ღაზის მოსახლეობა უბრუნდება საცხოვრებელ არეალს, სადაც ისრაელის არმიამ სახმელეთო ოპერაცია დაასრულა
ისრაელის არმიამ ღაზაში ერთდღიანი სახმელეთო ოპერაცია დაასრულა, რაც „ჰამასმა“ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევად შეაფასა, ისრაელმა კი „ტერორისტული გვირაბის განადგურებით“ ახსნა.

ისრაელის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ დაასრულეს სახმელეთო ოპერაცია, რომელიც წინა დღეს დაიწყეს. ისინი, 2025 წლის ოქტომბერში ძალაში შესული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, ტანკებით შეიჭრნენ არეალში. მათი განცხადებით, ოპერაციის მიზანი იყო „ტერორისტული გვირაბის განადგურება”, რომელიც საფრთხეს უქმნიდა სამხედრო მოსამსახურეებს.
ისრაელის ჯარმა იერიში მიიტანა ღაზის ცენტრალურ ნაწილში, „ჰამასის“ კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ისრაელის სამხედრო ძალებისა და „ჰამასის“ კონტროლირებად ზონებს შორის არსებული, ეგრეთ წოდებული „ყვითელი ხაზის“ მიღმა მდებარეობს.
თავდაცვის სამინისტროს ორგანომ, რომელიც პალესტინის ტერიტორიებზე სამოქალაქო საკითხებზეა პასუხისმგებელი (COGAT), განაცხადა, რომ პალესტინელებს კვლავ ექნებათ გადაადგილების თავისუფლება ალ-ბურეიჯისა და ნუსეირატის ლტოლვილთა ბანაკების მიმდებარე ტერიტორიებზე, სადაც ერთი დღით ადრე მათ იქ მისვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდნენ.
ღაზის მოსახლეობის დიდ უმრავლესობას, 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ დაწყებული დამანგრეველი ომის გამო, საცხოვრებლის დატოვება, სულ ცოტა, ერთხელ მაინც მოუწია.
გაეროს ჰუმანიტარული სააგენტოს მონაცემებით, ტერიტორიის მოსახლეობის დაახლოებით 65 პროცენტი - ანუ 1,4 მილიონი ადამიანი - ამჟამად კარვებში ან დროებით თავშესაფრებში ცხოვრობს.
ჰამასმა (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი) დაგმო „ცეცხლის შეწყვეტის აშკარა დარღვევა“, ხოლო ისრაელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათი იერიში იყო პასუხი ჰამასის მიერ ამ ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაზე.
ისრაელი და ჰამასი რეგულარულად ერთმანეთს ადანაშაულებენ აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში.
აღნიშნული შეთანხმების თავდაპირველი პირობების თანახმად, ისრაელის სამხედრო ძალები ღაზის სექტორის 53 პროცენტზე რჩებოდნენ, თუმცა ამჟამად ისინი ტერიტორიის 60 პროცენტზე მეტს აკონტროლებენ.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ 1600-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა. ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო ჰამასის კონტროლის ქვეშ მოქმედებს, თუმცა გაერო მის მიერ მოწოდებულ მონაცემებს სანდოდ მიიჩნევს.
ამავე პერიოდში, ისრაელის სამხედრო უწყების ცნობით, დაიღუპა მათი შვიდი სამხედრო მოსამსახურე და ერთი სამოქალაქო კონტრაქტორი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…