები?“ – იკითხა სამუშიამ და გააგრძელა – „მე როგორც ვიცი, ვინც ბატონ თეთრაძეს პატიმრობა შეუფარდა, უვადო მოსამართლეა დღეს და თავის უფლებამოსილებას ახორციელებს [მოსამართლე გიორგი გოგნიაშვილი]“.

„ქართული ოცნების“ მმართველობასთან გაავლო პარალელი სამუშიამ „ნაციონალურ მოძრაობის“ დროს ციხეებში არსებულ ვითარებაზე საუბრისასაც. ის დაეთანხმა მოსარჩელეს, რომ „უმძიმესი სიტუაცია იყო“, თუმცა იქვე დაამატა:

„ახლა ვნახეთ, სულ ერთი კვირის წინ, რომ ჯერ ამბობდა პენიტენციურის უფროსი და ციხის უფროსი, რომ არაფერი არ ჩაგვიდენია გვაბრალებენო და ამ სისტემურობიდან გამომდინარე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში აღმოჩნდა, რომ თურმე მთელი რგოლი – ხელმძღვანელი და ყველანი დანაშაულს ჩადიოდნენ. რამდენად სწორი კვალიფიკაცია აქვს მიცემული და რამდენად არის იქ ხელის დაფარება, ეს შემდგომში გახდება განხილვის საგანი, როგორც გირგვლიანის საქმეზე აღმოჩნდა, რომ არ ჰქონდა სწორი კვალიფიკაცია და შემდეგ გახდა განსჯის საკითხი“, – განაცხადა ლევან სამუშიამ.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების უკმაყოფილო რეპლიკებსა და მოსამართლის შენიშვნას სამუშიამ რიტორიკული კითხვით უპასუხა:

„ხომ გვედავებიან ჩვენ, მაგრამ ვინ გვედავება, ამასთან დაკავშირებით სასამართლოს წარმოდგენა ხომ უნდა ჰქონდეს?“

მან დასკვნით ნაწილში სისტემური დანაშაულების პრევენციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს მხოლოდ ობიექტურ და თავისუფალ მართლმსაჯულებას შეუძლია.

„სისტემური დანაშაულები რომ არ იყოს, ამას სჭირდება შემაკავებელი ინსტიტუციები. ეს არის, პირველ რიგში, საგამოძიებო სტრუქტურები და შემდგომ არის სასამართლო. როდესაც კონკრეტულ საქმეებზეა საუბარი, რომელი პროკურორი ან რომელი მოსამართლე მიეცა პასუხისგებაში?! რომლებმაც უკანონოდ წაუყენეს ბრალი, რომლებმაც სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს და რომლებმაც მსჯავრი გამოიტანეს. ეს ხომ თავისით არ ხდებოდა?!

როცა სისტემურობაზეა საუბარი, ნუ შევხედავთ ისე, რომ ამ სისტემას მხოლოდ ერთ ადამიანი ჰყავდა. სისტემა არის მეტასტაზებგადგმული… არ ჩამოვთვლი სახელებს და გვარებს. ის ადამიანები ახლაც ხომ მაღალ თანამდებობებზე არიან?! მე იმიტომ ვთქვი 2004-2026 წელი. ის [რაც ადრე ხდებოდა], ახლაც ხდება“, – თქვა სამუშიამ.

„მარტო მოსამართლეებში ხედავთ პრობლემას, მე როგორც მივხვდი“, – ჩაილაპარაკა მოსამართლე ნადარაიამ, სანამ სიტყვას ბერდია სიჭინავას გადასცემდა.

„გახარია – საქართველოსთვის“ პოზიცია

ბერდია სიჭინავამ გააგრძელა სხვა მოპასუხეების რიტორიკა და განაცხადა, რომ კონკრეტული დანაშაულების სისტემურობის შეფასებას სჭირდება ბევრად უფრო ღრმა მსჯელობა. გარდა ამისა, მან არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დანაშაულების სისტემურად ჩადენის მტკიცების ტვირთი ბრალმდებელზე, ამ შემთხვევაში „ქართულ ოცნებაზეა“.

„რაც შეეხება სისტემურობას და სისტემატიურბას ამ საკითხს, ეს მტკიცების ტვირთია. მოსარჩელე მხარემ უნდა წარმოგვიდგინოს ამასთან დაკავშირებით მტკიცებულები და თქვენ უნდა გაითვალისწინოთ ეს […] თუ ჩვენი მიზანი ის არის, რეტროსპექტიულად შევაფასოთ წარსულში როგორი მმართველობა იყო 2004-2012 წლებში, ეს არის პოლიტიკური განხილვის საგანი. მე და ჩემს პოლიტიკურ პარტიას ამასთან დაკავშირებით არაერთი პოლიტიკური განცხადება გვაქვს გაკეთებული. აქ, სამართლებრივ ჭრილში ვიხილავთ კონკრეტული პარტიების კონსტიტუციურობის საკითხს […]

კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ყველა ის უმძიმესი ფაქტი, რომელიც მომხდარა ამ წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, იყო მნიშვნელოვანი დარღვევები, შეიძლება იყო სისტემური დარღვევები, მაგრამ აქ ჩნდება ძალიან დიდი შეკითხვა – რა არის სისტემა? აქ სტატისტიკას აწარმოებდა მოსარჩელე მხარე და საუბრობდა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე. ევროპულ სასამართლომდე საქმე რომ მივიდეს, შიდასახელმწიფოებრივი მექანიზმები უნდა გაიაროს, ხომ? სად იყო ხელისუფლების ის რგოლი, რომელსაც უნდა დაეზღვია ეს სისტემური პრობლემები? სასამართლო ხელისუფლება, რომელიც არის მესამე ხელისუფლება აღმასრულებელი და საკანონდმებლო ხელისულფების შემდეგ, რომელსაც ეს სისტემური პრობლემები უნდა დაეზღვია.

ამიტომ, თუ ჩვენ რეტროსპექტიულად ვაფასებთ კონკრეტულ შემთხვევაში სისტემურობას, მოდით, შევაფასოთ ერთიანად – სამართალდამცავი სისტემაც, სასამართლო სისტემაც და ის ადამიანები, რომლებიც ამ სისტემურობას ემსახურებოდნენ“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ნახვა Facebook-ზე

მოსამართლემ მას სთხოვა, უფრო მკაფიოდ დაეფიქსირებინა პოზიცია:

„დიახ გავიგოთ, ან არა“ – უთხრა მას მოსამართლე ნადარაიამ, რაზეც სიჭინავამ უპასუხა, რომ „აქ დიახ და არა, არ არსებობს“.

„დიახ ან არა არ მომითხოვია – 5 წუთი ისაუბრეთ და დასკვნა რომ გავაკეთოთ…“ – შეასწორა საკუთარი ნათქვამი მოსამართლემ.

„დასკვნა რომ გააკეთოთ, კონცეპტუალურად იხელმძღვანელეთ იმ პასუხით, რაც ახლა ვთქვი“ – უპასუხა მას ბერდია სიჭინავამ.

„დიახ და არა ივანიშვილს ჰკითხონ, იმიტომ, რომ იმ პერიოდში აფინანსებდა ნაცმოძრაობას“ – ამ რეპლიკით ჩაერთო საუბარში პარტიის კიდევ ერთი წარმომადგენელი, ანა ბუჩუკური.

ამის შემდეგ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა რამდენიმე, შედარებით მოკლე კითხვა დასვეს. მათ შორის ერთ-ერთი შეეხებოდა მომავალ, 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებს.

„მომდევნო არჩევნები რომ ზუსტად იმავე პირობებში ჩატარდეს, როგორც ჩატარდა წინა არჩევნები, აღიარებთ თუ არა არჩევნების შედეგებს?“ – ჰკითხა გიორგი კახიანმა იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომელთა აკრძალვაც აქვს განზრახული „ოცნებას“.

ამ კითხვაზე ოპოზიციის პასუხებს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

სხდომის ბოლოს კითხვების დასმის საშუალება მიეცა ოპოზიციასაც. მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ალიკა კუპრავამ „ქართული ოცნების“ წევრებს ჰკითხა, რამდენად თავსებადია საერთაშორისო სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან და საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალურ პოზიციასთან მმართველი პარტიის სარჩელი.

„სარჩელში გიწერიათ, რომ 2004-2012 წლებში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელყო საქართველოს დამოუკიდებლობა და მიზანმიმართულად შექმნა ნიადაგი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასარღვევად. აი, ეს თქვენი სასარჩელო მტკიცება, საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალურ პოზიციასთან, საერთაშორისო სასამართლოებში და საერთაშორისო სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან, რამდენად მოდის თანხვედრაში და ხომ არ ეწინააღმდეგება?“ – ჰკითხა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს კუპრავამ.

„ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა ის, რომ რუსეთი არის ოკუპანტი“, – უპასუხა მას არჩილ გორდულაძემ და დაამატა, რომ მხარს უჭერენ საკონსტიტუციო სარჩელში მითითებული პოზიციას.

2008 წლის ომზე ვრცლად ისაუბრა ზაზა ბიბილაშვილმაც. მის კითხვებსა და არჩილ გორდლაძის პასუხებს ვრცლად შეგიძლიათ მოუსინოთ ამ ბმულზე:

ხვალ, 20 ნოემბერს, სხდომა კვლავ კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდება და კითხვების დასმის შესაძლებლობა სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც ექნებათ.

მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რევაზ ნადარაია ზაზა ბიბილაშვილს: ბატონო ზაზა, მარტივად რომ გითხრათ, პროვოკატორობთ, ეს არის სასამართლოსადმი უპატივცემულობა და სასამართლო მიიღებს შესაბამის ზომებს, ეს იცოდეთწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები