საქართველოს პარტნიორობა ჩინეთთან მიმართული არაა რომელიმე მესამე ქვეყნის ან გაერთიანების წინააღმდეგ - ირაკლი ქადაგიშვილი
ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს პარტნიორობა ჩინეთთან არცერთი მესამე მხარის წინააღმდეგ არაა მიმართული და ევროკავშირს აკრიტიკებს, რომ მან დაკავშირებადობის საკითხებზე მსჯელობაზე საქართველო არ მიიწვია და ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს აყენებს წინ.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საქართველოს პარტნიორობა ჩინეთთან მიმართული არ არის რომელიმე მესამე ქვეყნის ან გაერთიანების წინააღმდეგ.
როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა "დებატების" ეთერში განმარტა, ევროკავშირს გლობალური ეკონომიკის საკითხებში, რომლის მთავარი თემა დაკაშირებადობაა, საბოლოო ჯამში, კარგად ჩამოყალიბებული დამოკიდებულება არ აქვს და ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს აყენებს წინ.
"ჩვენი პარტნიორობა ჩინეთთან არ არის მიმართული რომელიმე მესამე ქვეყნის ან გაერთიანების წინააღმდეგ. ეს არის ამოსავალი წერტილი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პოზიციას დავიცავთ ყველგან და ყოველთვის. ჩვენ ახლა ვუყურებთ, რომ ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობა გარკვეულ, ერთგვარ ჩიხურ მდგომარეობაში არის შესული.
აი, ახლაც, მაგალითად, სატრანზიტო საკითხებზე ან დაკავშირებადობის საკითხზე უნდა იყოს ხვალ მსჯელობა და, პრინციპში, საქართველო არ მიიწვიეს, ხომ? ანუ ეს გვიჩვენებს, რომ ამ შემთხვევაში ევროკავშირს არ აქვს საბოლოო ჯამში ჯერ კარგად ჩამოყალიბებული თვითონ დამოკიდებულება, შუა დერეფანი როგორ უნდა იქნას ათვისებული და გამოყენებული.
თან რაღაცნაირად, ვიწრო პოლიტიკური ინტერესი უფრო წინ მოდის ხოლმე, ვიდრე ის გლობალური ხედვა, რომელზეც ახლა ექსპერტები საუბრობდნენ. თითქოს სამეზობლოშიც უნდათ, რომ ცუდი ურთიერთობის ტონი დაამკვიდრონ. სომხეთის და აზერბაიჯანის მინისტრი არის მიწვეული და შენ გეუბნებიან, რომელიც, ასე ვთქვათ, ძირითადი კომპონენტი ხარ ამ დაკავშირებადობის კუთხით, რომ შენ ელჩის დონეზე თუ მოხვალ კი ბატონო, აგერ კორიდორში დაგსვამთ სადღაცო.
აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამ ვითარებაში ჩვენ ამ პოლიტიკის განვითარება გავაგრძელოთ. დღეს კომენტარში ვამბობდი, რომ ერთი რამეა გასათვალისწინებელი. ჩვენ ვიყავით ის ქვეყანა, რომელმაც ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში სწორედ კასპიის გარშემო არსებული რესურსების ტრანსპორტირების მთელი ეს დიდი პროექტი უზრუნველვყავით და ეს რესურსები დასავლეთში მოხვდა.
ეს საქართველოს ძალიან მძიმე ფასად დაუჯდა. არ იყო მარტივად. რუსეთისგან იყო უდიდესი წნეხი, ზეწოლა და მთელი რიგი გართულებები, რაც ჩვენ რუსეთის ფედერაციასთან გვქონდა და გვაქვს ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, მიზეზი სწორედ ესეც გახლდათ როდესაც საქართველომ გააჩინა ალტერნატივა ცენტრალური აზიისათვის, კასპიის აუზისათვის ევროპის მიმართულებით. ახლა რაღაცნაირად ისე დაივიწყეს ეს ისტორია და ისე უნდათ, რომ რაღაცა მოკლე, წარუმატებელ პოლიტიკურ, მათ მხრიდან არჩევნებში ჩარევის კუთხით, გადატრიალების ხაზით და რაღაცა, ასეთ, პატარა ვიწრო თემებს, რაღაცნაირად შესწირონ ეს დიდი გლობალური ინტერესები.
აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დროებითი მოვლენებია, მაგრამ ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ამ გლობალური ეკონომიკის საჭიროებებზე და გლობალური ეკონომიკა ეს არის დაკავშირებადობა პირველ რიგში - კაპიტალის, შრომითი რესურსის, ტვირთების მოძრაობა, ეს ის საკითხებია, რომელიც მუდმივად იქნება.
თუ ეს არ იქნება მუდმივად, ნიშნავს, რომ კაცობრიობა განვითარების კოლაფსშია და ხდება ფრაგმენტაცია და ჩამოშლა ყველა იმ ტექნოლოგიური თუ სხვა მიღწევისა, რომელიც კაცობრიობას აქვს მიღწეული", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…