"მოგეხსენებათ, ჩინეთის სახელმწიფო მოწყობის სპეციფიკა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მმართველ პარტიასთან გვქონდეს ჩამოყალიბებული პოლიტიკური ურთიერთობა" - ირაკლი ქადაგიშვილი
ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ჩინეთის სახელმწიფო მოწყობიდან გამომდინარე, აუცილებელია მმართველ პარტიასთან მჭიდრო ურთიერთობა, რაც თანამშრომლობას ყველა სფეროში შეუწყობს ხელს.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილმა. "რუსთავი 2"-ის გადაცემა "დებატებში" საპარლამენტო დელეგაციის ჩინეთში ვიზიტის შედეგები შეაჯამა და გამართული შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ჩინეთის სახელმწიფო მოწყობის სპეციფიკიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მმართველ პარტიასთან საქართველოს ქონდეს ჩამოყალიბებული პოლიტიკური ურთიერთობა. მისი თქმით, ეს ხელს უწყობს შემდგომ ყველა იმ ურთიერთობებს ნებისმიერ სფეროში, რაც ორი ქვეყნის თანამშრომლობის ინტერესებში შედის.
"უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი შეხვედრა. ჩვენ გვქონდა შეხვედრა ჩინეთის მმართველი პარტიის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან. მოგეხსენებათ, ჩინეთის სახელმწიფო მოწყობის სპეციფიკა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მმართველ პარტიასთან გვქონდეს ჩამოყალიბებული პოლიტიკური ურთიერთობა. ეს ხელს უწყობს შემდგომ ყველა იმ ურთიერთობებს - ეკონომიკაში, განათლებაში, ნებისმიერ სფეროში, რაც ჩვენი ქვეყნის და ჩინეთთან თანამშრომლობის ინტერესებში შედის. ამავდროულად, რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა შეხვედრა პარლამენტში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კრების თავმჯდომარის მოადგილესთან, სადაც საპარლამენტო თანამშრომლობაზე და ურთიერთობაზე ვისაუბრეთ და გვქონდა საინტერესო შეხვედრა, მათ შორის ჩინეთის უცხო ენათა შემსწავლელ უნივერსიტეტში. ეს არის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ამ უნივერსიტეტში ხდება ასი უცხოური ენის შესწავლა. ეს არ არის მხოლოდ ენის შესწავლა. აქ ხდება ენასთან ერთად იმ ენასთან დაკავშირებული კულტურის, იმ ერის ისტორიის, სოციალური ყოფის, პოლიტიკის შესწავლა, ანუ ფაქტობრივად ამზადებს ჩინეთისათვის იმ დიდ დიპლომატიურ და სახელმწიფო კადრებს.
აქ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თოთხმეტი სტუდენტი არის, ვინც დღეს უკვე მეორეკურსელები არიან, ჩინელი ახალგაზრდები, რომლებიც სწავლობენ ქართულ ენას და მოგვიწყვეს შეხვედრა შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" წარმოდგენით. იყო შეხვედრა ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან, იყო შეხვედრა ქალთა ორგანიზაციასთან და იყო შეხვედრა ჩინეთის ერთ-ერთ მაღალტექნოლოგიურ ქალაქში, გუანჯოუში, სადაც ჩვენ ვნახეთ თანამედროვე ჩინეთის მიღწევები, როგორც სოციალურ სფეროში, ასევე ის მაღალი ტექნოლოგიები, რითაც დღეს ყველამ ვიცით, რომ ჩინეთი არის ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფო." - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…