პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ძალადობაში ბრალდებული ცხოველთა მოყვარული 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

თბილისის მერია

ცხოველთა თავშესაფრის თანამშრომელზე ძალადობაში ბრალდებული დავით ზანდუკელი სასამართლომ 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. პროკურატურა 4000-ლარიან საპატიმრო გირაოს ითხოვდა, დაცვის მხარე კი დაკავების უკანონობაზე საუბრობს.

ძალადობაში ბრალდებული ცხოველთა მოყვარული 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
ნეტგაზეთი

ცხოველთა თავშესაფრის თანამშრომელზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ცხოველთა მოყვარულს, დავით ზანდუკელს, აღკვეთის ღონისძიების სახით 1000 ლარის ოდენობით არასაპატიმრო გირაო დააკისრეს და დარბაზიდან გაათავისუფლეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ დღეს, 19 ნოემბერს მიიღო.

პროკურორის თქმით, არსებობს მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების (მაგალითად და ხაზგასმით — მათთან გარიგების), მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. პროკურორმა საპატიმრო გირაო მოითხოვა, თან 4000 ლარის ოდენობით. ამ შემთხვევაში, ზანდუკელი გირაოს გადახდამდე პატიმრობაში დარჩებოდა.

ზანდუკელის ადვოკატებმა აღნიშნეს, რომ ზანდუკელის დაკავება საერთოდ არაკანონიერად მოხდა და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიება საერთოდ არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული. ალტერნატივის სახით, მაქსიმუმ „მინი გირაო“ შეიძლებოდა დაკისრებოდა 1000 ლარის ოდენობით.

ადვოკატების თქმით, ზანდუკელმა „შემთხვევის ადგილი“ მხოლოდ მას შემდეგ დატოვა, რაც თავშესაფრის თანამშრომლებმა მოუწოდეს, დაეტოვებინა და მისგან არანაირი მიმალვის საფრთხე არ არსებობს.

112-ში დაფიქსირებულია შეტყობინება 16 ნოემბერს 14:57-ზე, რომელიც საქმის მასალების მიხედვით, ასეთი დიალოგით სრულდება:

ოპერატორი: „რა სახის ძალადობაზეა ლაპარაკი?“

ზარის განმახორცელებელი: „სიტყვიერი შეურაცხყოფა.“

დაახლოებით 19:00 საათზე შედის უკვე დაზარალებულად ცნობილი პირის ზარი, რომელიც მიუთითებს, რომ ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი.

მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული აფიქსირებს, რომ ზანდუკელს არ იცნობდა, ხაზგასმით დაფიქსირებულია მისი გამოკითხვის ოქმებში არამარტო ზანდუკელის გვარ-სახელი, არამედ მისი დაბადების წელი და ანკეტური მონაცემები.

გამოძიება 17 ნოემბრამდე არ დაწყებულა. მიუხედავად იმისა, რომ 16 ნოემბერს 3 საათზე ყველა სახის ინფორმაცია არსებობდა. ადვოკატების თქმით, ეს იმიტომ მოხდა, რომ საქმისადმი სხვა სახის დაინტერესება არსებობს. ისინი ზანდუკელის დაკავებას უკავშირებენ კახა კალაძის ცოტა ხნით ადრე გაკეთებულ განცხადებას, რომ ცხოველთა უფლებადამცველების ნაწილი „წასაყვანი და დასაძინებელია“.

ამასთან, არ არსებობს სათვალთვალო კამერების ჩანაწერი, რომელიც დაადასტურებდა ბრალდების ვერსიას თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე თავშესაფარში მომხდართან დაკავშირებით. ცხოველთა მონიტორინგის საგენტო ამას იმით ხსნის, რომ 2026 წლის 12 ნოემბრიდან თავშესაფარს, მერიის დაქვემდებარებაში მყოფ სტრუქტურულ ერთეულს, ელექტროენერგია არ მიეწოდება და ამის გამო, არ არსებობს ჩანაწერი.

ბრალდების მტკიცებით, 16 ნოემბერს, დაახლოებით 15 საათზე, თბილისში, ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში უნებართვოდ შესვლას ცდილობდა დავით ზანდუკელი. დაცვის თანამშრომელმა მათ ტერიტორიაზე შესვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა, რა დროსაც დავით ზანდუკელმა მასზე ფიზიკურად იძალადა, თავის არეში ხელი ჩაარტყა, რის შედეგადაც დაზარალებულმა ედუარდ ჯაგიროვმა ძლიერი ტკივილი განიცადა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს — ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დავით ზანდუკელს ფულადი ჯარიმა ან 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ცხოველთა თავშესაფრის დაცვის თანამშრომელზე ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები