თეა ახვლედიანმა გორში "სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლის" მორიგი ტრენინგ-სემინარი გახსნა
გორში „სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლის“ ტრენინგ-სემინარი გაიხსნა, სადაც სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ახალგაზრდებს სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო პოლიტიკა გააცნო.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ქალაქ გორში „სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლის“ მორიგი კულტურულ-საგანმანათლებლო ტრენინგ-სემინარი გახსნა, რომელიც ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.
„სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლა“ სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით დაარსდა და ხელს უწყობს ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, კულტურათაშორისი დიალოგის გაძლიერებასა და საერთო სამოქალაქო ღირებულებებზე დაფუძნებული ურთიერთობების განვითარებას.
ტრენინგ-სემინარში ამჯერად მონაწილეობენ ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები, მათ შორის მუნიციპალური ახალგაზრდული საბჭოების წევრები და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები.
სახელმწიფო მინისტრმა მონაწილეებს გააცნო სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მიმდინარეობა, მიღწეული შედეგები, სამომავლო პრიორიტეტები და გეგმები. ყურადღება გამახვილდა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის განათლების, პროფესიული განვითარებისა და დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებაზე, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობაზე.
„ინტეგრაციის სკოლის პლატფორმა უკვე რამდენიმე წელია აერთიანებს განსხვავებული ეთნო-კულტურული კუთვნილების ახალგაზრდებს და ჩამოყალიბდა სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში მათი ჩართულობის გაძლიერების მნიშვნელოვან და ეფექტურ მექანიზმად. სამდღიანი სემინარის ფარგლებში ისინი გაეცნობიან სახელმწიფო პოლიტიკის პრინციპებსა და პრიორიტეტებს, საქართველოს ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების ისტორიულ ასპექტებს და თანამედროვე მექანიზმებს. ამასთანავე ექნებათ შესაძლებლობა გაიღრმაონ ცნობიერება აქტუალურ საკითხებზე, მიიღონ ინფორმაცია მათთვის გახსნილი შესაძლებლობების თაობაზე, რათა უფრო აქტიურად ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების პროცესში,“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
ღონისძიების ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრისა და ახალგაზრდების უშუალო დიალოგი გაიმართა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ კითხვები, გაეზიარებინათ თავიანთი გამოცდილება და გამოეთქვათ მოსაზრებები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შიდა ქართლის მხარის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი და გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე
სემინარის პროგრამა აერთიანებს საგანმანათლებლო და პრაქტიკულ აქტივობებს, ინტერაქციულ დისკუსიებსა და სამუშაო შეხვედრებს. მოწვეულ ექსპერტებსა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად ახალგაზრდები განიხილავენ სამოქალაქო თანასწორობის, ადამიანის უფლებების, მედიაწიგნიერებისა და ციფრული მოქალაქეობის საკითხებს. პროგრამა ორიენტირებულია მონაწილეთა კრიტიკული აზროვნების, თანამშრომლობის, პასუხისმგებლობისა და ინკლუზიური ურთიერთობების განვითარებაზე.
„სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლა“ სახელმწიფო მინისტრის აპარატის მრავალწლიანი კულტურულ-საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელიც 2021 წლიდან ხორციელდება სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021–2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…