პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„აღიარებთ თუ არა მომავალი არჩევნების შედეგებს?“ – „ოცნების“ კითხვა ოპოზიციას საკონსტიტუციოში

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებანაციონალური მოძრაობაცესკო- ცენტრალური საარჩევნო კომისიაგახარია საქართველოსთვისსაქართველოს პარლამენტი

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვის საქმეზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გაგა კახიანმა ოპოზიციას ჰკითხა, აღიარებენ თუ არა მომავალი არჩევნების შედეგებს იმავე პირობებში ჩატარებისას. ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აღიარება არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოზეა დამოკიდებული.

„აღიარებთ თუ არა მომავალი არჩევნების შედეგებს?“ – „ოცნების“ კითხვა ოპოზიციას საკონსტიტუციოში
ბათუმელები

„მომდევნო არჩევნები რომ ზუსტად იმავე პირობებში ჩატარდეს, როგორც ჩატარდა წინა არჩევნები, აღიარებთ თუ არა არჩევნების შედეგებს?“ – ეს შეკითხვა საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, გაგა კახიანმა დაუსვა ოპოზიციურ პარტიებს – მათ, ვის აკრძალვასაც „ოცნება“ ითხოვს.

პასუხის გაცემამდე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ზაზა ბიბილაშვილმა დააზუსტა, იგულისხმებოდა თუ არა, რომ „ოცნება“ გააუქმებს 2024 წლის შემდეგ საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს.

„2024 წლიდან დღემდე მიღებულ იქნა კანონთა მთელი ნუსხა, რომელიც ფუნდამენტურად ცვლის როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებლების აზრით ფუნდამენტურად აუარესებს იმ ვითარებას, რომელიც იყო 2024 წელს. შესაბამისად, სანამ მხარეები ამ კითხვას უპასუხებენ, უნდა იყოს დაზუსტება, გულისხმობს თუ არა ეს იმას, რომ „ოცნება“ ამ კანონებს უკან გაიხმობს, გააუქმებს და იმ პირობებში ჩატარდება არჩევნები, რომელშიც ჩატარდა 2024-ში“ – თქვა ზაზა ბიბილაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მოუწოდა, ჯერ გაეცათ პასუხი იმ კითხვაზე, რაც დაისვა და შემდეგ დაეზუსტებინათ დეტალები.

„ამის გარეშე როგორ უნდა გასცე პასუხი? თეორიული კითხვაა“ – გაისმა დარბაზში რეპლიკა, თუმცა მოსამართლემ გადაწყვეტილება არ შეცვალა.

კითხვაზე პასუხის გაცემა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო:

„სასამართლოს რომ ჰქონდეს ნათელი წარმოდგენა ჩვენს ღირებულებებზე, მათ შორის არჩევნების შედეგების აღიარებასთან დაკავშირებით – ჩვენ პრობლემა კი არა გვაქვს თავისუფალ, სამართლიან არჩევნებში საქართველოს მოქალაქეების ამა თუ იმ პოლიტიკური ძალისათვის, მათ შორის, ხელისუფლების ძალისათვის მხარდაჭერაზე და კონკრეტულ ციფრებზე.

ეს შედეგები თუ იქნება თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების შედეგი, სადაც მოქალაქეებს ექნებათ ნების თავისუფალი გამოხატვის საშუალება და პროცედურები უზრუნველყოფილი იქნება ისე, როგორც ამას დემოკრატიული არჩევნები ითვალისწინებს, ჩვენ არჩევნების შედეგების აღიარებასთან პრობლემა არა გვაქვს.

ეს არაერთხელ გამოვლინდა. მათ შორის, 2013, 2014, 2016, 2018, 2020, 2021 წლის არჩევნებში, მაგრამ ფაქტია, რომ ყველაზე მძიმე შეფასება 2024 წლის არჩევნებმა მიიღო საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, როგორც სადამკვირვებლო მისიების, ისე სახელმწიფოების მხრიდან.

დავეთანხმები ბატონი ზაზას მოსაზრებას – 2024 წლის მერე საარჩევნო გარემო კიდე უფრო დამძიმებულია.

მათ შორის, ბოლო ცვლილებები, სადაც [არჩევნების შედეგების] გასაჩივრების უფლებაც გვეკარგება, მაშინ, როდესაც კარგი სასამართლო და საკანონმდებლო პრაქტიკა ჰქონდა საქართველოში არჩევნებს, როდესაც შეიძლებოდა ცესკოს შედეგების გასაჩივრება, საკონსტიტუციო დონეზე საქმის გასაჩივრება და ა.შ. ვენეციის კომისიის დასკვნები და რეკომენდაციებიც არსებობს ამ კანონმდებლობასთან დაკავშირებით.

ამიტომ, ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს. შეგვიძლია გიპასუხოთ, რომ ჩვენთვის განმსაზღვრელია ქართველი ხალხის, ამომრჩევლის ნება. ეს ნება ასახული უნდა იყოს არჩევნების შედეგებში და ამ შედეგებთან ჩვენ პრობლემა არა გვაქვს. ჩვენი მთავარი პრობლემაა, რომ ამ ქვეყანაში არ ტარდება სამართლიანი, თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები, რომლის შედეგებსაც ვაღიარებთ“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

გარდა ამისა, მან თქვა, რომ ჩამოთვლილი არჩევნების დროს (გარდა 2024 წლის არჩევნებისა), იყო დარღვევები, მაგრამ არა იმდენად არსებითი, რომ შედეგების აღიარებაზე უარი ეთქვათ. თუმცა, მისივე თქმით, გამონაკლისი იყო 2024 წელი.

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ სახელით კითხვა თენგო თევზაძემ უპასუხა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლების შეცვლის ერთადერთ გზად თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს განიხილავენ, შემდეგ კი ვრცლად ისაუბრა კოალიციის 6-პუნქტიან გეგმაზე – იმ მინიმალურ სტანდარტებზე, რომლებიც, მათი შეფასებით, უნდა დააკმაყოფილოს არჩევნებმა, რომ მათ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.

მისი განმარტებით, ეს სტანდარტებია:

ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების დაბრუნება;

საარჩევნო კანონმდებლობის საარჩევნო კანონმდებლობის დაბრუნება 2024 წლის ოქტომბრამდე არსებულ მდგომარეობაში;

საერთო სასამართლოებში საარჩევნო კოლეგიების ჩამოყალიბება, რომლებიც განიხილავენ საარჩევნო დავებს;

სახის ამომცნობი, ან სხვა ტიპის ტექნოლოგიების გამოყენება არჩევნების დროს;

საუბნო კომისიებში როლების ობიექტურად განაწილება;

სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესაძლებლობა, დააკვირდნენ არჩევნებს.

თენგო თევზაძემ განმარტა, რომ არჩევნების აღიარება/არაღიარების საკითხი გადის იმაზე, როგორ ჩატარდება არჩევნები.

„იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩევლის ნება არ იქნება ასახული შედეგებში, რა თქმა უნდა, ის არჩევნები ვერ ჩაითვლება არჩევნებად. სხვა შემთხვევაში, სამართლიანი არჩევნების პრინციპების და იმ პუნქტების გათვალისწინებით, რაც ჩამოვთვალე, ჩვენ მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას და სამართლიანი არჩევნების პირობებში, დარწმუნებულები ვართ, რომ გავიმარჯვებთ“, – განაცხადა მან.

„ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა, რომ პარტიის პოზიციაა, არჩევნებში მონაწილეობა ყველა შემთხვევაში მიიღონ, მათ შორის – „ავტორიტარიზმის რეჟიმში – ისეთ რეჟიმში, რომელშიც „ქართული ოცნება“ საქართველოს აცხოვრებს“.

„რაც შეეხება აღიარებას – თუ „ქართული ოცნება“ გაიმეორებდა იმავე გზას, რაც 2024-ის არჩევნებამდე გაატარა ეს ქვეყანა და ქართველი ამომრჩეველი, თუ იქნებოდა ისეთივე დარღვევები, თუ საერთაშორისო შეფასებები, როგორც იყო 2024 წლის არჩევნების შემდეგ […] თუ ამ ყველაფერს მოაყოლებდა „ქართული ოცნება“ იმას, რაც მოხდა 2024 წლის 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, თუ ამ ყველაფერს მოჰყვებოდა ისეთი დარბევები აქციების, რაც ქართველი ხალხის სამართლიან პროტესტს მოჰყვა და თუ ისევე დაასახიჩრებდნენ ადამიანებს, როგორც ასახიჩრებდნენ ძალოვანები [მაშინ, არ ვაღიარებდით]” – განაცხადა გიორგი სიორიძემ.

„ძალიან მგზნებარე პოლიტიკური სიტყვაც არ გამოგივიდეთ“ – სიტყვა გააწყვეტინა მას კოლეგიის თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ.

გიორგი სიორიძემ განმარტა, რომ თუ არჩევნები გაყალბდება, პოლიტიკური ნაბიჯები იქნება „შემხვედრი და ადეკვატური“.

„ერთი-ერთში თუ უნდათ, რომ გაიმეორონ ის სცენარი, რაც ხდებოდა 2024 წელს, რა თქმა უნდა, ჩვენ იმავეს გავაკეთებთ, რაც გავაკეთეთ 2024 წელს, იმიტომ, რომ ასე მიგვაჩნდა სწორად“ – განაცხადა გიორგი სიორიძემ.

„გახარია-საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, ბერდია სიჭინავამ თქვა, რომ „ქართული ოცნება“ „წინასწარ იბევებს“ მომავალ არჩევნებს. მისი თქმით, ეს კითხვა ძალიან აბსტრაქტულია, მით უფრო იმის პარალელურად, რომ „ოცნებას“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა აქვს განზრახული.

„2024 წლის არჩევნები როგორ ჩატარდა, ამასთან დაკავშირებით არის უამრავი საერთაშორისო შეფასება, მაგრამ საბოლოო შეფასება ამასთან დაკავშირებით არ გაკეთებულა, იმიტომ, რომ ევროპულ სასამართლოში კონკრეტული საქმეა გაგზავნილი, სადაც გასაჩივრებულია ფარულობის პრინციპი. ფარულობის პრინციპი არის კონსტიტუციური პრინციპი […] მე ვფიქრობ, საბოლოო შეფასება ამ არჩევნების იქნება ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით. ამიტომ, წინასწარ პასუხის გაცემა… მაშინ თქვენ გვითხარით, როგორი იყო ეს არჩევნები თქვენი გადმოსახედიდან და მერე შევაფასოთ, 2028 წლის არჩევნებიც ზუსტად ასე თუ ჩატარდა, როგორი იქნება ჩვენი შეფასება“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მისი თქმით, „გახარია – საქართველოსთვის“ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა 2024 წლის არჩევნების შედეგებს, მაგრამ მათ მაინც მიიღეს ეს შედეგები [მაგ. შევიდნენ პარლამენტში], „იმიტომ, რომ ეს შედეგი დადგა“.

ბერდია სიჭინავამ განაცხადა, რომ სამართალი ფაქტებს უნდა ეფუძნებოდეს და ჰიპოთეტურ დაშვებებზე და ფილოსოფიაზე სხვა სივრცეში შეიძლება იმსჯელონ.

დღეს, 19 ნოემბერს, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმის მე-16 სხდომაა გაიმართა.

ამ სხდომაზე მხარეები მსჯელობდნენ, შეიძლება თუ არა 2004-2012 წლებში მომხდარი დანაშაულები შეფასდეს როგორც „სისტემური და სისტემატური დარღვევები“ და თუ კი – არის თუ არა ეს საკმარისი საფუძველი 2026 წელს ოპოზიციური პარტიების ასაკრძალად.

მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ოპოზიციის რეიტინგი და პარტიების პასუხისმგებლობა - რაზე მსჯელობენ საკონსტიტუციოშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები