მარიამ ლაშხი დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის წიგნის პროექტთან დაკავშირებულ საინფორმაციო შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა
მარიამ ლაშხის განცხადებით, ერთობლივი ბრძანების საფუძველზე თითქმის ყველა სკოლაში ექიმის კაბინეტი ფუნქციონირებს და ტარდება „ექიმის საათი“. მან დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის წიგნის პროექტის მთელ საქართველოზე გაფართოების აუცილებლობაზე ისაუბრა.

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის წიგნის პროექტთან დაკავშირებულ საინფორმაციო შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა.
მარიამ ლაშხმა დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის წიგნის მნიშვნელობაზე, მის პრევენციულ და საგანმანათლებლო ფუნქციასა და პროექტის მთელი საქართველოს მასშტაბით გაფართოების აუცილებლობაზე ილაპარაკა.
მისი განცხადებით, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანების საფუძველზე, თითქმის ყველა სკოლაში ფუნქციონირებს ექიმის კაბინეტი და ტარდება „ექიმის საათი“. ერთობლივი ძალისხმევით ვმუშაობთ, რათა ზოგადი განათლების ეტაპზე კიდევ უფრო გაიზარდოს მოსწავლეთა ინფორმირებულობა ჯანმრთელობის საკითხებზე და გაძლიერდეს ექიმის როლი სასკოლო ცხოვრებაში“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იშიძუკა ჰიდეკიმ.
საინფორმაციო შეხვედრის მიზანს აჭარაში პროექტის საპილოტე დანერგვის შედეგების გაცნობა და დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სისტემის გაუმჯობესების კუთხით იაპონური გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარება წარმოადგენდა.
პროექტი - „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სფეროში უწყვეტი, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის წიგნის დანერგვის გზით“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ერთობლივი ინიციატივაა.
მისი მიზანია დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სფეროში მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და უწყვეტი ზრუნვის ხარისხის გაუმჯობესება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…