შალვა პაპუაშვილი „ლელოზე“: ტყუილს მართლა მოკლე ფეხები აქვს. ეს არის თაღლითების მიერ, თაღლითური მიზნით შექმნილი პარტია
შალვა პაპუაშვილი „ლელოს“ „თაღლითების მიერ, თაღლითური მიზნით შექმნილ პარტიას“ უწოდებს და ამტკიცებს, რომ მის დამფუძნებლებს მოქალაქეების ჯიბიდან 1,5 მილიარდის ამოღება სურდათ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარტია „ლელოს“ წევრის, ირაკლი კუპრაძის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტია წარსულში როგორც რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, ისე უკრაინაში მოხალისე მებრძოლების გაგზავნას უჭერდა მხარს.
პაპუაშვილის თქმით, კუპრაძემ თავის პასუხში მხოლოდ მოხალისეების გაგზავნის მოთხოვნა უარყო, ხოლო სანქციების საკითხს გვერდი აუარა, რაც, პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ადასტურებს, რომ „ლელო“ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვდა. მანვე აღნიშნა, რომ ეს პუნქტი პარტიის 2024 წლის საარჩევნო პროგრამის ნაწილიც იყო.
„საბედნიეროდ, ციფრული არქივი უფრო მდგრადი და მყარია და ჩვენი უახლესი ისტორია ასე ადვილად ვერ წაიშლება. ყველას გვახსოვს პარლამენტის წინ რადიკალური ოპოზიციის მიტინგები, რომელსაც ორი მოთხოვნა ჰქონდა - სანქციების დაწესება და უკრაინაში მოხალისე მებრძოლების გაგზავნა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მან ასევე გაიხსენა ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადება აქციაზე და უკრაინის პრემიერ-მინისტრის ქართულენოვანი მიმართვა, რის შემდეგაც, პაპუაშვილის მტკიცებით, პარლამენტის სხდომაზე „ლელოს“ წარმომადგენლებმა მოხალისეების გაფრენის ნებართვის მოთხოვნა გაიზიარეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ „ლელოს“ შექმნის მიზნებზეც ისაუბრა და მათ „თაღლითური“ უწოდა.
„ტყუილს მართლა მოკლე ფეხები აქვს და რაც შეეხება „ლელოს“, რას უნდა ველოდოთ მათგან? ეს არის თაღლითების მიერ, თაღლითური მიზნით შექმნილი პარტია. ვინაიდან ანაკლიის პორტი თავისი თაღლითობისთვის უნდოდათ, არ გამოუვიდათ და სახელმწიფომ აღარ მისცა მისი გაგრძელების საშუალება, უნდოდათ საქართველოს მოსახლეობის ჯიბიდან 1,5 მილიარდის ამოღება. ეს იყო ამ პარტიის შექმნის მთელი მიზანი, რომ შეექმნათ პოლიტიკური შლეიფი მათი სარჩელისთვის, რომელიც ჯერ ქართულ სასამართლოში აწარმოეს, დამარცხდნენ და ბოლოს საერთაშორისო არბიტრაჟებში ყველგან დამარცხდნენ და ყველამ ამხილა, რომ ეს იყო გამოგონილი, თაღლითური სარჩელი, იმისთვის, რომ 1,5 მილიარდი ამოეღოთ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს საქართველოს მოქალაქეების ჯიბიდან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…