ფიქრია ჩიხრაძე - მეუფე იობი მთის კაცია, „იობის მოთმინებით“ არის აღჭურვილი, მაგრამ პირდაპირობა ახასიათებს, მის მიმართ კამპანია ერთი დირიჟორის ხელით მიმდინარეობს - ეკლესიას უთხრეს: „დამთავრდა დრო, როცა თქვენს მოსაზრებებს ვითვალისწინებდით - არ გვაინტერესებს“
ფიქრია ჩიხრაძე აცხადებს, რომ მეუფე იობის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანია ხელისუფლების მხრიდან „ერთი დირიჟორის ხელით“ მიმდინარეობს. მისი თქმით, მთავრობამ ეკლესიას აგრძნობინა, რომ მის მოსაზრებებს აღარ ითვალისწინებს.

„ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ფიქრია ჩიხრაძე რუის - ურბნისის მიტროპოლიტის, მეუფე იობის ბოლო ქადაგებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მღვდელმთავრის პირდაპირობა მოულოდნელი არ ყოფილა.
ჩიხრაძის შეფასებით, ქვეყანაში დაგროვილი მწვავე პრობლემების ფონზე, სასულიერო პირის მხრიდან ამბიონიდან ხმამაღლა საუბარი ბუნებრივია.
ოპოზიციონერის თქმით, მეუფე იობი არის „მთის კაცი“, რომელსაც „იობის მოთმინებასთან“ ერთად პირდაპირობა ახასიათებს და პოლიტიკოსს მაგალითად მოჰყავს წინა ხელისუფლების პერიოდში მისი პოზიციები.
ფიქრია ჩიხრაძე ფიქრობს, რომ მეუფე იობის ირგლივ განვითარებული დისკრედიტაციის კამპანია ძალიან მძიმეა და მაშინ, როცა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „ჩვენ არ ვერევით ეკლესიასთან პოლემიკაში“, პარალელურად, სწორედ მათი წარმომადგენლები მუშაობენ დისკრედიტაციის კამპანიაზე. ოპოზიციონერი აღნიშნავს, რომ პროცესი სწორედ „ერთი დირიჟორის ხელის აქნევით“ მიმდინარეობს.
„იყო თუ არა მოულოდნელი მეუფე იობის გამოსვლა? ერთის მხრივ შეიძლება იყო, თან - არ იყო. ვინც იცნობს მეუფე იობს, მან იცის, რომ ის მთის კაცია. მას აქვს ბევრი მოთმინება, ისეთი სახელი ჰქვია, „იობის მოთმინებით“ არის აღჭურვილი, მას ასევე, ახასიათებს პირდაპირობა. ვისაც ახსოვს წინა ხელისუფლების ბოლო პერიოდი, გაახსნებდება, როგორი მწვავე და მკაფიო პოზიცია ჰქონდა მეუფეს, მიუხედავად იმისა, რომ საქრთველოს საპატრიარქოს, მართლმადიდებელ ეკლესიას ასე გაცხადებული თავისი პოზიცია ძველ ხელუსლფებასთან და მაშინდელ ოპოზიციასთან მიმართებაში არ ჰქონდა. აქედან გამომდინარე, [მეუფე იობის განცხადება] არ უნდა იყოს გასაკვირი, რადგან იმდენი პრობლემაა დაგროვილი, შეუძლებელია, რომ სასულიერო პირი საკუთარი მრევლის, საკუთარი შვილების ქვეყნის გასაჭირს ვერ ხედავდეს. ამაზე საჭიროდ თვლის, თუ არ თვლის ამბიონიდან საუბარს, ეს სხვა თემაა. მეუფე იობმა ჩათვალა, რომ საჭროა ამ თემებზე ხმამაღლა საუბარი. რომელი თემა არ არის მტკივნეული და უკიდურეს ზღვრამდე მისული, რომელზეც მეუფე იობმა ისაუბრა?“, - განაცხადა ჩიხრაძემ.
ფიქრია ჩიხრაძე ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო პერიოდის კანონებით, მათ შორის აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული ინიციატივებით და შედეგებით, ეკლესიას უთხრა, რომ მისი პოზიცია აღარ იქნება გათვალისწინებული.
„ეკლესიას უთხრეს, რომ „დამთავრდა ის დრო, როდესაც ჩვენ თქვენს მოსაზრებებს რაღაცებში ვითვალისწინებდით“ - ანუ, „ჩვენ აღარ ვითვალისწინებთ აღარავის, აღარ ვითვალისწინებთ უპირველეს ყოვლისა საკუთარი მოქალაქეების, მოსახლეობის აზრს - არ გვაინტერესებს“, - აცხადებს ჩიხრაძე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…