"საქართველოს ნაკრები კარგად გამოიყურებოდა" - რა თქვა ზაბარნიმ გუშინდელი მატჩის შემდეგ
ერთა ლიგის მატჩის შემდეგ უკრაინის ნაკრების მცველმა ილია ზაბარნიმ განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებმა საგოლე მომენტები შექმნა და კარგად გამოიყურებოდა. უკრაინამ საქართველო 1:0 დაამარცხა, რის შედეგადაც საქართველოს ნაკრები ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა.

ერთა ლიგის B დივიზიონის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები უკრაინასთან 0:1 დამარცხდა და ჯგუფი მოუგებლადა და გოლის გაუტანლად 2 ქულით ბოლო ადგილზე დაასრულა, რის გამოც B დივიზიონში დასარჩენად, C დივიზიონის ერთ-ერთ მეორეადგილოსანთან მოუწევთ დაპირისპირება.
მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი უკრაინის ნაკრების მცველმა და პსჟ-ში ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელმა ილია ზაბარნიმ გააკეთა. მისი თქმით, მათთვის ყველაფერი კარგად დასრულდა, თუმცა თამაში სხვა სცენარითაც შეიძლებოდა წასულიყო.
"გამარჯვება ძალიან რთული გამოდგა. ნებისმიერ მეტოქესთან თამაში რთულია. საქართველოს ნაკრებმაც შექმნა საგოლე მომენტები და კარგად გამოიყურებოდა. იყო ეპიზოდები, როდესაც დმიტრო რიზნიკი დაგვეხმარა, გოლის გაშვებაც შეგვეძლო. ამიტომ, მიხარია, რომ ყველაფერი ასე დასრულდა. თუმცა, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, წინ უნდა ვიაროთ.
მოედნის ცენტრალურ ნაწილში გაზონი არცთუ ისე კარგი ხარისხის იყო, ამიტომ რისკს მოვერიდეთ და ძირითადად ფლანგებიდან ვუტევდით. სწრაფი გოლი გავიტანეთ, რის შემდეგაც უფრო ფრთხილად თამაში გვმართებდა, რადგან ყველას ესმის, თუ გოლს გაუშვებ, შემდეგ დაბრუნება ძალიან რთულია. ასე რომ, დღეს კარგად ვითამაშეთ.
ვფიქრობ, წინა მატჩის მსგავსად, დღესაც მაქსიმუმი გავიღეთ და გამარჯვებისთვის ყველაფერი გავაკეთეთ. წინა შეხვედრა წავაგეთ, ახლა კი გავიმარჯვეთ - სულ ეს არის.
რა თქმა უნდა, გამარჯვება სასიამოვნოა და ჩვენც სწორედ ამისკენ ვისწრაფვით. გვსურს, ყველა მატჩი მოვიგოთ, თუმცა ჯერ კიდევ არის ხარვეზები, რომლებზეც უნდა ვიმუშაოთ. ვსწავლობთ და წინსვლა უნდა განვაგრძოთ. ვფიქრობ, წინ კიდევ რთული მატჩები გველის. ეს ყველას კარგად ესმის, თუმცა საჭიროა მეტი მონდომება, შესაძლოა, მეტი ნებისყოფაც, და, რა თქმა უნდა, თამაშის ხარისხის გაუმჯობესება.
სინამდვილეში, ბურთს უკვე კარგად ვაკონტროლებთ, თუმცა მეტი უნდა ვიმუშაოთ მოედნის ბოლო მესამედში, რათა მეტი საგოლე მომენტი შევქმნათ.
არ ვიცი, ზუსტად რა დრო დაგვჭირდება. ეს ეროვნული ნაკრებია, სადაც დრო ძალიან სწრაფად გადის. ჩამოდიხარ, გაქვს 3-4 დღე ინფორმაციის მისაღებად, ადაპტაციისთვის, მთავარი მწვრთნელის ხედვისა და იდეების გასაგებად. გულწრფელად რომ ვთქვა, ჩემი აზრით, შეუძლებელია მოხვიდე და გუნდი რადიკალურად შეცვალო. ეს გამორიცხულია. თუმცა, ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივიწევთ და ეს არის მთავარი", - თქვა ზაბარნიმ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…