გურიაში ავტობანის ახალ მონაკვეთზე „ლოკალური დეფორმაციები“ გამოვლინდა
გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გურიაში, სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანის ახალ მონაკვეთზე ლოკალური დეფორმაციები გამოვლინდა. დაზიანებული საფარის აღსადგენად კმ30–კმ42 მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდა, ხოლო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია საკუთარი ხარჯით ჩაატარებს.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დაზიანებული საფარის აღსადგენად 21 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით, კმ30–კმ42 მონაკვეთზე მოძრაობა ორივე მიმართულებით დროებით შეიზღუდა.
უწყების ცნობით, დეფორმაციები ხიდებთან მისასვლელებზე გამოვლინდა. გზის საფარის აღდგენის სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია საკუთარი ხარჯით ჩაატარებს.
შეზღუდვის პერიოდში სამტრედია–გრიგოლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი ლესას სატრანსპორტო კვანძიდან გადაერთვება სამტრედია–ლანჩხუთი–გრიგოლეთის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე და ხაჯალიას სატრანსპორტო კვანძისა და ხაჯალია–სუფსის გზის გავლით განაგრძობს მოძრაობას გრიგოლეთის მიმართულებით. საპირისპირო მიმართულებით მოძრაობაც იმავე მარშრუტით განხორციელდება.
ივლისში გახსნილი მონაკვეთი
სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მესამე, 12-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა 2026 წლის ივლისში დასრულდა. მისი პირველი, ლანჩხუთი–ლესის 6-კილომეტრიანი ნაწილი 2025 წლის ბოლოს გაიხსნა, დარჩენილ 6 კილომეტრზე კი მოძრაობა 2026 წლის 18 ივლისს დაუშვეს.
პროექტის ფარგლებში აშენდა 12-კილომეტრიანი, ოთხზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, ექვსი სახიდე გადასასვლელი და ორი სატრანსპორტო კვანძი.
მონაკვეთის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტისა და ევროპის საინვესტიციო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში განხორციელდა. პროექტის ღირებულება 324.6 მლნ ლარი იყო.
სამტრედია–გრიგოლეთის 52-კილომეტრიანი მაგისტრალი ოთხ მონაკვეთად შენდება. ამ დროისთვის მოძრაობა სრულად გახსნილია მეორე, მესამე და მეოთხე მონაკვეთებზე. პირველი, 9.5-კილომეტრიანი მონაკვეთის დასრულება, სადაც 2023 წლის თებერვალში მშენებარე ხიდი ჩაინგრა, 2027 წელს იგეგმება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის მე-3 მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- ბათუმელებილანჩხუთში ავტობანის 2 თვის წინ გახსნილი მონაკვეთი დროებით ჩაიკეტა – ხიდებთან დეფორმაციებია
- TV პირველილოკალური დეფორმაციების გამო, ლანჩხუთში 2 თვის წინ გახსნილი ავტობანის მონაკვეთი დროებით ჩაიკეტა
- ალიალოკალური დეფორმაციების გამო, ლანჩხუთში 2 თვის წინ გახსნილი ავტობანის მონაკვეთი დროებით ჩაიკეტა
- რუსთავი 2სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის მე-3 მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.