თორნიკე ჭეიშვილი - რჩება განცდა, რომ მოპასუხე მხარის წარმომადგენლებს მარათონი აქვთ გამართული, რომელი უფრო აბსურდულ განცხადებას გააკეთებს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე და რაც მთავარია, რომელი იტყვის უფრო დიდ ტყუილს
თორნიკე ჭეიშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მოპასუხე მხარეს აბსურდული განცხადებებისა და სიცრუის ტირაჟირების მარათონი აქვს გამართული. მისი მტკიცებით, ოპოზიცია 2024 წლის არჩევნების ლეგიტიმაციას უარყოფს, თუმცა 2025 წლის შედეგებზე პრეტენზია არ გამოუთქვამს.

რჩება განცდა, რომ მოპასუხე მხარის წარმომადგენლებს მარათონი აქვთ გამართული იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი უფრო აბსურდულ განცხადებას გააკეთებს სასამართლოს სხდომის დარბაზში და რაც მთავარია, რომელი იტყვის უფრო დიდ ტყუილს, რომელი იკადრებს უფრო დიდ სიცრუეს, რომლის ტირაჟირებასაც ასე უხვად ახდენენ სხდომის მიმდინარეობის დროს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის საქმეზე, დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, „ლელო - ძლიერ საქართველოსა“ და „გახარია - საქართველოსთვის“ წევრები „ერთი მხრივ ამბობენ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს არ აღიარებენ და პარლამენტის ლეგიტიმაციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ, ამ დროს კი არ აქვთ არავითარი პრეტენზია 2025 წლის საარჩევნო შედეგებთან დაკავშირებით“.
„დღეს ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება წამოცდენა, შეიძლება განცხადება, „ლელოს“ წარმომადგენლის, რომ ისინი აღიარებენ 2025 წლის არჩევნებს. თუ ერთი მხრივ ისინი აღიარებენ 2025 წლის არჩევნებს, გავიხსენოთ, რამდენი ხმა მიიღო „ქართულმა ოცნებამ“, ეს იყო დაახლოებით 1 106 000 ხმა, ამავდროულად, გავავლოთ პარალელი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო დაახლოებით 1 120 000 ხმა.
ახლა შევხედოთ თუნდაც „ლელოს“ მიერ ნაჩვენებ შედეგს ორივე არჩევნებში, 2025 წლის არჩევნებში მათ მიიღეს დაახლოებით ორჯერ ნაკლები ხმა, ვიდრე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჰქონდათ. ხოლო მეორე პარტიამ, რომელიც ასევე დღეს მოპასუხის რანგშია წარმოდგენილი და მონაწილეობდა თვითმმართველობის არჩევნებში [„გახარიას პარტია“] მიიღო დაახლოებით სამჯერ უფრო ნაკლები ხმა და ელექტორალური მხარდაჭერა.
ანუ რა გამოდის? ისინი ერთი მხრივ ამბობენ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს არ აღიარებენ და პარლამენტის ლეგიტიმაციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ, ამ დროს კი არ აქვთ არავითარი პრეტენზია 2025 წლის საარჩევნო შედეგებთან დაკავშირებით, რომელმაც ჩვენს შემთხვევაში, ფაქტობრივად, გაიმეორა 2024 წელს ნაჩვენები შედეგი. დასკვნები უკვე თავისთავად ძალიან მარტივია“,- განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…