ტაი ჩუნიუნგი – ჩინეთი მზადაა, ითანამშრომლოს საქართველოსთან და დერეფნის გასწვრივ მდებარე სხვა ქვეყნებთან, რათა აღმოფხვრას შეფერხებები და გააძლიეროს დერეფნის საერთო კონკურენტუნარიანობა
ტაი ჩუნიუნგის განცხადებით, საქართველო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში 7 მილიარდი დოლარის ჩადებას გეგმავს, ხოლო ჩინეთი მზადაა ქვეყანასთან ითანამშრომლოს დერეფნის კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად.

საქართველომ შეიმუშავა სატრანსპორტო სექტორის ათწლიანი განვითარების გეგმა. 7 მილიარდი დოლარი ჩაიდება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, მათ შორის პორტებში, რკინიგზაში, გზებსა და აეროპორტებში, რაც მიზნად ისახავს ქვეყნის საზღვაო და რკინიგზის ტრანსპორტის შესაძლებლობების გაორმაგებას და აეროპორტის ინფრასტრუქტურის მთლიანი შესაძლებლობების გასამმაგებას, – ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის საელჩოს დროებითმა საქმეთა რწმუნებულმა, ტაი ჩუნიუნგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ჩუნიუნგმა აღნიშნა, ჩინეთი მზადაა, ითანამშრომლოს საქართველოსთან და დერეფნის გასწვრივ მდებარე სხვა ქვეყნებთან.
„საქართველო და დერეფნის გასწვრივ მდებარე სხვა ქვეყნები მუშაობენ ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით. ისინი ავითარებენ „საზღვაო ერთი ფანჯრის“ სისტემას, ხელს უწყობენ საგზაო ტრანსპორტისთვის ელექტრონული ნებართვების სისტემის დანერგვას და ცდილობენ, გააუმჯობესონ ტრანსსასაზღვრო მონაცემთა გაცვლა. ჩინეთს გააჩნია მსოფლიოში წამყვანი საინჟინრო, სამშენებლო და ოპერაციული მართვის შესაძლებლობები რკინიგზის, პორტების, აეროპორტების და ციფრული ინფრასტრუქტურის სფეროებში. მას გააჩნია ყოვლისმომცველი ინდუსტრიული კომპეტენცია, რომელიც მოიცავს დაგეგმვასა და პროექტირებას, ინვესტიციებსა და დაფინანსებას, მშენებლობას, ჭკვიან მართვასა და ტექნიკურ მომსახურებას. ჩინეთი მზადაა, ითანამშრომლოს საქართველოსთან და დერეფნის გასწვრივ მდებარე სხვა ქვეყნებთან, რათა აღმოფხვრას შეფერხებები, გააძლიეროს დერეფნის საერთო კონკურენტუნარიანობა და შეიქმნას უსაფრთხო, ეფექტური, „ჭკვიანი“ და ეკოლოგიურად სუფთა სამაგალითო მარშრუტი აზიასა და ევროპას შორის კავშირების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა ჩინეთის საელჩოს დროებითმა საქმეთა რწმუნებულმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…