უკრაინა პარტნიორებისგან ისევ ითხოვს საჰაერო თავდაცვის საშუალებებით დახმარებას
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას კიდევ 40 F-16 და დამატებითი გამანადგურებლები სჭირდება, საჰაერო თავდაცვის საშუალებები კი საწყობებში არ უნდა იდოს და რუსული დარტყმებისგან თავდასაცავად უნდა გადაეცეს.

17 ნოემბერს, გვიან ღამით პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეაჯამა უკრაინის დასახმარებლად შექმნილი, რამშტაინის ფორმატის სახელით ცნობილი საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრა, რომელიც ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა. ეს ჯგუფი 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს.
ზელენსკიმ სხდომის მონაწილეებს ონლაინ მიმართა და განაცხადა, რომ უკრაინას სჭირდება კიდევ 40 ამერიკული გამანადგურებელი F-16, მუშაობენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ შვედური და ფრანგული გამანადგურებლები Gripen და Rafale და ევროპელ პარტნიორებს მოუწოდებენ უკრაინას დამატებით მისცენ ფრანგული Mirage-ები.
სხდომის შემდეგ, გვიან ღამით უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ „საჰაერო თავდაცვა ძირითადი პრიორიტეტი და დაცვის ალფა და ომეგაა“. ზელენსკის განცხადებით, რუსეთი უკრაინას მუდმივად უტევს რეაქტიული დრონებით, ფრთოსანი რაკეტებით და რაც ყველაზე სახიფათოა, ბალისტიკური რაკეტებით და ამ ყველაფრისგან დაცვა სჭირდებათ.
უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მსოფლიოში საკმარისადაა დრონებისა და რაკეტების გზად დამჭერი საშუალებები, რომლებიც საწყობებში არ უნდა იდოს და ეს საშუალებები უკრაინას უნდა ჰქონდეს რუსეთის დარტყმებისგან ქალაქებისა და სოფლების დასაცავად და ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…